საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა საფრანგეთის პოლინეზიის ტერიტორიულ წყლებში 4 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს და კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების გადამზიდავი კიდევ ერთი ნავი დააკავეს.
საფრანგეთის პოლინეზიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის საბაჟოებიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, ნარკოტიკებით დატვირთული ნავის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს. საზღვაო ძალებმა ბორტზე 4249 კილო კოკაინის 174 შეკვრა აღმოაჩინეს.
შეიარაღებული ძალების მინისტრმა კატრინ ვოტრენმა პლატფორმა იქსზე განაცხადა რომ მათ კარიბის ზღვის აუზში ერთ-ერთი გემიდან დამატებით დაახლოებით 678 კგ. კოკაინი ამოიღეს.
საფრანგეთის პოლინეზიის ტერიტორიულ წყლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული წინა ოპერაცია 16 იანვარს ჩატარდა, მათ თითქმოს 5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
საფრანგეთის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრმა დეკემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კოკაინის, როგორც უკანონო ნარკოტიკის რაოდენობამ საფრანგეთში კანაფს გადაასწრო.
საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულის შემთხვევები იზრდება. კოლუმბიაში, მსოფლიოში კოკაინის უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში, ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მრავალმხრივი გეგმა წარადგინა ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობასთან საბრძოლველად.
