მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა გეგმავს, გახდეს დრონების ექსპორტიორი ქვეყანა

უკრაინა გეგმავს, გახდეს დრონების ექსპორტიორი ქვეყანა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინა თებერვლის შუა რიცხვებიდან ევროპის მასშტაბით იარაღის ექსპორტის 10-ამდე ცენტრს გახსნის.

9 თებერვალს კიევის საავიაციო ინსტიტუტში სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრაზე უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენებით დრონების წარმოება ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი გაერთიანებულ სამეფოში დაიწყება.

„ჩვენ ექსპორტს ვიწყებთ. 2026 წელს ევროპაში უკვე ექსპორტის ათი ცენტრი იქნება მოწყობილი, რომლებიც მოიცავს ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს. 2026 წელს ათი წარმომადგენლობა იმუშავებს. თებერვლის შუა რიცხვებში ჩვენი დრონების წარმოებას გერმანიაში დავიწყებთ. პირველ დრონს მე ჩავიბარებ. ეს არის საწარმოო ხაზი, რომელიც ამოქმედდა და უკვე მუშაობს. საწარმოო პროცესი დაწყებულია ასევე დიდ ბრიტანეთშიც. ეს ყველაფერი ჩვენი უკრაინული ტექნოლოგიებით ხდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

2025 წლის სექტემბერში ვოლოდიმირ ზელენკსიმ განაცხადა, რომ უკრაინა ადგილობრივი წარმოების შეიარაღების ექსპორტს დაიწყებდა, რითაც მოხსნიდა ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კიევმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შემოიღო.

„დღეს ევროპის უსაფრთხოება ტექნოლოგიასა და დრონებზეა აგებული. არსებობს  თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული რამდენიმე სხვადასხვა პროექტი, ერთ-ერთია ე.წ. დრონების კედელი. ეს ყველაფერი ძირითადად უკრაინულ ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული და ჩართული იქნებიან უკრაინელი სპეციალისტები.  ჩვენ ახლა ომში ვართ და ყველა კომპანია ჯერ ვერ გრძნობს, რომ საკმარისი თავისუფლება აქვს, შევიდეს სხვადასხვა ბაზარზე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა  აღნიშნა, რომ დრონების წარმოება უკრაინაში 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე მსხვილ სექტორად გადაიქცა.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში დაახლოებით 450 კომპანია სხვადახსვა ტიპის დრონის წარმოებაშია ჩართული. ჯამში ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღების მწარმოებელი დაახლოებით 800-ამდე კომპანია ოპერირებს.

უკრაინის ადგილობრივი წარმოების იარაღის ექსპორტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მკაცრად შეიზღუდა, ყველაფერი, რაც კი იწარმოებოდა,  საომარ ძალისხმევას ხმარდებოდა.

უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია და კერძოდ, დრონების სექტორი, საომარი პერიოდის დროს საგრძნობლად გაიზარდა.

უახლესი ცნობებით, უკრაინა წელიწადში 4 მილიონამდე დრონს აწარმოებს.  საკმარისი დაფინანსების შემთხვევაში ამ რაოდენობის გაორმაგებაც კი შეუძლია.

იარაღის მწარმოებლები თვეების განმავლობაში სთხოვდნენ ზელენსკის და საჯარო წერილიც კი მისწერეს, მოეხსნა შეზღუდვები ადგილობრივი წარმოების სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობის, კერძოდ, დრონების გაყიდვაზე, რათა მეტი შემოსავალი მიეღოთ. ამით დაეხმარებოდნენ სექტორს ზრდასა და ევროპის უსაფრთხოების სისტემაში  უკეთ ინტეგრაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend