ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ევროპულმა გაერთიანებამ კონკურენტუნარიანობა უნდა გააძლიეროს ჩინეთისა და აშშ-ის მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე. ევროპელმა ლიდერებმა ამის შესახებ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ევროპის ინდუსტრიულ სამიტზე განაცხადეს.
„ჩვენნაირ ქვეყნებში — გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში — ვითარება უბრალოდ დრამატულია. ჩვენ ეგზისტენციური კრიზისის ზღვარზე ვდგავართ. ამის მიზეზები ყველასთვის ცნობილია. ესენია: ენერგიის მაღალი ფასები, საერთო კონკურენტუნარიანობა, რეგულაციები და ჩინური დემპინგი. აღარ გავიმეორებ იმას, რაც თქვენ თქვით — ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კურსი უნდა შევცვალოთ და ვიცით კიდეც, რა მიმართულებით. თუმცა ხანდახან ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს გემის ხიდზე ვდგავართ, ჰორიზონტს ვუყურებთ, მაგრამ საჭეს ვერ ვეხებით. ამიტომ დღევანდელი მოწოდება მობილიზაციისკენ არის მიმართული. ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამას ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. ინდუსტრიის გარეშე არ არსებობს ტექნოლოგიური ლიდერობა, ტექნოლოგიის გარეშე — თავდაცვის უნარი. ამ ორის გარეშე კი — სტრატეგიული ავტონომია. თუ ევროპა საკუთარ ინდუსტრიულ საფუძველს უგულებელყოფს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს ეკონომიკურ ზრდას, არამედ დაკარგავს გავლენასაც და საბოლოოდ სუვერენიტეტსაც“, — განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა.
„ევროპულ დონეზე უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და ჩვენს ინდუსტრიაში, თუ გვსურს შესაბამისი ინვესტიციები კოსმოსში, თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, სუფთა ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტსა და კვანტურ ტექნოლოგიებში; ასევე, თუ გვინდა პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ტრანსფორმაცია.
ჩვენ ამ მიმართულებით ნაკლებად ვართ დატვირთული. ამავდროულად, ბაზარზე უკვე დიდი მოთხოვნაა ახალ ფასიან ქაღალდებზე. მსოფლიოს უმსხვილესი კაპიტალები ცდილობენ პორტფელების დივერსიფიკაციას დოლარისგან და ეძებენ უსაფრთხო და ლიკვიდურ აქტივებს. საერთო ევროპული ვალი სწორედ ასეთი უსაფრთხო აქტივია, თუმცა დღეს ის საკმარისად ლიკვიდური არ არის.
ამიტომ უნდა გავიხსენოთ ის მექანიზმები, რომლებიც ბოლო წლებში შევქმენით — ევროპის სტაბილურობის მექანიზმი, უსაფრთხო პროგრამები, ასევე პანდემიის დროს განხორციელებული პირველი ემისია. გვჭირდება ევროპული ხაზინა, რათა არსებობდეს ერთიანი კალათა და მეტი თანმიმდევრულობა.
თუ უახლოეს ხუთ წელიწადში ვერ შევძლებთ კონკურენციას აშშ-სა და ჩინეთთან, ჩვენ აღარ გვექნება შანსი შევქმნათ ჩვენი დღის წესრიგი“, — ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირს დერეგულაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ გადაჭარბებული რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. მისი თქმით, ზედმეტად ბიუროკრატიული წესები ევროპული ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ამცირებს და განვითარების ტემპს ანელებს.
„ევროკავშირში გადაჭარბებული რეგულაციები ჩვენს ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ეს ევროკავშირს ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. სწორედ ამიტომ საჭიროა დერეგულაციის რეალური მიდგომის დანერგვა. გადამწყვეტი სწორედ მიდგომაა და არა დეტალები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროკომისიის ხედვა. კანონებში მცირე შესწორებები საკმარისი არ არის. საჭიროა ევროკავშირის კანონმდებლობის სრული და სისტემური გადახედვა.
ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და ამას გავაკეთებთ კიდეც. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ზედმეტად ნელა ვმოქმედებთ. ჩინეთი მსოფლიოს უდიდეს მზის ელექტროსადგურებს რამდენიმე თვეში აშენებს, მაშინ როდესაც ევროკავშირში მხოლოდ ნებართვების მიღებას წლები სჭირდება. ამიტომ გთავაზობთ, ნებართვის უმეტეს პროცედურაში დამკვიდრდეს ფუნდამენტური პრინციპი: ნებისმიერი პროექტი, რომელსაც რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში არ განიხილავენ, ავტომატურად დამტკიცებულად ჩაითვალოს. სწორედ ამას ელიან ჩვენი კომპანიები და ჩვენი მოქალაქეები და მე მჯერა, რომ ეს მათი უფლებაა.
თუმცა, კოლეგებო, თავისუფალი ვაჭრობისადმი ჩვენი ასეთი დამოკიდებულება არავინ უნდა აღიქვას გულუბრყვილობად. ჩვენ არც გულუბრყვილონი ვართ და არც დაუცველები. ჩვენ ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები უსამართლო პრაქტიკების წინააღმდეგ და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოვიყენებთ. გახსოვთ, რა მოხდა, როდესაც ამერიკის მთავრობა ახალი ტარიფების დაწესებას გეგმავდა ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ — ჩვენ მზად ვიყავით საპასუხო ნაბიჯებისთვის და მოკლე ვადაში ევროკავშირის 27 ლიდერის საგანგებო შეხვედრაც გაიმართა. ამერიკელებს რომ გაეგრძელებინათ ტარიფების მუქარა, ჩვენ მათ დაუყოვნებლივ დავაწესებდით. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩვენ არც გულუბრყვილონი ვართ და არც დაუცველები“, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

