8-თვიანი პატიმრობის შემდეგ ვენესუელის ციხე დატოვა ქვეყნის ექსპრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ერთ-ერთმა მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხუან პაბლო გუანიპამ.
ადგილობრივი მედიის თანახმად, პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ის შეიარაღებულმა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მან შეძლო მხარდაჭერისთვის მიემართა.
„ყოველგვარი დანაშაულის ჩადენის გარეშე 1 საათით დაკავება არის უკიდურესი უსამართლობა. და რაღა ვთქვათ დღეობით, კვირებით, თვეობითა და წლობით უსაფუძვლოდ დაკავებაზე? ერთადერთი დანაშაული, რაც ჩავიდინეთ — ეს არის ვენესუელის თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა.
მინდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა გადარჩენილია, რომ ვენესუელა წინსვლას განაგრძობს, რომ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას დემოკრატიის განვითარებაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია დავიცვათ ეს თავისუფლება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მივაღწიოთ ყველა პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას, რათა შევძლოთ ვენესუელის ახალი ისტორიის დაწერა – ისტორია, რომელშიც პატივს ვცემთ სიმართლეს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე საუბრობს შერიგებაზე, მე ვპასუხობ: ვეთანხმები შერიგებას, მაგრამ თუ წინ სიმართლე დაგვხვდება. შევხედოთ, რა მოხდა ვენესუელაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ვნახოთ, რატომ დაირღვა ვენესუელელი ხალხის ნება. ბევრი პატიმარი ციხეში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მოითხოვდა ვენესუელელი ხალხის ნების პატივსცემას“, – განაცხადა ვენესუელის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხუან პაბლო გუანიპამ.

8 თებერვალს საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებულებს შორის იყვნენ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია კორინა მაჩადოს გარემოცვის წევრები, ასევე ნიკოლას მადუროს ხელისუფლების კრიტიკოსები.
ზოგიერთმა მათგანმა ციხეში რამდენიმე წელიც გაატარა და პოლიტიკური მოტივით დაკავებულის სტატუსი მიიღო. გათავისუფლებული ოპოზიციონერი აქტივისტების თქმით, ბრძოლას არ შეწყვეტენ, სანამ მათი თანამოაზრეები ასევე არ დატოვებენ საპატიმროებს.
„ეს რთული პროცესი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ რჩება პატიმრობაში. ჩვენ გვინდა, თითოეული მათგანის გათავისუფლება. ეს ახალი ვენესუელის საწყისია — ვენესუელის, რომელშიც ჩვენ ერთიანი ვიქნებით, რადგან შიშის დრო წარსულს ჩაბარდა.
უპირველეს ყოვლისა, ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ რწმენა და, მეორეც, ახლა, როგორც ვენესუელელებს, გვაქვს ვალდებულება, როგორმე წვლილი შევიტანოთ ქვეყნისთვის ამ გარდამავალ ფაზაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფაზას მოჰყვება ნამდვილი დემოკრატია, სადაც გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, — თქვა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ალბანი კოლმერასმა.
პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების გათავისუფლება მიმდინარეობს ვაშინგტონის მხრიდან ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესზე მზარდი ზეწოლისა და კარაკასში გაეროს ადამიანის უფლებებზე მომუშავე უმაღლესი კომისრის წარმომადგენლების ვიზიტის ფონზე.

„მადლობა მარია კორინა მაჩადოს, ედმუნდო გონსალეზ ურუტიასა და აშშ-ის ხელისუფლებას, რომ ეს შესაძლებელი გახდა. 28 ივლისის გარეშე, როცა საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, არც 3 იანვარი იქნებოდა. მერწმუნეთ, 3 იანვრის გარეშე ბევრი ჩვენგანიც არ იქნებოდა გათავისუფლებული ციხეებიდან. ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ყველა არ გათავისუფლდება…“ — თქვა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მარია ოროპესამ.
თებერვლის დასაწყისში ვენესუელის პარლამენტმა მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომლითაც უკვე საკანონმდებლო დონეზე გახდება შესაძლებელი, დაჩქარდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი.
დაკავებულთა სიაში არიან ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და სხვა მოქალაქეები, რომლებიც გმობდნენ ნიკოლას მადუროს მმართველობის რეპრესიებს.
სწორედ ეს არის ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლებისადმი. მიუხედავად დაჩქარებული პროცესებისა და მზაობისა, ქვეყნის მასშტაბით გრძელდება იმ პირთა ოჯახების წევრთა საპროტესტო აქციები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან საპატიმრო დაწესებულებებში.
გარდა პატიმრების საკითხისა, ვენესუელა ეტაპობრივად გამოდის მრავალწლიანი იზოლაციის ხანიდან.
ქვეყანაში აღდგა საბურავების მწარმოებელი საწარმოს საქმიანობა, რომელიც 2018 წელს, ეკონომიკური კრიზისისა და ჰიპერინფლაციის გამო შეჩერდა. საწარმოს ხელმძღვანელების შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ისინი შეძლებენ ყოველთვიურად საშუალოდ 75 000-მდე საბურავის დამზადებას.
ჯერჯერობით მხოლოდ საბურავების ხელახლა გახსნილი საწარმო იქცა ვენესუელაში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, უცხოური ინვესტიციების შემოდინების მთავარ სიმბოლოდ.

