მთავარიევროპარუსეთირუსული ენერგორესურსებიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

რუსული ენერგორესურსებიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

რუსული გაზისა და ნავთობისგან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ასეთი კლება აშშ-ის მიერ დაწესებული სადამსჯელო ზომების შედეგია, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. კერძოდ, საქმე ეხება რამდენიმე მსხვილგაბარიტიანი ქვეყნისთვის დაწესებულ ტარიფებს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის შემთხვევაში. ასეთი იყო, მაგალითად, ინდოეთი.

თავისი როლი ითამაშა ევროკავშირის მიერ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირებამ და იმ ტანკერების მიმოსვლის შეზღუდვამ, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს გადაჰქონდნენ. ეს რესურსი კი კრემლის მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასაფინანსებლად.

ცვლილებები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უბიძგებს გაზარდოს გადასახადები და მეტი ისესხოს რუსული ბანკებისგან, რათა სახელმწიფოს მერყევი ფინანსური მდგომარეობა დროებით მაინც შეინარჩუნოს სტაბილურ კონდიციაში. იანვარში ენერგეტიკიდან მოსკოვის შემოსავლებმა 4.3 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 33%-ით ნაკლებია იმ 6.44 მილიარდი ევროსგან, რომელიც კრემლმა დეკემბერში მიიღო. გასული წლის იანვართან შედარებით კი ეს 65%-ით ნაკლები მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარში ენერგეტიკიდან კრემლის შემოსავალი 12.2 მილიარდ ევროს შეადგენდა.

ვაშინგტონის ზეწოლამ კრემლის ფინანსებზე სერიოზული დარტყმა მიიტანა, მათ შორის იყო რუსეთის ორ უმსხვილეს სანავთობო კომპანიაზე სანქციების დაწესებაც, რამაც პოტენციურ მყიდველებს სერიოზული ბარიერები შეუქმნა. ვაშინგტონი თავისი საბანკო სისტემიდან ყველა იმ სუბიექტის მოხსნით დაიმუქრა, ვინც რუსეთისგან ენერგორესურსებს იყიდდა. ეს კი მულტინაციონალური კორპორაციებისათვის სერიოზული წუხილის საგანი გახდა.

დამატებით, ევროკავშირის მიერ რუსული ნედლეულისგან დამზადებული საწვავის აკრძალვამ შედეგად მოიტანა ის, რომ მოსკოვი საკუთარ პროდუქტებს ვერც სხვა ქვეყნებში გადამუშავებდა ბენზინის ან დიზელის საწარმოებლად.

ბრიუსელი ახლა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს, რომელიც ევროკომისიაში შვედეთისა და ფინეთის შეთავაზებით დარეგისტრირდა. ეს კი რუსული ენერგორესურსების გადაზიდვის მომსახურებაზე სრული აკრძალვის დაწესებას გულისხმობს. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, თვლის, რომ რუსეთის ფინანსებზე დარტყმა არის ერთადერთი გზა, რუსეთი მოლაპარაკებებსა და ომის დასრულებაზე დაითანხმო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend