ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში კვლავ დააკავა ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს, ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე.
ხოტა ხნით ადრე ვენესუელის გენერალური პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მისმა უწყებამ ხუან პაბლო გუანიპას დაპატიმრება მოითხოვა, თუმცა ტარეკ უილიამ სააბს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
მთავრობამ გუანიპა და კიდევ რამდენიმე ცნობილი ოპოზიციონერი ხანგრძლივი, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან კვირას გაათავისუფლა.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ირკვევა, მისი ხელახლა დაკავება „ქვეყნის არევის“ მცდელობას უკავშირდება. დიოსდადო კაბელიოს თანახმად, გათავისუფლებული ოპოზიციონერი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. მანვე თქვა, რომ თუკი ვინმე ვენესუელას „ცეცხლში გახვევას“ მოინდომებს, „მართლმსაჯულების სისტემა თავის საქმეს გააკეთებს“.
„897 ადამიანი გათავისუფლდა. არაფერი მომხდარა. ისინი გათავისუფლდნენ და ოჯახებს დაუბრუნდნენ, სანამ ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტელექტუალური სიბრიყვე არ გახდა მიზეზი, ეფიქრათ, თითქოს ყველაფრის უფლება ჰქონდათ და ქვეყნის არევა შეეძლოთ. ამით დაარღვიეს ის პირობები, რომელთა საფუძველზეც თავისუფლება მიენიჭათ. ამიტომ ახლა 897-ის ნაცვლად 896 არიან, რადგან ერთი ადამიანი გათავისუფლების პირობების დარღვევის გამო ხელახლა დააკავეს. იგი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ამ ქვეყანას მშვიდობა სურს.
ჩვენ ვითხოვთ, გააცნობიერონ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება გაძლევთ. თუ გინდათ პოლიტიკაში ჩაერთოთ – გააგრძელეთ, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებასავინ შეგიზღუდავთ. მაგრამ თუ გინდათ ეს ქვეყანა გადაწვათ და ცეცხლში გახვიოთ, მართლმსაჯულების სისტემა თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ამის თქმას არ ვერიდებით“, – განაცხადა ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დიოსდადო კაბელიომ.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ხუან პაბლო გუანიპა საპატიმროებთან მივიდა, ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „ნამდვილი“ შედეგების პატივისცემა მოითხოვა.
გუანიპას ვაჟმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვირას, დაახლოებით 23:45 საათზე, კარაკასის ერთ-ერთ უბანში პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი და მასთან ერთად მყოფი პირები მამაკაცთა ჯგუფმა შეაჩერა.
მათ ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ, ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები.
ორშაბათს მარია კორინა მაჩადოს პარტიის იურისტები გაეროს ოფისთან მივიდნენ, რათა ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ გასაუბრებოდნენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ გუანიპა კარაკასში მდებარე მარიპერეზის იზოლატორში იმყოფება.
„გუშინ დაკავების შემდეგ ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კოლეგის, ხუან პაბლო გუანიპას, შესახებ გვაქვს, არის ის, რომ ის ამჟამად მარიპერეზის დაკავების იზოლატორში იმყოფება. შესაბამისად, ჩვენ უარვყოფთ რეჟიმის პროკურორის, ტარეკ უილიამ სააბის, პოზიციას. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ხუან პაბლო საკუთარ სახლშია. ჩვენ მტკიცებულება გვაქვს, რომ ის კვლავ მარიპერეზში იმყოფება. ამიტომ მოვითხოვთ ხუან პაბლო გუანიპასა და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორლანდო მორენომ.
მადუროს მრავალ პოლიტიკურ ოპონენტს ბრალი შეთქმულების, ტერორიზმისა და ღალატის მუხლებით აქვს წარდგენილი. უფლებადამცველების თქმით, ბრალდებები აბსურდულია და მიზანი პოლიტიკური ფიგურების ხანგრძლივი პატიმრობაა.
ამ დრომდე გათავისუფლებულ პირთა დიდი ნაწილი, მათ შორის გუანიპაც, სწორედ ამ დანაშაულებებში იყო ბრალდებული.
3 იანვრის შემდეგ ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება დაიწყო. მათ პატიმრობაში, უკეთეს შემთხვევაში, თვეები, უარესში კი წლები გაატარეს.
კვირას სულ მცირე 30 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. უცნობია, კიდევ რამდენი პატიმრის გათავისუფლებას გეგმავს ხელისუფლება.

