ბელგიის უძველეს ციხესიმაგრეში ევროპელი ლიდერები კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე სასაუბროდ არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
კონტინენტზე არსებობს ფართო გაგება იმისა, რომ ევროპაში — იქნება ეს საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, კრიტიკული ინდუსტრიები თუ ინოვაციები — ივნისისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები, თუ, რა თქმა უნდა, ბლოკს თანამედროვეობის რბოლაში აშშ-ისა და ჩინეთის გვერდით ანგარიშგასაწევი ძალა ერქმევა.
სწრაფად მოქმედება რომ ერთადერთი გამოსავალია, ამაზე 27-ვე წევრი სახელმწიფო თანხმდება.
„ჩვენ გვსურს გავხადოთ ევროკავშირი უფრო სწრაფი, უკეთესი, უპირველეს ყოვლისა კი გვინდა კონკურენტუნარიანი ინდუსტრია ევროპაში. ამ საკითხს ბევრი მიმართულება აქვს. ჩვენ მოვიწვიეთ ენრიკო ლეტტა და მარიო დრაგი შეჯიბრებითობასა და ევროპის შიდა ბაზარზე სამსჯელოდ. მოველი, რომ დღეს გადავდგამთ ნაბიჯებს წინ — ამჯერად გადაწყვეტილებების გარეშე, თუმცა ვემზადებით ახალი გადაწყვეტილებებისთვის უკვე ოთხ კვირაში, როდესაც ევროპული საბჭოს სხდომაზე შევიკრიბებით ბრიუსელში“, — აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
„ჩვენ გვაერთიანებს გადაუდებლობის განცდა, რომ ევროპელებმა უნდა იმოქმედონ ძალიან მკაფიოდ. შეფასებები ჩამოყალიბებულია — ვნახეთ დრაგისა და ლეტტას ანგარიშები. ნათლად ვხედავთ, რომ ჩვენზე ზეწოლამ იმატა, იმატა კონკურენციამ, რაც ხშირად უსამართლოა — იქნება ეს ჩინეთის მხრიდან თუ ამერიკული ტარიფების სახით ჩვენი იძულებისთვის სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. ეს ყველაფერი საჭიროებს რეაქციას. პრიორიტეტია მოკლე ვადაში მოქმედება და იმ დასახული მიზნების განხორციელება, რაზეც უკვე შეთანხმებულები ვართ. ეს ეხება ერთიან ბაზარს, ფინანსებსა და ენერგეტიკას. ამ საკითხებზე არსებობს მჭიდრო ფრანკო-გერმანული შეთანხმება, რაც უმნიშვნელოვანესია. პრიორიტეტია ასევე კონკრეტულ კრიტიკულ სექტორებზე ორიენტირება, რათა დავიცვათ ევროპული კონტინენტი, მისი შინაარსი და პრეფერენციები. საჭიროა ფინანსური ინოვაციები საჯარო და კერძო დაფინანსებით. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად ვიმუშაოთ და ივნისისთვის მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები“, — თქვა ფრანგმა ლიდერმა ემანუელ მაკრონმა.
ლიდერებმა უკვე იხილეს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრების, მარიო დრაგისა და ენრიკო ლეტტას ანგარიშები, რომლებიც კონკურენტუნარიანობის ზრდასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხება ერთიან ევროპულ ბაზარზე.
ეს ანგარიშები დისკუსიის ნაწილიც გახდა და საფუძვლადაც ედება იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ევროპა უახლოეს ხანში მიიღებს — ახალ გეოპოლიტიკურ ძვრებში საკუთარი როლის გასამყარებლად. ფოკუსი ფინანსებზეა, რათა ერთიანი ბაზარი გაღრმავდეს და ბლოკმა შეძლოს მასშტაბური ინვესტირება, მაღალი ენერგეტიკული ხარჯების შემცირება და სხვა სტრატეგიული მიზნების განხორციელება.
