აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ ერთი ნარკოტიკებით მოვაჭრე ნავი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად აშშ-ის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ნავი ნარკომოვაჭრეებისთვის ნაცნობ მარშრუტებს გადიოდა და წინასწარ დაგეგმილ ოპერაციებში იყო ჩართული. აშშ-ის მხარის ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
ნარკომოვაჭრეებზე იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების ომის მდივნმა, პიტ ჰეგსეტმა განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის გაზრდილი ზეწოლიდან გამომდინარე, ნარკოტიკებით მოვაჭრე კარტელების ნაწილმა ვაჭრობა შეაჩერა.
„გამარჯვება: ნარკოტიკებით მოვაჭრე წამყვანი კარტელების ნაწილმა გადაწყვიტა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტონ ყველა ნარკოოპერაცია კარიბის ზღვის აუზში, ბოლო დროს ჩვენი ძალიან ეფექტური დარტყმების შედეგად. ეს არის შეჩერება ძალის გამოყენების მეშვეობით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკელების სიცოცხლეებს არჩენს“, – წერს პიტ ჰეგსეტი სოციალურ მედია X-ზე.
ნარკოტიკებით დატვირთულ ნავებზე თავდასხმები აშშ-მ 2025 წლის სექტემბრიდან მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა მას შემდეგ რაც ამერიკული სპეცოპერაციის შედეგად ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო იანვარში დაატყვევეს, შტატებმა ნარკოტიკებით დატვირთულ მხოლოდ ერთი ნავი ჩაძირა. ერთი თვით ადრე კი 2025 წლის დეკემბერში პენტაგონმა ათზე მეტი ნავი ჩაძირა. სექტემბრიდან მოყოლებული, რაც აშშ-მ აქტიურად დაიწყო ნარკოტიკებით მოვაჭრე ნავებზე იერიშების მიტანა, 36 იერიშის შედეგად, ჯამში 128 ადამიანი დაიღუპა.


