მთავარიაზიაღაზაპალესტინელები დაზიანებული და განადგურებული ისტორიული ძეგლების გადარჩენას ცდილობენ

პალესტინელები დაზიანებული და განადგურებული ისტორიული ძეგლების გადარჩენას ცდილობენ

ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები განიხილავენ, როგორ გადაარჩინონ თავიანთი ისტორიული მონუმენტები, რომლებიც ისრაელის საომარი მოქმედების შედეგად დაზიანდა ან განადგურდა.

ასევე წაშლილია იმ ტერიტორიის მემკვიდრეობის ნაწილი, რომელსაც უძველესი დროიდან მოყოლებული მდიდარი ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, ღაზა ათასობით წლის განმავლობაში ეგვიპტესა და ლევანტს შორის მთავარი სავაჭრო გზა იყო.

ეს ისტორიული ადგილები ორწლიანი ომის დროს ისრაელის დარტყმების შედეგად  უმეტესწილად ნანგრევებად არის ქცეული, როგორც მთლიანად ღაზის სექტორი.

ახლა კი, როდესაც მასშტაბური სამხედრო ოპერაციები ცეცხლის შეწყვეტის  მყიფე შეთანხმების შედეგად შეჩერებულია, პალესტინელებს უფრო მკაფიო წარმოდგენა ექმნებათ მიყენებული ზიანისა და ზარალის შესახებ.

„ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც ღაზის სექტორში მიყენებული ზიანის შეფასებას ითვალისწინებს. 317-ზე მეტი არქეოლოგიური ძეგლი და შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. ამ ომის დროს განადგურებულ უმნიშვნელოვანეს ძეგლებს შორისაა ფაშას სასახლე, ომარის მეჩეთი, ჰამამ ალ-სუმარა, ქისარიას ბაზარი და ღაზის სექტორში არსებული მრავალი სხვა არქეოლოგიური ძეგლი და საზოგადოებრივი შენობა“. – ამბობს ღაზის სექტორის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ჰამუდა ალ-დოჰდარი.

ისრაელის სამხედროებმა „ჰამასი“ისტორიული ძეგლების, ასევე სამოქალაქო შენობების ქვეშ ან მათ მახლობლად  სამხედრო იბიექტების განთავსებაში დაადანაშაულეს.

„ომამდე ფაშას სასახლის მუზეუმსა და მის საცავებში 17 000-ზე მეტი არტეფაქტი ინახებოდა. მუზეუმის ტერიტორიის 70%-ზე მეტი განადგურდა და მხოლოდ 20 არტეფაქტი იქნა აღდგენილი და გადარჩენილი. დანარჩენის ბედი უცნობია“. – განაცხადა ღაზის სექტორის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტმა, ჰამუდა ალ-დოჰდარიმ.

იუნესკომ  სატელიტური ფოტოების გამოყენებითა და კულტურული ძეგლების წინასწარი და მიმდინარე შეფასების საფუძველზე  კონფლიქტის დაწყებიდან სულ მცირე 150 ობიექტის დაზიანება დაადასტურა.

იუნესკოს კულტურის სექტორისა და საგანგებო სიტუაციების დირექტორის, კრისტა პიკატის განცხადებით, მათ შორისაა  რელიგიური დანიშნულების ობიექტები, ისტორიული ძეგლები და არქეოლოგიური ადგილები.

„ჩვენ დავადასტურეთ 150 ობიექტის დაზიანება, რაც მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის, მაგალითად, რელიგიური დანიშნულების 14  ობიექტს, ისტორიულ ან მხატვრული მნიშვნელობის მქონე 115  შენობას, სამ საცავს, ერთ მუზეუმს, ცხრა ძეგლსა და რვა არქეოლოგიურ ადგილს. ყველა ობიექტი, ყველა კულტურული ძეგლი, რომლებიც დაზიანებულია, ან მიუწვდომელი  თუ დაკარგულია, უზარმაზარი დანაკარგია როგორც პალესტინელებისთვის, ისე ზოგადად კაცობრიობისთვის“. – განაცხადა იუნესკოს კულტურის სექტორისა და საგანგებო სიტუაციების დირექტორმა კრისტი პიკატმა.

პალესტინელებისთვის კულტურული ძეგლები ღაზის სულის სიმბულური გამოხატულებაა, ისინი შიშობენ, რომ ამ კულტურის წაშლის დიდი საფრთხეა, რადგან  ისრაელი ცდილობს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებასა და მათ განდევნას.

ისრაელელი სამხედროები  აცხადებენ, რომ ისინი ითვალისწინებენ კულტურული და რელიგიური ადგილების მნიშვნელობას და ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი. ისინი ამტკიცებენ, რომ  ტერიტორიაზე იერიშები საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით მიაქვთ.

აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, რომელმაც ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებები ძირითადად შეაჩერა, ღაზის აღდგენის ვადები არ არის გაწერილი.

ისრაელმა სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასის“  მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს დაახლოებით 1200 ადამიანი დახოცეს, 251 პირი კი მძევლად აიყვანეს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო შეტევის დროს 72 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და ათიათასობით პირი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend