თუ მოსკოვს არ აიძულებენ, რეალურ დათმობებზე წავიდეს, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მცდელობებმა შესაძლოა რუსული აგრესიის გაძლიერებას შეუწყოს ხელი – ამბობს კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
ევრონიუსთან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელსაც შედეგი ჯერ არ გამოუღია. და თქვა რომ ჩიხი კრემლის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, მაშინ, როდესაც უკრაინა დათმობაზე წასვლის თვალსაზრისით ზეწოლის სამიზნეა.
„არ ველოდები, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდიდან რაიმე გამოვა“, – აღნიშნა კაია კალასმა.
გასულ კვირას უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს აბუ-დაბიში შეხვდნენ. უკრაინულმა მხარემ შეხვედრები „კონსტრუქციულად“ შეაფასა.
კალასმა აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ტრამპის ადმინისტრაციამ მოახერხა ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ კიევისა და მოსკოვისადმი წაყენებულ მოთხოვნებს შორის სხვაობა ძალიან დიდია.
„ჩვენ მხოლოდ ის ვნახეთ, თუ რისი დათმობისთვის არიან მზად უკრაინელები ამ ომის დასასრულებლად. რუსული მხრიდან არანაირი დათმობა არ გვინახავს“, – განაცხადა კაია კალასმა.
მას შემდეგ რაც ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე პროცესებს მიღმა დარჩა, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომ ევროკავშირმა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ბლოკს მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოადგენს და უკრაინას დაუჭერს მხარს.
ამასთან დაკავშირებით კაია კალასმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი არა ამ წარმომადგენლის ვინაობა არამედ ის იქნება, თუ როგორ მოხდება ეს და რა არის ბრიუსელის მიზანი ამ პროცესში.
„თუ რუსებს ჰგონიათ, რომ ამერიკელებისგან თავიანთ მაქსიუმს იღებენ, რატომ უნდა ისაუბრონ ევროპელებთან? ჩვენ მათ მხოლოდ მოთხოვნებს წარვუდგენთ,“ – აღნიშნა მან და ხაზი იმასაც გაუსვა, რომ რუსეთი ისეთ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, რომელიც მას „მოლაპააკებების იმიტაციიდან რეალურ მოლაპარაკებებზე“ გადაიყვანს. ეს კი დასავლეთის მხრიდან ძალასა და ერთიანობას მოითხოვს.
თავდაპირველმა სამშვიდობო გეგმამ, რომელიც უშუალოდ რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა, ევროპელებში გამოიწვია შეშფოთება, რომ უკრაინა იძულებული გახდებოდა ცუდ გარიგებაზე წასულიყო.
მას შემდეგ გეგმა არაერთხელ გადაიხედა და უკრაინის აღდგენისა და კეთილდღეობის პროგრამა დაემატა, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლა ჯერ არ შეინიშნება.


