ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არღაჩი ამბობს, რომ მას არ აშინებს რეგიონში აშშ-ის ჯარების განლაგება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე ზეწოლის გაზრდის მიზნით ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდი USS Abraham Lincoln, გემები და საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა.
აშშ-მ ავიამზიდის რიცხვი არაბეთის ზღვაში, ირანსა და აშშ-ის შორის 7 თებერვლის არაფორმალური მოლაპარაკებების შემდეგ გაზარდა.
არაფორმალურ მოლაპარაკებას, რომელიც ომანში შედგა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ერთად შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ადმირალი ბრედ კუპერიც ესწრებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ესმის, თუ რატომ ესწრებოდა ადმირალი ბრედ კუპერი მოლაპარაკებებს და რა მიზანს ემსახურება რეგიონში ამერიკული ავიამზიდის განთავსება. თუმცა, როგორც თავად აბას არაღჩი ამტკიცებს, თეირანის სიძლიერე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მას აქვს უნარი, დიდ სახელმწიფოებს უთხრას უარი.
„თუ ირანის ბირთვული პროგრამის მიზნებთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან ბუნდოვანება არსებობს, ჩვენ მათ პასუხს გავცემთ და ამ კითხვებს გავაქარწყლებთ. ამის ერთადერთი გზა დიპლომატიაა. მათ სხვა გზის გამოყენება სცადეს და ვერ შეძლეს. ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების საიდუმლო იმაშია, რომ მას შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს სხვების მხრიდან მომავალ დაშინებას, დომინირებისა და ზეწოლის მცდელობებს. ეშინიათ თუ არა მათ ჩვენი ბირთვული იარაღის? ჩვენი ბირთვული იარაღი ჩვენი თვითმიზანი არ არის. თუმცა ბირთვული იარაღი ჩვენი უნარია, ზესახელმწიფოებს ვუთხრათ უარი“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ის თანაბარ პირობებში უნდა წარიმართოს.
„მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ ირანელი ხალხის უფლებები აღიარებული და პატივცემული იქნება და ჩვენ ამ უფლების გამოყენებას შევძლებთ. ჩვენ არავისგან ვითხოვთ ჩვენი უფლებების აღიარებას; ის უკვე ოფიციალურია, ის არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს უფლებებს პატივი სცენ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ირანში გამართულ საგარეო პოლიტიკის ეროვნულ კონფერენციაზე აბას არაღჩი ბირთვული იარაღის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მხოლოდ ირანის გადასაწყვეტია, ექნება თუ არა ქვეყანას ბირთვული იარაღი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ აშშ ირანს შეუტევს, მაშინ ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანს იერიშს. აბას არაღჩის თქმით, ირანსა და აშშ-ის შორის ნდობა, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან ბოლო მოლაპარაკებებისას აშშ-მ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
„ყველასთვის ცხადია, რომ თუ აშშ თავს დაგვესხმება, ჩვენ არ გვექნება აშშ-ს ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა და წვდომა, შესაბამისად, მოგვიწევს რეგიონში აშშ-ს ბაზებზე თავდასხმა ან სხვა საპასუხო ზომების მიღება. სამწუხაროდ, აშშ-ს ბაზები მთელ რეგიონშია მიმოფანტული. ამერიკელებმა წინა რაუნდში დიპლომატიას უღალატეს. ამჯერად, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება გვსურს, მათ ნდობა უნდა აღიდგინონ. ჩვენ არასდროს დავტოვებდით მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია მუქარისშემცველი მიდგომები ჩვენი მეზობლების მიმართ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დიპლომატიისთვის, მაგრამ დიპლომატია, რომელიც ირანის ინტერესებს უზრუნველყოფს, თანაბარი პოზიციიდან გამომდინარეობს და პატივისცემაზეა დაფუძნებული,“ – განაცხადა აბას არაღჩიმ.
აშშ-ის ახლო მოკავშირეს, ისრაელს, მიაჩნია, რომ ირანმა ბირთვულ იარაღზე მუშაობა უნდა შეაჩეროს. ისრაელი ასევე ითხოვს ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების პროგრამისა და რეგიონში მებრძოლი დაჯგუფებების მხარდაჭერის შეჩერებას. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნა რეგიონისა და მსოფლიოსთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს.
„ირანის რეჟიმი საკუთარ ხალხს ხოცავს. ის ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას ქმნის. ყველაზე ექსტრემალური რეჟიმის მცდელობა, მოიპოვოს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი, ბირთვული იარაღი, აშკარა საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონსა და მსოფლიოში. ირანის რეჟიმის მიერ წარმოებული დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტა დააზარალებს ისრაელს და არამხოლოდ. რეჟიმმა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა რაკეტები. ამ რაკეტების რადიუსი ევროპის სახელმწიფოებსაც მოიცავს. ლიბანს არ შეუძლია თავისი სუვერენიტეტის დაცვა ირანის მიერ დაფინანსებული „ჰეზბოლას“ ტერორისტული არმიის გამო. იგივე ხდება იემენსა და ერაყშიც. არსებობენ ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც დაფინანსებული და შეიარაღებულია ირანის რეჟიმის მიერ,“ – განაცხადა ისარაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს 11 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატბში ვიზიტს გეგმას. იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების შედეგებსა და ირანის ბირთვული იარაღის საკითხს განიხილავს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შედგება თუ არა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია.