„შეჯიბრებითობას ბევრი საკითხი უკავშირდება. იტალიის პერსპექტივიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკა და ფასებია. არსებობს პასუხები, რომლებიც ეროვნულ დონეზე უნდა იქნას მიღებული — მომავალ კვირას ამ მიმართულებით დეტალურ ზომებს წარვადგენთ მინისტრთა საბჭოში. თუ ჩვენ არ მოვხსნით ამ პრობლემებს ევროპულ დონეზე, ვერ ვუპასუხებთ ყველაზე სერიოზულ საკითხებს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნის. ამ ეტაპზე უნდა ვუპასუხოთ ენერგეტიკაზე ფასების საკითხს. დღეს ჩვენ ევრობონდების საკითხის განხილვაც შეგვიძლია — მოგეხსენებათ, ამ საკითხზე პოზიციები განსხვავებულია“, — აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.
ევრობონდებისა და საერთო ევროპული ვალის შესახებ დისკუსიებმა მართლაც აჩვენა აზრთა სხვადასხვაობა. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ნაბიჯს ყველას თანხმობა არ აქვს, თუმცა უდავოდ აქვს იტალიის მხარდაჭერა, რომლის პრემიერიც ამ იდეას კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის მთავარ ზომად განიხილავს. მელონი თვლის, რომ ამასთან ერთად საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს ემისიებით ვაჭრობის სისტემა. იგი დამატებით ზომებსაც ემხრობა ენერგეტიკულ ბაზრებზე სპეკულაციის შეზღუდვის მიმართულებით. კრიტიკული კონკურენციის პირობებში გადარჩენის საკუთარ ხედვაზე საუბრობენ სხვა ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც ხშირად საერთო ხედვას არ იზიარებენ.
„შეჯიბრებითობა რთული სიტყვაა და არ ვიცი, რამდენად ესმით მისი მნიშვნელობა უბრალო ადამიანებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპის ეკონომიკა კლების გზაზეა და ჩვენ ის უნდა ავამაღლოთ. კითხვა ისაა — როგორ? ამისათვის სამი რამაა საჭირო: 1) უნდა დასრულდეს ომი — მშვიდობა გვჭირდება. ომში ეკონომიკა იკლებს, ომი ბიზნესისთვის ცუდია და თუ გსურს უკეთესი ეკონომიკა, უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. 2) თუ გსურს მეტი ფული კონკურენტუნარიანობისთვის, ნუ მისცემ მას სხვას — ნუ მისცემ მას უკრაინას; ამის ნაცვლად უნდა დავხარჯოთ ჩვენსავე ეკონომიკაში. მესამე კი ენერგეტიკაზე ფასების კლებაა — ეს ყველაფერი რთული არ არის“, — აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
„ჩვენ არ ვართ კონკურენტუნარიანი და ვრისკავთ დავკარგოთ ნავთობქიმიური მრეწველობა, ფოლადის ინდუსტრია, ლითონები — რაც ჩვენი კეთილდღეობის საფუძველია. თუ ამას დაკარგავ, აღარ გექნება სტრატეგიული ავტონომია. ამიტომ ვფიქრობ, 2026 წელს კონკრეტული ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შევამციროთ ენერგეტიკული ფასები და ადმინისტრაციული ტვირთები. ეს უნდა გავაკეთოთ მოკლე დროში. კონკურენტუნარიანობა უნდა იყოს თითოეული ქვეყნის დღის წესრიგში. გრძელ ვადაში კი უნდა ვიფიქროთ ბაზრების ინტეგრაციაზე — ყველაფერზე, რაც დრაგისა და ლეტტას ანგარიშებში ვნახეთ“, — თვლის ბელგიის ლიდერი ბარტ დე ვევერი.
ალდენ ბისენის მეთექვსმეტე საუკუნის ციხესიმაგრეში ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერი შეიკრიბა. მათი მთავარი ამოცანაა, რუსული ჰიბრიდული ტაქტიკების, ჩინეთის ეკონომიკური ზეწოლისა და აშშ-ის შეცვლილი პრიორიტეტების ფონზე, ევროპულ დიპლომატიასა და ვაჭრობაში მიდგომებს გადახედონ.

