მადრიდის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომის მოთხოვნით, მისი უახლოესი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ წარდგენილი კორუფციული ბრალდებების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურ საკითხებსა და ისრაელისა თუ ირანის მიმართ პედრო სანჩესის პოზიციის მხარდაჭერისა, მოქალაქეთა დიდი ნაწილის აზრით, ქვეყანაში ცვლილებების დროა, რადგან მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვერ უმკლავდება მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ პროცესებს.
მათი შეფასებით, საჭიროა საყოველთაო არჩევნების ჩატარება და შანსის მიცემა სხვა კანდიდატებისთვის.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს კაცი ყელში ამოგვივიდა. გვინდა, კავშირი შევინარჩუნოთ იბერო-ამერიკულ ქვეყნებთან და ვუთხრათ შეერთებულ შტატებსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ ესპანეთი არ არის ასეთი და რომ პედრო სანჩესი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და დანიშნოს საყოველთაო არჩევნები“, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე კარლოს დე პალმა.
„უნდა ვიმოქმედოთ ამ ყველაფრის შესაცვლელად. ხელმძღვანელებად გვჭირდებიან გულწრფელი, პრინციპული ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან, რადგან სწორედ ამისთვის ვუხდით მათ ფულს“, - განაცხადა მადრიდში გამართული საპროტესტო აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, მარია გარსიამ.
პედრო სანჩესის საწინააღმდეგო დემონსტრაციას მოჰყვა მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეეხებოდა.
24 მაისს მადრიდის ქუჩებში გამოსული ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, ქვეყანაში უკიდურესად არის გაზრდილი საცხოვრებელი ხარჯები, მათ შორის ქირის გადასახადი, რაც განსაკუთრებულ ტვირთად აწვება ახალგაზრდობას.
მოქალაქეთა ძირითად მოთხოვნად იქცა მინიმალური შრომითი ანაზღაურებისა და მინიმალური პენსიის 1 500 ევრომდე გაზრდა, ასევე შესაბამისი რეფორმების გატარება ესპანეთის სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის მიმართულებით.
„ამ ხელისუფლებისა და სრულიად პოლიტიკური ელიტისგან მოვითხოვთ, საცხოვრებელი გახდეს ხელშეუხებელი უფლება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მუდმივი უფლება“, - ამბობს პენსიონერი ხოსე ანტონიო ლოპესი.
„ახლა ბებიასთან ვცხოვრობ, რადგან ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის ვითარება რთულია. მაღალი გადასახადებისა და დაბალი ხელფასების გამო ბინის ქირის გადახდა ჭირს“, - აცხადებს მასწავლებელი ესტრელა ბაუდუ.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს, რომ მასშტაბურ საპროტესტო ტალღას წამოიწყებს, რომელიც სრულიად ესპანეთს მოიცავს.
საზოგადოებრივი უკმაყოფილება, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური მიმართულებებით, დროში ემთხვევა ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ზაპატეროს წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომელსაც ედავებიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას.
კერძოდ, საუბარია 53 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფოებრივ დახმარებაზე, რომელიც ავიაკომპანია Plus Ultra-ს კორონავირუსის პანდემიის დროს გაეწია.
ზაპატეროს ტრანსპორტის სამინისტროზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და გამოძიება იკვლევს, განხორციელდა თუ არა ეს დახმარება შესაბამისი წესების დაცვით და ხომ არ ჰქონდა ადგილი უკანონო ლობირებას გავლენის მოხდენის მიზნით.
გასულ კვირაში ესპანეთის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, ხოლო სასამართლოს წინაშე ექსპრემიერმინისტრი ვალდებულია, 2 ივნისს წარსდგეს.
თავად ზაპატერომ მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება უარყო.
