ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ქარტია და ტერიტორიული წყლების დაცვაში დასახმარებლად აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ახალი ამერიკული გემები – ასეთია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ბაქოში ვიზიტის შედეგები.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, სომხეთის შემდეგ, მეზობელ აზერბაიჯანს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგიონში მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტისა და პოლიტიკური დაძაბულობის დასრულების გზაზე მიღწეული „შთამბეჭდავი“ პროგრესის შესახებ.
„ბევრმა ამერიკელმა, შესაძლოა, არც იცის, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ ერთ-ერთი ბოლო, ვინც ავღანეთი დატოვა. დღეს გვინდა, გულწრფელი პატივისცემა გამოვხატოთ ამ მეგობრობისთვის და გვსურს, ნამდვილად ახალი თავი დავიწყოთ ორმხრივ ურთიერთობებში.
ვფიქრობ, აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის, ხოლო აზერბაიჯანში პრეზიდენტ ალიევის ხელმძღვანელობის პირობებში, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება… აზერბაიჯანში რამდენიმე ახალი გემის გამოგზავნას ვაპირებთ თქვენი ტერიტორიული წყლების დასაცავად. სიამაყით ვაცხადებ, რომ ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ტრამპის ახალ მარშრუტს გადაუფრინა, რომელიც მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ასევე გააერთიანებს აზერბაიჯანის ორ გახლეჩილ ნაწილს.
ვიმედოვნებთ, ეს შექმნის ისეთ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და კოოპერაციას ბუნებრივი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალური რესურსების სფეროებში, რაც ნამდვილად განამტკიცებს ამ შთამბეჭდავ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ნამდვილად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ალიევი დიდ პატივისცემას იმსახურებს. მისი და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ლიდერობის გარეშე ვერ მივაღწევდით მშვიდობას და, მგონია, სწორედ სამმა ადამიანმა, პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით, შექმნა ისტორიული მშვიდობა…“ – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
„ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“, — თქვა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად ბაქომ და ერევანმა, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პირველად, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განაახლეს.
ამერიკული მხარის შუამავლობით გაფორმებულმა სამშვიდობო დოკუმენტმა შესაძლებელი გახადა სომხეთის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტებით მომარაგებაც.
ილჰამ ალიევის თანახმად, ვაშინგტონსა და ბაქოს შორის 10 თებერვალს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის განმტკიცების შესახებ მხარეთა დიპლომატიური წარმომადგენლობების ექვსთვიანი დაუღალავი მუშაობის შედეგია.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორები. მადლიერი ვართ პრეზიდენტ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და მათი გუნდის კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის…
ჩვენ არამხოლოდ მოვხსენით შეზღუდვები აზერბაიჯანის გავლით სომხეთში მიმავალ ტრანზიტულ ტვირთებზე, არამედ დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რითაც, ფაქტობრივად, სავაჭრო თანამშრომლობა განვაახლეთ.
ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩვენს რეგიონში არის პროექტის – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ – რეალიზება, რომელიც არამხოლოდ დააკავშირებს ერთმანეთთან აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ ჩამოყალიბდება სანდო, უსაფრთხო და მასშტაბურ სატრანსპორტო დერეფნად, რომელიც ერთმანეთთან ასევე დააკავშირებს აზიასა და ევროპას აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობლების გავლით.
დღეს აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები სრულიად ახალ ფაზაში გადადის… განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოებასა და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
განვაგრძობთ მუშაობას ენერგოუსაფრთხოების საკითხზეც, რადგან ბუნებრივი აირის მარაგებით აზერბაიჯანი დღეს ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს 16 ქვეყნისთვის, საიდანაც 11 ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირეა…“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
ვიდრე აზერბაიჯანი აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებასა და სომხეთთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაზე მუშაობს, ბაქო სულ უფრო მეტად შორდება მოსკოვს, რაც კრემლისთვის არც ისე სასიამოვნო მდგომარეობაა, მით უმეტეს, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ფაქტობრივად, ერთდროულად დაკარგა დომინანტური როლი ორ სახელმწიფოზე.
ბაქო-მოსკოვის ურთიერთობებში პირველი სერიოზული ბზარი 2024 წლის დეკემბერში მომხდარმა ავიაკატასტროფამ გააჩინა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქიდან გროზნოს მიმართულებით რეისს ასრულებდა, რუსმა ავიადისპეტჩერებმა არ მიიღეს და ყაზახეთისკენ გაუშვეს, სადაც ბორტი ჩამოვარდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა თვითმფრინავის დაზიანება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედების შედეგად.
ისედაც რყევების ქვეშ მყოფ ორმხრივ კავშირებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნა 2025 წლის ივნისში, როდესაც რუსულმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რეიდების ჩატარება დაიწყეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ბაქოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ გაწყვეტილა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ურთიერთბრალდებები გრძელდებოდა.
კრემლთან გართულებული კავშირების პირობებში ბაქომ ხედვა შეცვალა და საგარეო კურსი უფრო დასავლეთისკენ აიღო, რაც მეზობელი სომხეთისგან განსხვავებით ნაკლებად არის მიმართული ევროკავშირისკენ, თუმცა მკაფიოდ – ვაშინგტონისკენ.
ამის მიუხედავად, აზერბაიჯანი კვლავ რჩება ისეთი საერთაშორისო გაერთიანებებისა და პლატფორმების წევრი, რომელთა მონაწილეც ვლადიმერ პუტინის რუსეთიც არის.

