„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ევროკავშირი კვლავ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ზონად რჩება, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანტიკორუფციული ძალისხმევა დიდწილად შეჩერებულია. კორუფციის აღქმის ინდექსი ორგანიზაციამ სამშაბათს გამოაქვეყნა.
ახალი მონაცემებით, საშუალო გლობალური მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა დასული და 42-ს უტოლდება. ევროკავშირის საშუალო შეფასება კი 100-დან 62-ია.
ევროკავშირის ყველაზე დაბალი ქულით შეფასებული ქვეყნები უნგრეთი და ბულგარეთი არიან. ორივე ქვეყნის მაჩვენებელი 40-ს შეადგენს.

„მედიის თავისუფლების ნაკლებობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შერყევა, კანონის უზენაესობის უფრო ფართო სისტემის დასუსტება, კორუფციის გაზრდილი რისკი საჯარო ხარჯებში… სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ანგარიშვალდებულების მთელი ჩარჩო მნიშვნელოვნად შესუსტდა“, – განმარტა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეგიონულმა მრჩეველმა ევროპაში, ფლორა კრესველმა ევრონიუსთან საუბრისას.
დაბალია რუმინეთის მაჩვენებელიც, და იგი 45-ია. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უკუსვლის ტენდენცია დააფიქსირა სლოვაკეთშიც, რომელსაც 48 ქულა აქვს.
ყველაზე მაღალქულიანი, შესაბამისად კორუფციისგან ყველაზე მეტად თავისუფალი ქვეყნები, დანია, ფინეთი და შვედეთი არიან. მათი მაჩვენებლები 89, 88 და 80-ია.
საფრანგეთის მაჩვენებელი 66-ია, შვედეთის კი – 78, და რეიტინგის კლება ორივე ქვეყანაში სანქციების აღსრულების პრობლემებსა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ სკანდალებს უკავშირდება. 78 ქულა აქვს ნიდერლანდსაც, რომლის მაჩვენებელშიც ასევე კლება შეინიშნება.

