კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მოსკოვსა და პარიზს შორის კონტაქტი შედგა. მისივე თქმით, ამან „სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში“ შესაძლოა რუსეთსა და საფრანგეთს შორის „უმაღლეს დონეზე დიალოგის სწრაფად დამყარებაში“ შეუწყოს ხელი.
მანვე თქვა, რომ ამ ეტაპზე ამგვარ სურვილს ვერ ხედავენ.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონტაქტი მართლაც შედგა, რაც სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უმაღლეს დონეზე დიალოგის სწრაფად დამყარებაში დაგვეხმაროს. ჯერჯერობით ამგვარი სურვილის შესახებ რაიმე სიგნალი არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ ბატონი მაკრონის განცხადება რუსეთთან ურთიერთობების დამყარების აუცილებლობის შესახებ.
დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ ჩვენი ურთიერთობების სრულად გაწყვეტა არალოგიკური, კონტრპროდუქტიული და საზიანოა. რუსეთი ყოველთვის დიალოგის შენარჩუნების მხარდამჭერი იყო. გვჯერა და გვწამს, რომ ამან შესაძლოა ყველაზე მწვავე და რთული პრობლემების გადაწყვეტაში შეიტანოს წვლილი“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დეკემბერში თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტის აღდგენა სურდა. თებერვლის დასაწყისში მან მოსკოვში მრჩეველი გაგზავნა.
„შედეგად მივიღე დასტური, რომ რუსეთს ამ ეტაპზე მშვიდობა არ სურს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ტექნიკურ დონეზე კომუნიკაციის არხები აღვადგინეთ“, — განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს რამდენიმე ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა.
„ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალაც იარსებებს და ის ჩვენს კართანაა. იმ დღეს, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ რუსეთთან ერთად ევროპაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

