კატეგორიები

ესპანეთი თინეიჯერებისთვის სოციალურ ქსელებს აკრძალავს

ესპანეთი თინეიჯერებისთვის სოციალურ ქსელებს აკრძალავს

ესპანეთი 16  წლამდე თინეიჯერებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას კრძალავს. მადრიდის ახალი მიდგომების თანახმად სოცმედია პლატფორმებს დაევალებათ უფრო ძლიერი ასაკობრივი ვერიფიკაციების სისტემის ამოქმედება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მსოფლიო მთავრობების სამიტზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ ისეთ სივრცეში, რომელშიც მარტო ყოფნა მათთვის არასოდეს მოგვიაზრებია. სივრცე რომელიც სავსეა დამოკიდებულებით, შეურაცხყოფით, პორნოგრაფიით, მანიპულაციით თუ ძალადობით. ამას უბრალოდ ვეღარ მივიღებთ“- აღნიშნა პედრო სანჩესმა.

ესპანეთის მთავრობამ დააანონსა 5 კონკრეტული ზომა, რომელსაც  ციფრული პლატფორმების დასარეგულირებლად აამოქმედებენ. მათ შორისაა სოცმედია პლატფორმებში სიძულვილით სავსე ან უკანონო კონტენტის განთავსებაზე კომპანიების აღმასრულებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ იდეას თავად ციფრული კორპორაციები ნეგატიურად ხვდებიან. ზოგადი რეფორმის ირგვლივ კი აზრები იყოფა.

**„მე ვეწინააღმდეგები ზოგად აკრძალვებს, თუმცა იმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ მშობლებმა გარკვეული კონტროლი დააწესონ ამ პროცესზე. ვთვლი, რომ ამგვარი პროტექცია, რასაც ახლა ვუყურებთ, აზრსაა მოკლებული, რადგან დღის ბოლოს ბავშვები საკმაოდ ჭკვიანები არიან და იპოვიან ამ რეგულაციების გვერდის ავლის გზებს. აკრძალვა კი მოგეხსენებათ მეტად მოგვანდომებს სოციალურ მედიას. ზოგადად სკოლის საგნებზე ბევრს ვშფოთავ და მინდა გითხრათ, რომ სოციალური ქსელები ერთგვარი განტვირთვაა ამ დროს“-**აღნიშნა 14 წლის კარლამ.

ესპანეთამდე იგივე ზომა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც დააანონსეს. ყველაფერი კი ავსტრალიით დაიწყო, სადაც მსოფლიოში პირველად დაწესდა სოცმედია აკრძალვა 16 წლამდე ბავშვებისთვის. ამას დომინოს ეფექტი ჰქონდა და ახლა ბევრმა სახელმწიფომ დაიწყო საკითხის დამუშავება. ასეთია საბერძნეთიც, სადაც შეზღუდვები სოციალურ ქსელებზე 15 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა გათვალისწინებული. ათენში მომუშავე ციფრული კრიმინალისტები თვლიან, რომ საუკეთესო მიდგომა აკრძალვების დაწესებაა არა თინეიჯერებზე, არამედ თავად კომპანიებზე.

„ეს კარგ გამოსავალს ჰგავს, თუმცა არ მგონია პრობლემა გადაჭრას, ის უბრალოდ დროებით მოხსნის მას. პრობლემა კი რეალურად საზოგადოებაშია, კითხვა ისაა  რას უკეთებს მედია ადამიანებს თუ ის, რას უკეთებენ ადამიანები მედიას. შეგვიძლია გავაუქმოთ ანგარიშები,მაგრამ ადამიანები მოძებნიან უფრო კრეატიულ გზებს, რომელიც შესაძლოა გაცილებით საშიში გამოდგეს. თუ პრობლემას გვსურს გავუმკლავდეთ უნდა ჩავუღრმავდეთ მას, დავფიქრდეთ იმაზე თუ რატომ აქვთ ჩვენს ბავშვებს ეს ჩვევა, მათ სურთ ემოციები დაიკმაყოფილონ, გამოკვებონ ის, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს სწრაფ კვებას ჰგავს,  როდესაც გვსურს სწრაფად ვჭამოთ   და ეს პრობლემას იწვევს. ამ შემთხვევაში ჩვენი თაობა  სწრაფი ემოციებისკენ ისწრაფვის“ – ამბობს ციფრული კრიმინალისტი, კელი იოანუმ.

იანვარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბერძნეთში ამგვარი აკრძალვის დაწესებას გამოკითხულთა 80% დაუჭერს მხარს. მკვლევრების დაკვირვებით სოცქსელებში დაცინვა, სიძულვილის ენის გამოყენება, რევანშის მიზნით განთავსებული პორნოგრაფიული შინაარსის მასალები, შევიწროების, დამცირებისა თუ ფინანსური შანტაჟის შემთხვევები საგრძნობლადაა მომატებული. მათ  სჯერათ, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გზა საკითხის სიღრმისეული გააზრება და აღზრდაზე კონცენტრირებაა, ტექნოლოგიურ ეპოქაში სადაც ადამიანების  სურვილები აჩქარებულია.

Related news
ესპანეთი აცხადებს, რომ მისი ბაზები ვერ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის ესპანეთი მწვავედ აკრიტიკებს აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას