მთავარიაზიაირანიდონალდ ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას უახლოეს ერთ თვეში გეგმავს

დონალდ ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას უახლოეს ერთ თვეში გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება  კიდევ უფრო გართულდება.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანმა შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს.

ტრამპმა ოთხშაბათს თეთრ სახლში ნეთანიაჰუსთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართა. მან  პრემიერ-მინისტრს მოსთხოვა, გააგრძელოს ირანთან მოლაპარაკებები.

ამასთან, ნეთანიაჰუ თავის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში  გააძლიეროს თეირანზე ზეწოლა, რათა ირანმა შეამციროს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და შეწყვიტოს შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა.

ჟურნალისტი:

„გუშინ, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, შეიცვალა თუ არა თქვენი პოზიცია ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან ან ვადებთან დაკავშირებით?“

აშშ-ის პრეზიდნტი დონალდ ტრამპი:

„არა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ტრავმული იქნება. არ მინდა, ეს მოხდეს.  შეთანხმება აუცილებელია.

თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ სურათი შეიცვლება. გუშინ ბიბი ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა და მას ეს ესმის. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზეა დამოკიდებული.

თუ ირანთან შეთანხმება არ იქნება სამართლიანი, მათთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება.

ჟურნალისტი:

„აქვთ თუ არა კონკრეტული ვადა?“

აშშ-ის პრეზიდნტი დონალდ ტრამპი:

„ვფიქრობ, ერთი თვე, დაახლოებით ამ ვადაში უნდა გაირკვეს ყველაფერი. ეს არ უნდა გაჭიანურდეს. პრობლემა სწრაფად უნდა მოგვარდეს. მალე უნდა დასთანხმდნენ ჩვენს წინადადებას“.

ჟურნალისტი:

„რატომ სურს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რომ ირანთან მოლაპარაკებები შეწყვიტოთ?“

აშშ-ის პრეზიდნტი დონალდ ტრამპი:

„თქვენ ამბობთ, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტას ითხოვს? ეს არ უთქვამს. ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს. მე მათთან ვისაუბრებ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას.

თუ ვერ შევძლებთ, მოგვიწევს მეორე ფაზაზე გადასვლა. მეორე ფაზა მათთვის ძალიან მძიმე იქნება. მე ამისკენ არ მივისწრაფვი“.

ჟურნალისტი:

„ბატონო პრეზიდენტო, ამ დროისთვის ღაზაში არც ერთი ისრაელელი მძევალი აღარ არის დარჩენილი. ამისთვის მადლობას გიხდით თქვენ. ახლა, როცა ომი ღაზასა და ისრაელში დასასრულს უახლოვდება, ფიქრობთ თუ არა, რომ ბიბი ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობა ეკისრება 7 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს უსაფრთხოების დაცვაზე?

აშშ-ის პრეზიდნტი დონალდ ტრამპი:

„7 ოქტომბერი ძალიან მძიმე დღე იყო. ასეთ დროს, თუ კარგად დააკვირდებით, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება ნაწილობრივ. ეს იყო საშინელი, მოულოდნელი და ძალადობრივი თავდასხმა.

ეს იყო სიურპრიზი. არავინ ელოდა. ვფიქრობ, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილას, ვერავინ განსაზღვრავდა ამას წინასწარ.

რაც შემიძლია, გითხრათ, ის არის, რომ ის ომის დროს ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო. ჩვენ მასთან კარგად ვიმუშავეთ. ირანთან დაკავშირებითაც დიდი წარმატება გვქონდა. მთლიანობაში ის მართლაც გამორჩეული ლიდერია და ომის პირობებში ეს მარტივი არ არის.

ამავე დროს, ისრაელს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც მას შეწყალებაზე უარს ეუბნება. ამ ადამიანს საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს. ისრაელის პრეზიდენტის მთავარი ძალაუფლება სწორედ შეწყალების მინიჭებაა. მან თქვა, რომ ეს ხუთჯერ გაუკეთებია, მაგრამ ახლა არ სურს, ალბათ იმიტომ, რომ ეშინია, ძალაუფლება არ დაკარგოს.

ვფიქრობ, ისრაელელმა ხალხმა ნამდვილად უნდა შეარცხვინოს იგი. ეს სამარცხვინოა.

რაც შეეხება ბიბის, ის ომის დროს  შესანიშნავი  პრემიერ-მინისტრი იყო.

მე ვიყავი და ვიქნები ისრაელის საუკეთესო მეგობარი, უპრეცედენტოდ საუკეთესო მეგობარი, რომელიც კი ოდესმე ჰყოლიათ და ეს ასე გაგრძელდება“.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ ირანთან შეთანხმება გაფორმდება, ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს ისრაელისთვის  მნიშვნელოვან პუნქტებს.

მისივე თქმით, მათ ღაზასა და მთლიანად რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ახლახან დავასრულე ვაშინგტონში გამართული მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი. შევხვდი ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ჩვენ შორის ძალიან მჭიდრო, გულწრფელი და ღია ურთიერთობა არსებობს. საუბარი არაერთ საკითხს შეეხო, თუმცა მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ირანელებმა უკვე კარგად გააცნობიერეს, ვისთან აქვთ საქმე. მისი აზრით, ის პირობები, რომლებსაც ქმნის, და ის ფაქტი, რომ ირანი, უდავოდ, აცნობიერებს წინა ჯერზე დაშვებულ შეცდომას, როცა შეთანხმებას არ დათანხმდა, შესაძლოა ხელსაყრელ გარემოს ქმნიდეს კარგი შეთანხმების მისაღწევად.

პრეზიდენტს ჩემი პოზიციის მოსმენაც სურდა. არ დაგიმალავთ, რომ ირანთან  შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმიც გამოვხატე. თუმცა აღვნიშნე, რომ თუ შეთანხმება მართლაც გაფორმდება, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს იმ ელემენტებს, რომლებიც ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ისრაელისთვის.

საქმე მხოლოდ ბირთვულ საკითხს არ ეხება. საუბარია ასევე ბალისტიკურ რაკეტებსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე. ამით, შეიძლება ითქვას, საუბარი ამოიწურა, თუმცა, რა თქმა უნდა, შევეხეთ ღაზას, მთლიან რეგიონსა და სხვა ზოგად საკითხებსაც“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ”.

ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის უკვე მეშვიდედ შედგა შეხვედრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend