გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა, ევროპელ კანონმდებლებს მოუწოდა, „გვერდით დაუდგნენ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას“ და განაცხადა, რომ საერთაშორისო წესრიგი „თავდასხმის ქვეშაა“.
მანვე მიანიშნა, რომ სწორედ მაშინ, როცა თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი განსაკუთრებული უნდა იყოს, „ის ძალებიც კი, რომელთაც მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, გაეროს შორდებიან და მას პირდაპირ ესხმიან თავს“.
„დღეს, 2026 წლის დაწყებიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ, ვენესუელა, ირანი, გრენლანდია, ასევე უკრაინა, ღაზა, სუდანი და კიდევ მრავალი სხვა კრიზისი — საერთაშორისო წესრიგი მხოლოდ ზეწოლის კი არა, თავდასხმის ქვეშაა. ჩვენ ვდგავართ ახალი და კიდევ უფრო შემაშფოთებელი ტიპის კრიზისის წინაშე. კონფლიქტები საერთაშორისო სამართლის ღიად უგულებელყოფით ისე მიმდინარეობს, რომ ამის თავდაცვად წარმოჩენა და საერთაშორისო სამართლის მოჩვენებითი პატივისცემაც არ ხდება. სწორედ მაშინ, როცა თანამშრომლობა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ძალები — მათ შორის ისინიც, ვისაც მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ – მას შორდებიან და პირდაპირაც კი უტევენ. ეს გეოპოლიტიკური ცვლილება მსოფლიოსკენ, რომელშიც ძლიერის სამართალი ბატონობს, ეწინააღმდეგება ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ნასწავლ მძიმე და სისხლიან გაკვეთილებს, რომლებიც ამ რეგიონის ხალხს განსაკუთრებით კარგად ახსოვს.
ოთხი წლის წინ, ასევე თებერვალში, მე, როგორც ევროპელი და როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მივედი, რათა გაეროსთვის მომეწოდებინა, დაეცვა ევროპის მშვიდობა. დღეს ევროპასთან მოვედი, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, რათა მოვუწოდო მას დაიცვას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რადგან მსოფლიოს ის სჭირდება. მაგრამ ამჟამად გაეროსა და მის ქარტიაში გაწერილ პრინციპებსაც სჭირდება მსოფლიო.
ჩვენ ახლახან გრენლანდიასთან დაკავშირებით დავინახეთ, რომ თუ სიმართლის დასაცავად მტკიცედ, დაუყოვნებლივ, ერთად დავდგებით, ეს შედეგს მოიტანს. ეს პასუხისმგებლობა ჩვენზეა. სიმართლის დაცვა ნიშნავს, რომ ფაქტების შეცვლა არ შეიძლება. დინებას მხოლოდ იმის იმედით ვერ მივყვებით, რომ ეს ტარიფებს აგვაცილებს თავიდან“, — განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა.
სამშაბათს ევროპარლამენტში ისაუბრა მარტა კოსმაც — ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში. მან ევროპელი კანონმდებლების წინაშე უკრაინაში რუსეთის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინის საჰაერო თავდაცვა მეტად უნდა გააძლიეროს, რათა ქვეყანამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.
მან ხაზი გაუსვა, რომ გაძლიერებული საჰაერო თავდაცვა შემდგომი ზიანის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია.
„უკრაინის ენერგოსისტემის რეალურად დასაცავად, ახლა უკრაინის ცაც უნდა დავიცვათ. ეს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემისა და რაკეტების მიწოდებას ნიშნავს. წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იმოქმედონ – მათ შორის, თუ შესაძლებელია, საკუთარი ეროვნული მარაგები გამოიყენონ. ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიასთან ერთად წარმოების ბარიერების აღმოფხვრისა და მიწოდების დაჩქარებისთვის მუშაობს.
სანამ აქ ვართ, უკრაინა კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ თავდასხმებს უძლებს. ეს არ არის ომის ინციდენტი, მისი თანმდევი ზიანი — ეს არის სისტემური, განზრახ დარტყმები, რომლებიც მიზნად მშვიდობიანი მოსახლეობის სიბნელესა და სიცივეში დატოვებას ისახავს. რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ იმარჯვებს, ამიტომ ზამთარს იარაღად იყენებს. იგი ცდილობს ხელოვნურად შექმნას ჰუმანიტარული კატასტროფა. სამიზნეა საავადმყოფოები, წყლის სისტემები, გათბობის ქსელები, საცხოვრებელი სახლები.“
მარტა კოსმა თქვა ისიც, რომ ეს წინასწარ განზრახული სისასტიკეა და რომ მისი მიზანი უკრაინელი ხალხის გამძლეობის გატეხვაა, თუმცა მისივე სიტყვებით, „რუსეთმა ამ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს, რადგან უკრაინა მარტო არ არის და ევროპა მის გვერდითაა.“

