მთავარიმსოფლიონეთანიაჰუ ტრამპს შეხვდა - ორი ქვეყნის ლიდერები მედიასთან არ გამოჩენილან

ნეთანიაჰუ ტრამპს შეხვდა – ორი ქვეყნის ლიდერები მედიასთან არ გამოჩენილან

დონალდ ტრამპი ოთხშაბათს თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის თითქმის სამ საათს გაგრძელდა, თუმცა ჟურნალისტებს ბენიამინ ნეთანიაჰუ არც თეთრ სახლში შესვლისას და არც მისი დატოვების შემდეგ არ უნახავთ. ორი ქვეყნის ლიდერებს მედიის კითხვებისთვის არ უპასუხიათ.

როგორც დონალდ ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს შეატყობინა, რომ, თუ ეს შესაძლებელი იქნება, უპირატესობას ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დადებას მიანიჭებს. „და თუ არ იქნება, ვნახავთ, როგორი იქნება შედეგი“, — დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ხაზი იმასაც გაუსვა, რომ შეთანხმების დადებაზე უარის თქმა ირანისთვის წინა ჯერზე კარგად არ დასრულდა. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ახლა ირანი მეტად გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახლახან დავასრულე. ძალიან კარგი იყო შეხვედრა — ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობა გრძელდება. საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება მოვითხოვე, რათა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. პრემიერ-მინისტრს ვაცნობე, რომ, თუ ეს შესაძლებელი იქნება, უპირატესობას ამ გზას მივანიჭებ. და თუ არ იქნება — მაშინ ვნახავთ, როგორი იქნება შედეგი. წინა ჯერზე, როცა ირანმა გადაწყვიტა, რომ შეთანხმების გარეშე საქმე უკეთ იქნებოდა, მათ „შუაღამის ურო“ მიიღეს. ეს მათთვის კარგად არ დასრულდა. იმედია, ამჯერად უფრო გონიერები და პასუხისმგებლიანები იქნებიან. გარდა ამისა, განვიხილეთ ღაზაში და მთელ რეგიონში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ახლო აღმოსავლეთში ნამდვილად მშვიდობაა. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“ — დაწერა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მხარეები „მჭიდრო კოორდინაციისა და ურთიერთობის გაგრძელებაზე“ შეთანხმდნენ.

ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეექვსე ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში მეორე ვადით დაბრუნდა.

ნეთანიაჰუ ირანთან მოლაპარაკებებში დამატებით მოთხოვნებს აყენებს. შეხვედრამდე მისმა ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს სურს, ამერიკის შეერთებული შტატების ირანთან მოლაპარაკებებმა თეირანის ბირთვულ პროგრამას გასცდეს და ირანის სარაკეტო არსენალზე შეზღუდვები, ასევე ირანის მიერ ისეთი დაჯგუფებების მხარდაჭერაც მოიცვას, როგორიც ჰამასი და ჰეზბოლაა.

„პრეზიდენტს ჩვენს ხედვას წარვუდგენ ამ მოლაპარაკებების პრინციპებთან დაკავშირებით — წარვუდგენ იმ არსებით პრინციპებს, რომლებიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და უსაფრთხოება სურს“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ სამშაბათს ისრაელიდან ვაშინგტონში გამგზავრებამდე.

კვლავ გაურკვეველია, რამდენად ექნება გავლენა ნეთანიაჰუს ტრამპის ირანისადმი მიდგომაზე.

დონალდ ტრამპი ირანს თავდაპირველად სამხედრო მოქმედებით დაიმუქრა რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობის გამო, თუმცა ბოლო კვირებში პოზიცია შეცვალა და ზეწოლის კამპანია გააძლიერა, რათა თეირანი ბირთვულ პროგრამაზე გარიგებას დათანხმდეს.

ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პრეზიდენტი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად არის დაწმუნებული ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, რომ ირანთან ურთიერთობაში დიპლომატიური გზის არჩევა სწორი გადაწყვეტილებაა, ჯეი დი ვენსმა ასე უპასუხა:

„პრეზიდენტმა საკუთარ გუნდს უთხრა, რომ ისეთი შეთანხმების მიღწევას უნდა ვეცადოთ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. მაგრამ თუ ასეთ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მაგიდაზე სხვა ვარიანტიც დევს. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტი გააგრძელებს თავისი ვარიანტების განხილვას. და მას ბევრი ვარიანტი ექნება, რადგან სამხედრო შესაძლებლობების მხრივ მსოფლიოში ყველაზე ძლიერები ვართ. თუმცა, სანამ პრეზიდენტი არ გვეტყვის, რომ შევწყვიტოთ, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ და ვეცდებით სასურველ შედეგს მოლაპარაკებების გზით მივაღწიოთ“, — განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯეი დი ვენსს ჰკითხეს ისიც, სურს თუ არა ირანში რეჟიმის ცვლილება და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი იგი ნამდვილად დაემხობა.

„თუ ირანის ხალხს რეჟიმის დამხობა სურს, ეს მათი გადასაწყვეტია. ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება იმაზეა კონცენტრირებული, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პრეზიდენტი პირველი ვადით იკავებდა ოფისს, ეს მისი პოლიტიკის მთავარი მიმართულება იყო“, — თქვა ჯეი დი ვენსმა.

ირანი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია გასული წლის ივნისში ისრაელთან 12-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, რომელიც დამანგრეველ საჰაერო იერიშებს მოიცავდა, მათ შორის — ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რამდენიმე ბირთვული ობიექტის დაბომბვას.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იერიშებმა ირანის ბირთვული შესაძლებლობები „გაანადგურა“, თუმცა ზიანის რეალური მასშტაბი კვლავ გაურკვეველია.

ბოლო პერიოდში სატელიტურ ფოტოებზე ბირთვული ობიექტების სიახლოვეს აქტივობა დაფიქსირდა, რამაც შეშფოთება გამოიწვია.

ისრაელი დიდი ხანია მოითხოვს, რომ ირანმა სრულად შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, შეამციროს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და გაწყვიტოს კავშირები რეგიონში მოქმედ დაჯგუფებებთან.

ირანი ამ მოთხოვნებს ყოველთვის უარყოფდა და აცხადებდა, რომ ბირთვულ პროგრამაზე მხოლოდ გარკვეულ შეზღუდვებს დათანხმდება სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

ვაშინგტონმა რეგიონში სამხედრო ძალები გააძლიერა — გაგზავნა ავიამზიდი, მართვადი რაკეტების გამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

არაბული და ისლამური ქვეყნები, მათ შორის თურქეთი და კატარი, ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი იერიში ან საპასუხო ქმედება შესაძლოა დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს რეგიონში, სადაც ვითარება ისედაც დაძაბულია ღაზაში ისრაელ-ჰამასის ომის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend