მთავარიმსოფლიოGerald R. Ford-ის კლასის ამერიკული ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება

Gerald R. Ford-ის კლასის ამერიკული ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება

აშშ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს გზავნის — ამჯერად მსოფლიოში ყველაზე დიდი, USS Gerald R. Ford-ის კლასის. ეს ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც ბირთვული პროგრამის ირგვლივ აშშ-სა და ირანს შორის არსებობს.

სამხედრო ხომალდი ამჟამად კარიბის ზღვაში იმყოფება, სადაც იმ ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც თეთრმა სახლმა ერთი თვის წინ წამოიწყო ვენესუელელი ლიდერის, ნიკოლას მადუროს, დასაკავებლად და აშშ-ის ტერიტორიაზე გადასაყვანად.

უცნობია, ზუსტად როდის შეუერთდება ავიამზიდი Gerald R. Ford კიდევ ერთ ამერიკულ ავიამზიდს — Abraham Lincoln-ს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იანვრიდან იმყოფება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი იმუქრებოდა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯსაც კი განიხილავს, თუ მხარეები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მსგავსი შინაარსის კიდევ ერთი გაფრთხილება შტატებიდან თეირანმა ანტისამთავრობო აქციების დროს მიიღო, მოსახლეობის მასობრივი მკვლელობებისა და სიკვდილით დასჯის ფონზე.

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. გასულ კვირებში იყო დისკუსიები და მათი ანონსებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მხრიდან, თუმცა ეს ჯერჯერობით რეალობად არ ქცეულა. ცნობილია, რომ ბოლო დღეებში ირანის უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნები ომანსა და კატარში იმყოფებოდნენ, რომლებსაც პროცესში ერთგვარი მედიატორების ფუნქცია აქვთ. თეირანში აღნიშნეს, რომ იქიდან აშშ-ის მისამართით წერილი არ გაუგზავნიათ. ამგვარად, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.

ისრაელთან ერთად აშშ-ის მთავარი მოთხოვნა ირანის მიმართ არის ის, რომ ბირთვული პროგრამა არ განავითაროს და ურანი არ გაამდიდროს. ირანი კი ითხოვს უფლებას, შეინარჩუნოს ის, როგორც ბერკეტი. ჯერ კიდევ ოვალური კაბინეტის მაგიდაზე დევს სამხედრო პასუხიც, რომელმაც შესაძლოა რეგიონი ახალ კონფლიქტში გადაიზარდოს — რეგიონი, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის ორწლიანი დაპირისპირების მძიმე შედეგებს ჯერ ისევ ვერ უმკლავდება.

ავიამზიდების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის თაობაზე თეთრ სახლსა და პენტაგონს ჟურნალისტების კითხვებზე დაუყოვნებლივ არ უპასუხიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend