მთავარიევროპარუსეთირუსეთში WhatsApp-ის მუშაობაც შეიზღუდა

რუსეთში WhatsApp-ის მუშაობაც შეიზღუდა

Telegram-ზე შეზღუდვების დაწესებიდან სულ რამდენიმე საათში რუსეთის ხელისუფლებამ ამჯერად ქვეყნის ტერიტორიაზე WhatsApp-ის „სრულად შეზღუდვაც“ გადაწყვიტა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმის აკრძალვით მოსკოვი ცდილობს სრულად გააკონტროლოს ინტერნეტში განთავსებული მასალები, რუსულ ტერიტორიაზე მყოფი მომხმარებლების სოციალური ცხოვრება და მათ შორის მიმოწერა.

„დღეს რუსეთის მთავრობამ სცადა WhatsApp-ის სრულად დაბლოკვა, რითაც აპირებს აიძულოს მოქალაქეები, გადავიდნენ სახელმწიფო, მიყურადებიდან დაუცველ აპლიკაციაზე. 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის იზოლირების მცდელობა, მათთვის პირადი და უსაფრთხო კომუნიკაციის უფლების გარეშე დატოვება — ეს არის ნაბიჯი, რომელსაც მხოლოდ შეუძლია რუსეთში მოქალაქეების უსაფრთხოების შემცირება. ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა მომხმარებლები დარჩნენ ხაზზე“, — დაწერა WhatsApp-მა პლატფორმა X-ზე.

რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად სოციალურ პლატფორმა MAX-ზე გადასვლისკენ მოქალაქეებს უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოუწოდებენ და ამ მიზნით ვიდეომიმართვების ჩაწერაც დაიწყეს. მათი თქმით, შეზღუდვები უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, რომელსაც კრემლი ოთხი წლის შემდეგაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

„მაღელვებს, რომ „ტელეგრამის“ არხების მუშაობის შეჩერება გავლენას იქონიებს თქვენთვის ოპერატიული ინფორმაციის მიღებაზე. ვითარების გაუარესების შემთხვევაში ჩვენ კი ფრონტის ხაზთან ვართ. ამიტომ მინდა გთხოვოთ, დარეგისტრირდეთ MAX-ის მესენჯერში ინფორმაციის მისაღებად, რომელიც თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოებას უკავშირდება“, — განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის მტკიცებით, MAX-ის აპლიკაცია ახლობლებთან ხაზზე დასარჩენად თუ ინფორმაციის მისაღებად ერთადერთი საშუალებაა, რაშიც მასაც და სხვა მაღალჩინოსნებსაც ექსპერტები ეთანხმებიან, თუმცა მიუთითებენ, რომ ამ აპლიკაციით მოსკოვი მომხმარებლებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების შემცველ ციფრულ პროდუქტს მიაწვდის.

„მხოლოდ მწუხარება შემიძლია გამოვთქვა. ამაში კარგი არაფერი არის, მაგრამ კანონი უნდა იყოს დაცული. „როსკომნადზორი“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ კომპანიები, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევიან, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები.

თუ კორპორაცია Meta შეასრულებს პირობებს და დაიწყებს დიალოგს რუსეთის ხელისუფლებასთან, ჩვენ გვექნება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. თუკი კორპორაცია კვლავ უკომპრომისო პოზიციას შეინარჩუნებს ან გვიჩვენებს, რომ არ არის მზად შეესაბამებოდეს რუსულ კანონმდებლობას, მაშინ მათ არანაირი შანსი არ აქვთ“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ტექნოლოგიური გიგანტის Meta-ს კუთვნილი სოციალური ქსელები რუსეთის ტერიტორიაზე 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიბლოკა, თუმცა Facebook და Instagram VPN-ის გამოყენებით ხელმისაწვდომი მაინც არის.

მოსკოვი Meta-ს კორპორაციისა და Telegram-ისგან მოითხოვს რუსი მომხმარებლების მონაცემთა თუ პირადი მიმოწერების შენახვას სამი წლის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში მათ გადაცემას სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის. სახელმწიფო სათათბირომ ეს ქვეყნის კანონმდებლობაში ჩაწერა და 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად აამოქმედა კიდეც.

სოციალური ქსელების დაბლოკვის პარალელურად მოსკოვმა გადაწყვიტა საკუთარი აპლიკაციის — MAX-ის — შექმნა. პლატფორმა წინასწარ არის ჩაწერილი ყველა იმ მობილურსა თუ პლანშეტში, რომელიც ქვეყანაში იყიდება, ხოლო რუსი სტუდენტების, მასწავლებლებისა და საჯარო სექტორში მომუშავეებისთვის მისი გამოყენება სავალდებულო გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend