დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარემის მცხოვრები შუჰრატ ბარგუთი თავის ცარიელ მაცივარს გვაჩვენებს. მას არ აქვს საჭმელი, ბავშვები რომ გამოკვებოს. ისინი ძირითადად მშივრები წვებიან დასაძინებლად. ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, რადგან მას არ აქვს საშუალება, გაათბოს ბინა, რომლის ქირაც ასევე ორი წელია არ გადაუხდია.
ბარგუთის მეუღლემ 5 თვე ისრაელის ციხეში გაატარა ბარიერზე გადაძრომის გამო. იგი ისრაელში სამუშაოდ მიდიოდა. ომამდე წყვილი ისრაელში მუშაობდა და ერთად თვეში 5700 დოლარს გამოიმუშავებდა, ახლა კი უმუშევრები არიან და 14 000 დოლარი ვალი აქვთ.
„ომის შემდგომ ცხოვრება ჩემთვის რთული გახდა. რაც შეეხება ჩემს შვილებს, საერთოდ არ მაქვს საჭმელი, რომ გამოვკვებო. სკოლაში კი წავიდნენ დღეს, მაგრამ რვეულებსაც კი ვერ ვყიდულობ. მობრძანდით და ნახეთ ჩემი მაცივარი, ის ცარიელია. არაფერია შიგნით. ღამით ბავშვები მშივრები წვებიან. საერთოდ არ აქვთ საჭმელი. ღმერთმა ინებოს, შეგვიმსუბუქოს მდგომარეობა, გაგვიადვილოს ცხოვრება და დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს“, – ამბობს შუჰრატ ბარგუტი.
იგი იმ 100 000 პალესტინელს შორისაა, რომლებსაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ სამუშაო უფლება შეუჩერეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის, სადაც ისედაც რთულია სამუშაოს პოვნა, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
დასახლებებში დასაქმებული პალესტინელები, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის გამხელა, ამბობენ, რომ ომის დაწყების შემდეგ დამსაქმებლებმა გააძლიერეს უსაფრთხოების წესები. ისინი მცირე დარღვევის შემთხვევაშიც კი ათავისუფლებენ თანამშრომლებს, რადგან სამუშაოს მსურველი რეგიონში ისედაც ბევრია.
„რაც შეეხება ჩვენს სამუშაოს დასახლებებში, გადაადგილება გართულდა. უსაფრთხოების ზომები გამკარცდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გვითხრან, რომ გათავისულფებულები ვართ. ჩვენი სამუშაო მხოლოდ დროებითია. უსაფრთხოების მხრივ, სირთულეებს ვაწყდებით, პრობლემებია ტრანსპორტსა და გზებზე. ზეწოლაა სამუშაოზე. გაურკვეველია ყველაფერი. არ ვიცით, საერთოდ რა იქნება მომავალში. ეს არის ის ურთულესი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, -ამბობს ერთ-ერთი პალესტინელი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.
ისრაელელი დეველოპერი, რაფაელ დადუში ამბობს, რომ ნებართვების გაცემის აკრძალვამ ბევრი რამ შეაფერხა, რამაც ხალხს ხარჯი გაუზარდა.
ომამდე მას ძირითადად პალესტინელები ჰყავდა დასაქმებული. შემდეგ სცადა ჩინელი მუშებით ჩანაცვლება, თუმცა ამბობს, რომ იგივე შედეგი ვერ მიიღო. რაფაელი გონივრულად ეკიდება მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა მიაჩნია, რომ უნდა მოიძებნოს გზა პალესტინელების დასაბრუნებლად.
„ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს რაიმე გამოსავალი. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები. ისრაელში შემოსული ყველა მუშაკი საფუძვლიანად უნდა შეამოწმონ და მოსთხოვონ დასაქმებულებს, დროდადრო წარმოადგინონ დეკლარაციები. თუმცა, უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რათა ბაზარმა დაიწყოს აღდგენა და კონტრაქტორებმა არ მიმართონ უკანონო ქმედებებს“, – აცხადებს ისრაელელი კონტრაქტორი, რაფაელ დადუში.
მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ ისრაელის შეზღუდვების გამო დასავლეთ სანაპიროს ეკონომიკა კოლაფსის საფრთხის წინაშე დგას. პალესტინის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, ომამდე არსებულ დაახლოებით 12%-თან შედარებით, გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობა თითქმის 30%-ამდე გაიზარდა,
1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს ისრაელმა დასავლეთი სანაპირო, ღაზა და აღმოსავლეთი იერუსალიმი მიიტაცა. ეს ის ტერიტორიებია, რომლებსაც პალესტინელები მომავალი სახელმწიფოსთვის მოიაზრებენ. დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 3 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს 500 000-ზე მეტ ისრაელელთან ერთად. ისრაელელებს, პალესტინელებისგან განსხვავებით, თავისუფლად შეუძლიათ ტერიოტორიაზე შესვლა და გამოსვლა.

