ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული დაძაბულობისა და მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ტაივანის უმაღლესი პირები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ თავდაცვითი ძალების გაძლიერებასა და პოტენციური საფრთხეების აღკვეთაზე.
ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ ოპოზიციონერ კანონმდებლებს მოუწოდა, დააჩქარონ შეფერხებული 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სპეციალური თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცება. მისი თქმით, დაყოვნებამ შესაძლოა დაასუსტოს კუნძულის უსაფრთხოება და საერთაშორისო პარტნიორებში ეჭვები გააჩინოს ტაივანის თავდაცვისუნარიანობის მიმართ მის ერთგულებასთან დაკავშირებით.
„მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას ტაივანის მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო შესყიდვის შეთავაზების გამოცხადებისთვის. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ტაივანის მიერ გამოხატული თავდაცვის მტკიცე ნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს თეთრმა სახლმა და წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ორივე პარტიის წევრებმა.
თუმცა, ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურება არა მხოლოდ ქმნის საფრთხეს, რომ ტაივანი პრიორიტეტული სიიდან ამოიშალოს და მნიშვნელოვანი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება გადაიდოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში აჩენს კითხვებს ტაივანის მზადყოფნასთან დაკავშირებით, დაიცვას საკუთარი ქვეყანა.
ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ იაპონელი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა. მან, იაპონიის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბების გარდა, ასევე წარმოაჩინა იაპონიის მტკიცე მზადყოფნა, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად იმუშაოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ტაივანმაც იგივე უნდა გააკეთოს“, – აცხადებს ტაივანის პრეზიდენტი, ლაი ჩინგ-ტე.
ტაივანის პრეზიდენტის განცხადებასა და პოზიციას იზიარებენ თავდაცვის მინისტრი და სამხედრო ხელმძღვანელობა. მათი შეფასებით, ჩინეთი ტაივანისთვის სერიოზული მეტოქეა და თუ კუნძულოვანი ქვეყნის თავდაცვა ანგარიშგასაწევი არ იქნება, მოწინააღმდეგე სისუსტით მარტივად ისარგებლებს.
„მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ არსებული მტრული ვითარება ჩინეთის სამხედრო ძალების მხრიდან ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩინეთის კომუნისტური პარტია ყოველდღიურად აგზავნის სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო გემებს ე.წ. ნაცრისფერ ზონაში. ეს მზადებაა ჩვენს წინააღმდეგ შემოჭრის განსახორციელებლად. ამასთანავე, მიზანმიმართული სამხედრო სწავლებებისა და მასშტაბური წვრთნების მეშვეობით ისინი საკუთარ ოპერატიულ გეგმებს ავითარებენ“, – განაცხადა ტაივანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, მეი ჩია-შუმ.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას, რათა თვითმმართველი კუნძული საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს.
ბოლო წლებში პეკინმა გააძლიერა სამხედრო ზეწოლა და თითქმის ყოველდღიურად გზავნის ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ძალებს ტაივანის სიახლოვეს.
აშშ კი, როგორც ტაივანის პარტნიორი სახელმწიფო, ამ უკანასკნელს სამხედრო-პოლიტიკური კუთხით პოზიციებს უმაგრებს, რაც ჩინეთის შეკავების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.
ტაივანი უკვე წლებია თანამედროვე სამხედრო შეიარაღებით ცდილობს ჩინეთს აჩვენოს, რომ ის სერიოზული ძალაა დასაპირისპირებლად. თავდაცვის დაფინანსების შეფერხება კი კუნძულს შესაძლო საფრთხის წინაშე აყენებს.

