სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ლიბანი დამასკოსთან დაძაბული ურთიერთობების განმუხტვას ცდილობს.
ამ გზაზე მხარეებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სადავო საკითხის გადაწყვეტა შეძლეს.
ბეირუთი დამასკოს 300 სირიელი პატიმრის გადაცემაზე შეუთანხმდა, რომლებმაც ლიბანის ციხეებში მრავალი წელი, სხვადასხვა დანაშაულისთვის გაატარეს.
ვიდრე მხარეები შეთანხმების გაფორმებამდე მივიდოდნენ, 1 კვირით ადრე, ლიბანის მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო, რამაც სირიისთვის პატიმრების გადაცემას მწვანე შუქი აუნთო.
გადაწყვეტილებას ორი ქვეყანა არამხოლოდ ჰუმანიტარულ აქტს, არამედ სამართლიანობისა და თანასწორობის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ.
მიმდინარე წლის თებერვალში ლიბანის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ სირიაში ბაშარ ალ-ასადის მმართველობისას ბეირუთი, ფაქტობრივად, დამასკოს კონტროლქვეშ იყო, ხოლო ასადის დიქტატურა არამხოლოდ ლიბანის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, არამედ მოქალაქეთა პირად ცხოვრებაშიც კი ერეოდა.
მანვე თქვა, რომ სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება მათზე ჰეგემონიით დაინტერესებული აღარ არის და ურთიერთობების დალაგება აჰმედ ალ-შარაას მთავრობასთან სავსებით რეალურია.
ლიბანსა და სირიას შორის არაერთი საკითხია დიპლომატიური უთანხმოების საგანი.
ბეირუთისთვის მტკივნეულ იარად რჩება სირიის ჯარების მიერ 2005 წლამდე გაგრძელებული ლიბანის ოკუპაცია, დამასკოში კი მიუთითებენ, რომ ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აქტიურად იყო ჩართული სირიის სამოქალაქო ომში, რაც არაერთხელ გამხდარა მხარეთა ურთიერთბრალდებების საგანი.
