უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სპორტსმენს, რომელიც ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებს ჩამოაშორეს, „თავისუფლების სახელმწიფო“ ორდენი გადაეცემა.
ვლადისლავ ჰერასკევიჩი, რომელმაც არ თქვა უარი უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებულ ომში დაღუპული სპორტსმენების ფოტოების ამსახველი „ხსოვნის ჩაფხუტით“ ასპარეზობაზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოეთიშა შეჯიბრს.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ვლადისლავ ჰერასკევიჩის წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ პატივს მიაგებს რუსული დარტყმების შედეგად დაღუპულ უკრაინელ ათლეტებს, არ არის დაკავშირებული არც ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებთან, არც სამართლიანობასთან და არც მშვიდობასთან. სპორტი არ უნდა არსებობდეს პატივისცემისა და ხსოვნის გარეშე.
უკრაინელები შეჯიბრებებისთვის ომის პირობებში ემზადებიან. და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება, ეს არ არის პოლიტიკა.
პოლიტიკაა, როდესაც რუსები სხვა პასპორტების მიღმა იმალებიან და ასე მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებაში. პოლიტიკაა, როდესაც რუსეთის დროშა ჯერ კიდევ წარმოდგენილია ოლიმპიადაზე. პოლიტიკაა, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეშინია სიმართლის და ამით თავად იწვევს ქაოსს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დისკვალიფიცირებული უკრაინელი სკელეტონისტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მას დიდი ხნის მთავარი სპორტული ოცნება დაუნგრიეს, თუმცა ამაყობს, რადგან მიეცა შესაძლებლობა ღირსეულად მიეგო პატივი დაღუპული უკრაინელი ათლეტებისთვის.
„დღეს ჩვენ გადავიხადეთ ფასი ჩვენი ღირსებისთვის. არ ვთვლი, რომ რაიმე წესი დავარღვიე. მე ვიცავდი უკრაინის ინტერესებს — არა მხოლოდ ქვეყნისას, არამედ სპორტსმენების ხსოვნასაც. მათ ეს დაიმსახურეს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სხვაგვარად ფიქრობს.
სრული უფლება გვქონდა, ჩაფხუტით გაგვეგრძელებინა ასპარეზობა ისევე, როგორც სხვა სპორტსმენებს, რომლებიც მსგავსად ასპარეზობდნენ ბოლო დღეების განმავლობაში ამ ოლიმპიურ თამაშებზე.
არ ამიხსნეს რუსული დროშის გამოყენების მიზეზი, რატომ არ იყო ამოქმედებული სანქციები და რატომ შეეძლო სხვას შეჯიბრში მონაწილეობის მიღება დაღუპული თანაგუნდელის ხსოვნის შესახებ გზავნილით — ჩვენ კი არა. თავიანთ წერილში მათ აღნიშნეს სიტყვები, სადაც მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ისინი ომის მსხვერპლნი არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გარკვევა უბრალოდ ჩაფხუტზე შეხედვით შეუძლებელია. ამ ჩაფხუტში ვერანაირ პოლიტიკურ ქვეწარმავალს ვერ ვხედავ და ვთვლი, რომ მაქვს უფლება, ვიასპარეზო.
მოვამზადებთ სარჩელს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის და განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი უფლებებისთვის. არ ვთვლი, რომ რაიმე წესი დავარღვიეთ“, — თქვა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
„ხსოვნის ჩაფხუტის“ დიზაინზე უკრაინელმა ხელოვანმა იმუშავა, რომელმაც ვლადისლავ ჰერასკევიჩს დაეხმარა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაში.
როგორც ამბობს, ასეთი კონცეფცია მისთვის უცხოა, რადგან მიჩვეულია ტოსკანურ პეიზაჟებსა და ნახატების შექმნას, რომლებიც იტალიის პატარა გალერეებშია გამოფენილი.
„გულწრფელი რომ ვიყო, როდესაც ეს ფოტოები მივიღე, ეს იყო ტკივილი — ტკივილი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ დავკარგეთ ოლიმპიური ჩემპიონები, მწვრთნელები, რომლებმაც ამ ჩემპიონების თაობა აღზარდეს.
სიმართლის ბოლომდე დაცვა გმირობის უდიდესი აქტია. მას შეეძლო უარი ეთქვა და ეთქვა: „კარგით, სხვა ჩაფხუტს დავიფარებ და მედლისთვის ვიბრძოლებ“, თუმცა ეს არ გააკეთა. ვფიქრობ, როდესაც ომი შორს არის, ადამიანები მას ეჩვევიან — მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. ჩვენ კი, ვინც ყოველდღიურ ბრძოლაში ვართ, გადარჩენისთვის ვიბრძვით. არ აქვს მნიშვნელობა, ფრონტის ხაზზე ვართ, ქალაქში, ბინაში, ველზე თუ სამსახურში — უკრაინაში ყველანი გადარჩენას ვცდილობთ.
სიბრაზის განცდა მქონდა, რადგან ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანებს არ უნდათ სიმართლის დანახვა. ოლიმპიური თამაშები ყოველთვის მშვიდობას უკავშირდებოდა. ეს იყო დრო, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ჩერდებოდა და სპორტსმენები არენაზე მედლებისთვის საბრძოლველად გამოდიოდნენ.
დღეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ, დავუკრათ ჰიმნები, ვიცეკვოთ და ვიმღეროთ მაშინ, როდესაც აქ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ბომბების ქვეშ ვცხოვრობთ და ამას არავინ აქცევს ყურადღებას“, — ამბობს ხელოვანი და „ხსოვნის ჩაფხუტის“ დიზაინის შემქმნელი ირინა პროცი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება უკრაინის ბიატლონის ფედერაცია და აცხადებს, რომ დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება არა პოლიტიკური პროპაგანდა ან დემონსტრაცია, არამედ მორალური ჟესტია.
უკრაინის სპორტის სამინისტროს თანახმად კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეპუტაციული ზიანი მიიყენა.

