შტორმმა „ლეონარდომ“ დამატებითი პრობლემა შექმნა პორტუგალიაში, რომელსაც გასულ კვირას შტორმმა „კრისტინმა“ გადაუარა, რის შედეგადაც. დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა ასობით მოქალაქე, ათიათასობით აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ბოლო ინფორმაციით, შტორმ „ლეონარდოს“ მიერ გამოწვეულ წყალდიდობას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.
საგანგებო სამსახურებს რთული პერიოდი აქვთ. პირველი თებერვლის შემდეგ ქვეყანაში იყო 3300 ინციდენტი, რომლებიც ძირითადად წყალდიდობებს, ხეების წაქცევასა და მეწყრულ პროცესებს უკავშირდებოდა.
სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიასთან გამკლავების პროცესში საგანგებო და შესაბამისი სამსახურების 11 000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული. 4 თებერვალს ცენტრალურ პორტუგალიაში სტიქიის ზონებიდან 300-ზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს.
ლისაბონის სამხრეთით, კერძოდ, ალკასერ დო სალში მდინარე საბო კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის მთავარი გამზირი დატბორა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვის მინისტრმა მარია და გრასა კარვალიუმ განაცხადა, რომ შტორმმა პიკს 5 თებერვალს მიაღწია. თუმცა მეტეოროლოგების პროგნოზით, ამინდი შესაძლოა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს.
შტორმმა „ლეონარდომ“ იბერიის ნახევარკუძულზე წყალდიდობები გამოიწვია. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია, დაიხურა სკოლები და შეწყდა მატარებლების მიმოსვლა.
ესპანეთში ადგილობრივმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ანდალუსიის სამხრეთ რეგიონში გადაუდებელი წვიმებისა და წყალდიდობის გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
ანდალუსიის საგანგებო სამსახურის ოფიციალური პირის განცხადებით, გრასალემის მთიან რეგიონში ვითარება საყურადღებო და შემაშფოთებელია.
მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 40 სანტიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც მადრიდში მთელი წლის განმავლობაში ნავარაუდები ნალექის საშუალო რაოდენობაზე მეტია.
ბოლო ინფორმაციით, ანდალუსიაში 3500-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. საგანგებო სამსახურების დასახმარებლად ადგილზე სამხედროებიც განლაგდნენ.
როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ძლიერი წვიმა და ქარი იქნება მომდევნო დღეებშიც როგორც პორტუგალიაში, ისე ესპანეთში. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და თავი შეიკავონ დაზარალებულ რაიონებში მოგზაურობისგან.
