მთავარიევროპაესპანეთიმადრიდში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მადრიდში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ესპანელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციის ფარგლებში მადრიდში დაახლოებით 500-ამდე ტრაქტორი გამოიყვანეს,  რამაც ქუჩებში შეფერხება გამოიწვია. ისინი დაბალ შემოსავლებსა და სამხრეთ ამერიკასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებდნენ.  

ფერმერები მოითხოვენ, რომ მთავრობამ  ესპანეთის სასურსათო სექტორის დასაცავად სწრაფი და რეალური ნაბიჯები გადადგას.  მათი თქმით, მზარდი ფასები და მკაცრი რეგულაციები მათ შემოსავალს კიდევ უფრო მეტად ამცირებს. ისინი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირისა და „მერკოსურის“ სავაჭრო შეთანხმებასაც, რადგან შიშობენ, რომ  ბაზარზე მეტი იაფი საქონელი შემოვა, რის შედეგადაც ფერმერები  დაზარალდებიან.

„ჩვენ აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ გავაპროტესტოთ „მერკოსურის“ შეთანხმება, 2030 წლის დღის წესრიგი და უამრავი ბიუროკრატიული პროცედურა, რომლებიც ყოველდღიურად გვახრჩობს. საბოლოო ჯამში, სამინისტროში მყოფ ადამიანებს სურთ, გადაწყვიტონ, რა ხდება ჩვენს ფერმებში, თუმცა ჩვენზე უკეთ არავინ იცის, იქ რა მდგომარეობაა“, – ამბობს ფერმერი ჯესიკა პერესი.

ევროკავშირმა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების „მერკოსურის“ ბლოკმა გასულ თვეს ოფიციალურად მოაწერეს ხელი დიდი ხნის ნანატრ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომლის მიზანია მზარდი პროტექციონიზმისა და სავაჭრო დაძაბულობის ფონზე კომერციული კავშირების გაძლიერება მთელ მსოფლიოში.

„მერკოსური“ დაგვაქცევს. სოფლის მეურნეობის სექტორი,  გარკვეულწილად, უკვე განადგურებულია, „მერკოსურის“ შეთანხმება კი  ამ სექტორისთვის საბოლოო დარტყმა იქნება. ისიც კი არ ვიცით, არსებობს თუ არა გაურკვევლობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ  არ ვართ ინფორმირებულები, არც ვიცით, რა არის ეს“, – ამბობს ფერმერი როდრიგო ლამასი.

„მერკოსურის“ გაერთიანებაში შედის სამხრეთ ამერიკის უდიდესი ეკონომიკის მქონე ორი  ქვეყანა – არგენტინა და ბრაზილია,  ასევე პარაგვაი და ურუგვაი.

17 იანვარს ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმება ევროპარლამენტის კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ. თუმცა ევროპარლამენტმა შეთანხმება განსახილველად ჯერ  ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს გადასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend