კუბის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ „თითქმის სრულად ამოეწურა“ საავიაციო საწვავი და ქვეყანაში მცირდება კრიტიკულად აუცილებელი ნედლეულის მარაგები.
სულ მცირე, 11 მარტამდე ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ჰავანამ წერილობით გააფრთხილა ყველა ის საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელიც რეისებს ასრულებს კუნძულოვანი ქვეყნის მიმართულებით. საგულისხმოა, რომ ორი დღით ადრე კუბაში აცხადებდნენ, რომ საწვავის კრიზისი მოსალოდნელი იყო, თუმცა ის არ გამოიწვევდა მასშტაბურ შეფერხებებს, თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით.
„ახლა ველოსიპედის ტაქსები გვაქვს, რადგან ის ენერგიას არ საჭიროებს. სხვა არაფერი გვაქვს. ასე ვუმკლავდებით სირთულეებს და ვაგრძელებთ ცხოვრებას, რადგან სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია…“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ანამარია ალკასა.
„სამსახურამდე მივაღწევ, თუ ავტობუსი იქნება, მაგრამ შეიძლება მანქანით ან ტაქსით მისვლაც მომიწიოს და, თუკი არ მექნება ფული, სახლში დავრჩები. ყველაფერი დასრულდა, სხვა არაფერი დაგვრჩენია, მაგრამ არ დავნებდები…“ – ამბობს კუბის დედაქალაქ ჰავანას მცხოვრები, ხორხე ნარანხო.
ქვეყნის კომუნისტური მმართველობა „ენერგეტიკული ბლოკადის“ მოწყობაში კვლავ ვაშინგტონს ადანაშაულებს, საიდანაც მათ უკვე გასცეს პასუხი და მოუწოდეს მეტი „კონსტრუქციულობა და სიბრძნე გამოეჩინათ“, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით განცხადებას აკეთებენ.
ამასთან, თეთრი სახლი კვლავ მოითხოვს კუბისგან, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს ქვეყნის ირგვლივ არსებული პრობლემები, მათ შორის ემბარგოს მოხსნის საკითხი, დიპლომატიური გზით.
კუბისთვის ნავთობის მიწოდების საკითხზე დახმარების მზაობას მორიგ ჯერზე გამოთქვამს მექსიკა, რომელმაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ჰავანასთვის ნედლეულის მიმწოდებელ სახელმწიფოებს „მაქსიმალური ტარიფების“ დაწესებასთან დაკავშირებით.
„შეიძლება ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ კუბის ხელისუფლების რეჟიმს, თუმცა, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ეხებოდეს ხალხს. ამიტომ, ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერასა და ყველა საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევას ნავთობის მიწოდების აღსადგენად, რადგან ხალხის მოგუდვა არ შეიძლება. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა.
მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბაზე ზეწოლის გზით ეცდება, აიძულოს მისი კომუნისტური ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს. ზეწოლის ერთ-ერთ გზად დონალდ ტრამპმა ეკონომიკური სანქციების გაძლიერება აირჩია.
კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა წლებია, ისედაც მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, რაც ძირითადად ამერიკული ემბარგოთი არის გამოწვეული.
გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ემბარგოს მოხსნის საკითხი ამერიკულ კანონმდებლობაშია ასახული და ის რეჟიმის ცვლილებას საჭიროებს, თუმცა მეტი დეტალის შესახებ მას არაფერი უთქვამს.

