მთავარიაზიაჩინეთირუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ვიდეოკონფერენციის შემდეგ სი ძინპინს დონალდ ტრამპიც ესაუბრა

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ვიდეოკონფერენციის შემდეგ სი ძინპინს დონალდ ტრამპიც ესაუბრა

„რუსულ-ჩინურ ურთიერთობებში წელიწადის ნებისმიერი დრო – გაზაფხულია“ – 4 თებერვალს ამ სიტყვებით მიმართა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს მასთან გამართული ვიდეოსაუბრისას.

ნახევარსაათიანი კომუნიკაცია მხარეებმა გამოიყენეს ორმხრივი სტრატეგიული კავშირების გაღრმავების აუცილებლობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ერთმანეთის მხარდაჭერაზე სასაუბროდ.

„მზარდი გლობალური ტურბულენტობის პირობებში, მოსკოვისა და პეკინის საგარეო პოლიტიკური ალიანსი რჩება მთავარ მასტაბილურებელ ფაქტორად. მზად ვართ, მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე, როგორც ორმხრივ საფუძვლებზე, ისე მრავალმხრივი ფორუმების – გაეროს, ბრიქსის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში და იქაც, სადაც რუსულ-ჩინური ტანდემი მრავალმხრივ ურთიერთობებში საკვანძო როლს ასრულებს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

„გასულ წელს საზეიმოდ აღვნიშნეთ ანტიფაშისტურ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი, რაც ნათელი დემონსტრირებაა ჩვენი ქვეყნების მზაობა, დავიცვათ მეორე მსოფლიო ომის შედეგები და საერთაშორისო სამართლიანობა. ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობა დინამიკურად და სტაბილურად ვითარდება. ჩვენ ვავითარებთ რუსეთისა და ჩინეთის კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებსაც და ვაპირებთ სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებასაც…“ – განაცხადა სი ძინპინმა.

ორი ქვეყნის ლიდერთა შორის ეს კომუნიკაცია შედგა სი ძინპინისა და რამდენიმე დასავლური სახელმწიფოს პირველ პირებთან სატელეფონო საუბრების სერიის ფონზე. ეს კი იმის მიუხედავად, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაში პეკინი მოსკოვის მოკავშირედ ითვლება. ამის გამო, ევროპელი ლიდერები, განსაკუთრებით ბოლო 4 წელია ცდილობდნენ, გაეზარდათ წნეხი ჩინეთზე, რათა კრემლს შეეწყვიტა ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა ახლა ევროპა პეკინთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.

ევროპული სახელმწიფოების შეცვლილი პოლიტიკა მეტწილად უკავშირდება მათსა და ვაშინგტონს შორის მზარდ უთანხმოებას, რომელიც ძირითადად გრენლანდიის საკითხს უკავშირდება.

მიმდინარე წლის იანვარში, 8 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთს ეწვია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელიც დაძაბული ურთიერთობების დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ მხარეებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმებები უნდა გაფორმდეს.

შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით სარგებლობს ჩინური მხარეც, რომელიც მიისწრაფვის, რომ დასავლეთთან დამთბარი ურთიერთობით, ხელი შეეწყობა დაწესებული სანქციების გაუქმებას.

პეკინისადმი მოკავშირეთა პოლიტიკით უკმაყოფილოა ვაშინგტონი და მათ ტარიფების მაქსიმალურად გაზრდით ემუქრება. ამის მიუხედავად, 4 თებერვალს სატელეფონო საუბარი გაიმართა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „შესანიშნავი“ უწოდა. მხარეებმა ირანისა და ტაივანის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს. პეკინის თანახმად, სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგას დაუდასტურა, რომ არ აპირებს უარი თქვას ტაივანის შემოერთებასთან დაკავშირებულ გრძელვადიან გეგმებზე.

„ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩინეთის რესპუბლიკა, რაც ტაივანის ოფიციალური სახელწოდებას წარმოადგენს, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ არიან ერთმანეთის დაქვემდებარებაში და ტაივანი არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი.

მეორე, უცვლელი რჩება შეერთებული შტატების ვალდებულებები, რომლებიც დაფუძნებულია ტაივანის ურთიერთობების აქტსა და ტაივანისადმი ექვს გარანტიაზე. ტაივანისა და აშშ-ის ურთიერთობები მტკიცეა და ყველა თანამშრომლობის პროექტი გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ყველა თანამემამულე მხარს დაუჭერს მთავრობასა და ქვეყანას და რომ ჩვენ შევძლებთ ერთად ვიმუშაოთ, რათა ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალოს…“ – განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ცინ-დემ.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინისადმი მას „განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება“ აქვს და ორივე მათგანს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების შენარჩუნება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აპრილში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს, რომელსაც „მოუთმენლად ელის“, თუმცა პეკინს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend