შტორმმა „ლეონარდომ“ პირენეს ნახევარკუნძულზე მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ესპანეთსა და პორტუგალიაში ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიის რეგიონში, ევაკუირებულია დაახლოებით 11 000 მოქალაქე.
გავრცელებულ კადრებში ჩანს წყალდიდობის შედეგად დატბორილი ტერიტორიები. კაშხლებში წყლის დონემაც საგრძნობლად მოიმატა.
ევაკუირებულთაგან დაახლოებით 1 500 ადამიანი ანდალუსიის მთის სოფელ გრასალემიდან არის. რეგიონის ხელმძღვანელმა, ხუან მანუელ მორენომ, ადგილობრივები გააფრთხილა, რომ წყალშემკრები ობიექტები სავსეა წყლით და, შესაბამისად, არსებობს მათი ჩამონგრევის საფრთხე.
გასულ კვირას კადისის პროვინციაში გრასალემის მცხოვრებლებმა დახმარება ითხოვეს. მათ მიწისქვეშ უცნაური ხმა გაიგეს, სახლების იატაკებიდან და კედლებიდან კი წყალი ჟონავდა.
ექსპერტთა კომიტეტი, რომელშიც გეოლოგები და ჰიდროლოგებიც შედიან, ნიადაგის სტაბილურობას აფასებს, რათა დაადგინოს, შეძლებს თუ არა ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას.
ოფიციალური პირების თქმით, მცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლების თანხლებით დროებით შესულიყვნენ სახლებში, რათა აეღოთ პირადი ნივთები, ტანსაცმელი და დოკუმენტები, ასევე გამოეყვანათ შინაური ცხოველები, რომელთა ევაკუაცია მანამდე ვერ მოხერხდა.
მალაგის პროვინციაში გასულ კვირას ერთი ქალი გაუჩინარდა. ის მდინარეში ჩავარდა, როდესაც ძაღლის გადარჩენას ცდილობდა. 6 თებერვალს ესპანეთის პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 1 000 მეტრის დაშორებით ერთი ადამიანის ცხედარი იპოვა. პოლიციის განცხადებით, იდენტიფიკაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცხედარი სწორედ გაუჩინარებულ ქალს ეკუთვნის.
ანდალუსიაში ძლიერი ქარიშხლის გამო განგაშის დონე კვლავ მაღალია. 7 თებერვალს რეგიონში კიდევ ერთ შტორმს – „მარტას“ ელოდნენ. ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, შტორმს შესაძლოა უფრო მეტი ნალექი და ძლიერი ქარი მოჰყოლოდა იმ რაიონებშიც, რომლებიც შტორმ „ლეონარდოს“ შედეგად უკვე დატბორილია.
მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათს რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
შტორმი „მარტა“ სავარაუდოდ, პორტუგალიასაც დაატყდება თავს.
პორტუგალიის მოსაზღვრე რეგიონში, ესტრემადურაში, ხელისუფლება არა მხოლოდ ძლიერ წვიმასა და მდინარეებში წყლის დონის მატებას ებრძვის, არამედ თოვლსაც, რომელმაც გზების გადაკეტვა და გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

