ჩინეთის შანსის პროვინციაში, ცინიუანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შეაქვთ მაშველებს შესაბამისი აღჭურვილობა მაღაროში.
ბოლო ინფორმაციით, მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად 82 პირი დაიღუპა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, მაშველები რიგრიგობით ჩადიოდნენ მაღაროს შახტაში, დატბორილ გვირაბებში მათ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ.
როგორც ცნობილია, სამაშველო სამუშაოებს გვირაბის რთული რელიეფიც აფერხებდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 22 აპრილის სასიკვდილო ინციდენტის შემდეგ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ქვანახშირის მაღაროში კანონის სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, თუმცა კონკრეტულად რა დარღვევებზე იყო საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიუშენიუს ქვანახშირის მაღაროს ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ნახაზები არ შეესაბამებოდა რეალურ გეგმას, რამაც სამაშველო სამუშაოების შეფერხება გამოიწვია..
ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ განაცხადა, რომ მაღაროში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებელი პირები, კომპანიის წარმომადგენლები, უკვე დაკავებული არიან.
შემთხვების ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პერსონალმა მაღაროელების ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილები მოაწყო. დაზარალებულებს ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებასაც უწევენ.
ჩინეთში ენერგიის მთავარ წყაროდ კვლავ ქვანახშირია მისი მაღალი ხელმისაწვდომობისა და დაბალი ღირებულების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აჩქარებს მწვანე ენერგიაზე გადასვლას. ასეთ ობიექტებზე გამოვლენილი ხშირი ავარიის გამო ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გარკვეული ზომები უკვე მიიღო.
