ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად ხდება და დონალდ ტრამპის ოვალურ ოფისში დაბრუნების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის კიდევ ერთი ნიშანია.
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია 2021 წლის ბოლოს შეწყდა – სულ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე კრემლი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა.
ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, რომ ომს, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება, ძალიან სწრაფად დაასრულებდა, თუმცა, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მისი მხრიდან წამოსული არაერთი წინადადება, მათ შორის უკრაინისთვის ტერიტორიის დათმობის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, კრემლის ინტერესებს ემთხვეოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის განცხადებით, აღდგენილი საკომუნიკაციო არხები შტატებსა და რუსეთს შორის „უზრუნველყოფს სამხედრო კონტაქტის მუდმივობას მაშინ, როცა მხარეები გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაზე მუშაობენ“.
შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთს, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. ორ-დღიანმა შეხვედრებმა ტყვეების გაცვლისა და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმებები მოიტანა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთში 157 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი დაბრუნდა.
უკრაინის თანახმად კი, სანაცვლოდ მათ რუსეთის ტყვეობიდან 157 უკრაინელი – 150 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირი დაიბრუნეს. კიევი აღნიშნავს იმასაც, რომ გათავისუფლებული სამხედროები „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“ იყვნენ და ზოგიერთ მათგანი საგანგაშოდ გამხდარი იყო.
„დღეს დაბრუნებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ტყვეობაში თითქმის ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ. რუსული სისასტიკის გათვალისწინებით ეს ძალიან დიდი დროა – უკიდურესად მძიმე. მიხარია იმ ოჯახების, ნათესავებისა და თანამებრძოლების გამო, რომლებიც საყვარელ ადამიანებს ელოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა დავაბრუნოთ – თითოეული ადამიანი – სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დიდები და ბავშვები. ჩვენ ყველა გვახსოვს და თითოეულის შესახებ ვამოწმებთ ინფორმაციას.
ამერიკულ და რუსულ მხარეებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული ორი-დღიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს ჩვენი წარმომადგენლებისგან ცნობები მივიღე. ველი მათ კიევში დაბრუნებას რათა სრულფასოვანი ინფორმაცია პირისპირ საუბრისას მივიღო, რადგან ბევრი საკითხი ტელეფონით სათანადოდ ვერ განიხილება. რაც უკვე შეიძლება ითქვას, ისაა, რომ უახლოეს მომავალში დამატებითი შეხვედრებია დაგეგმილი, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში. ჩვენ მზად ვართ ყველა სამუშაო ფორმატისთვის, რომელიც რეალურად დაგვაახლოებს მშვიდობას და მას მტკიცე და ხანგრძლივად აქცევს, რუსეთს კი საბოლოოდ ჩამოართმევს ომის გაგრძელების სურვილს. უმნიშვნელოვანესია, ეს ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთმა საკუთარი აგრესიისგან სარგებელი ვერ მიიღოს. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც აღადგენს და გარანტიას მისცემს რეალურ უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდი ყველა, პარტნიორს, რომელიც ამაში მხარს გვიჭერს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამმხრივი მოლაპარაკებების მონაწილე ოფიციალურ პირებს შედეგების შესახებ დეტალურად არ უსაუბრიათ. ეს აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდია – პირველ რაუნდზე რუსეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები გასულ თვეში შეხვდნენ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ სამშვიდობო ვარიანტების განსახილველად.
მოლაპარაკებების დასრულებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ომში 55,000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
მან აღნიშნა ისიც, რომ უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება და რომ მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა.
გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის დეკემბრამდე უკრაინაში თითქმის 15,000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40,000-ზე მეტი დაიჭრა.

