გრენლანდიის ბიზნესის, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ნააია ნათანიელსენმა ევრონიუსს განუცხადა, რომ გრენლანდიის მთავრობა ცდილობს, გაერკვეს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებში. მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ მის არქტიკულ ქვეყანას საკუთარ მინერალურ რესურსებზე „სრულ წვდომას“ მოსთხოვენ, ამას გრენლანდია წითელი ხაზის გადაკვეთად ჩათვლის.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი:
„დღეს ჩვენთან სტუმრად არის გრენლანდიის ბიზნესის, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრი ნააია ნათანიელსენი. მთავრობა, რომელსაც ის წარმოადგენს, ახლა იწყებს მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანიასთან გრენლანდიის მომავალზე. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაინც უპრეცედენტო წვდომას ითხოვს არქტიკულ კუნძულზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელი აიღო თავდაპირველ მუქარაზე, ძალისმიერი გზით მიეტაცებინა ან შეესყიდა კუნძულის ტერიტორია. დიდი მადლობა, ქალბატონო მინისტრო, რომ მობრძანდით.“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „პირველ რიგში, შეიძლება ის რამდენიმე დრამატული დღე გაიხსენოთ, როდესაც გრენლანდიის მომავალი იდო სასწორზე? ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ შესაძლებელია, რომ გრენლანდიელებმა ტრამპის ამერიკა თავის მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნიონ?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი:
„თუ ბოლო დაახლოებით 14 დღის მოვლენებს გავიხსენებ, ჩემი აზრით, მივხვდებით, რომ გრენლანდიის მიმართ ძალიან მოიმატა ამერიკის ინტერესიდან გამომდინარე რიტორიკამ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამერიკას გრენლანდიის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი ხანია აქვს, შეიძლება ითქვას საუკუნეზე მეტიც კია, ეს უნდა. ასე რომ, ჩვენ შეჩვეული ვართ ამერიკის ამ ინტერესს. და იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის სფეროში შევდივართ. ასე რომ, ეს ნაწილი ჩვენთვის ახალი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ გრენლანდიის ყიდვა ან თუნდაც ძალისმიერი გზით მიღება მოინდომეს. ჩვენ არ ვართ ტერიტორია. ჩვენ ქვეყანა ვართ. დანიის სამეფოს სრულუფლებიანი ნაწილი და მის ფარგლებში არსებული სრულუფლებიანი ქვეყანა. ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც აქვს საკუთარი კანონით აღიარებული უფლებები. ამიტომ, რასაკვირველია, თუ ჩვენი თანხმობის გარეშე რამე მოხდებოდა, ეს საერთაშორისო სამართლის ძალიან დიდი და უხეში დარღვევა იქნებოდა“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „ტრამპმა აშკარად უკან დაიხია და შეცვალა თავისი ყველაზე საშიში რიტორიკა. მაგრამ თქვენ ახლა იწყებთ მოლაპარაკებებს მის ადმინისტრაციასთან და დანიასთან მომავალ შეთანხმებაზე. ტრამპი ამბობს, რომ ჩარჩოშეთანხმება უკვე არსებობს. იცნობთ ამ ჩარჩოშეთანხმებას და რას გულისხმობს ეს დოკუმენტი?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „არავითარი შეთანხმება არ არის ჯერჯერობით. რაც ამჟამად ხელთ გვაქვს, ეს არის შეთანხმება დიალოგის დაწყებაზე… შესაძლოა, რამდენიმე სხვადასხვა დიალოგიც გაიმართოს. ასე მგონია, იქნება დიალოგი ნატოს ეგიდით, რომელიც შეეხება უკიდურეს ჩრდილოეთში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას. და ეს, სავარაუდოდ, გრენლანდიაში მოხდება. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. თანაც შესაძლოა, იყოს სამმხრივი დიალოგი, ერთი მხრივ, ამერიკასა და დანიის სამეფოს შორის, რომლის თანმდევი ნაწილიც იქნება დიალოგი გრენლანდიასა და დანიას შორის. ჩვენთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, კონკრეტულად რა არის ამერიკის ინტერესი, რადგან აქამდე ამის შესახებ არაფერი გვსმენია. და ამას გარდა, შესაძლოა, შედგეს საუბარი უფრო მჭიდრო ბიზნესკავშირების თაობაზე. ეს კი სრულიად სხვა ტიპის დიალოგი იქნება“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თქვენ ბრძანეთ, რომ ხართ ქვეყანა, ხალხი, თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გრენლანდიის სუვერენიტეტი და მისი საზღვრების მთლიანობა არ უნდა დაირღვეს, რომ ეს არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. და მაინც ტრამპი საჯაროდ აცხადებს, რომ სურს სრული წვდომა თქვენს ქვეყანაზე. თქვენი აზრით, რამდენად დასაშვებია კომპრომისი ამ მხრივ?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „თუ გადახედავთ უკვე მოქმედ 1951 წლის შეთანხმებას, ამერიკას ფართო წვდომა აქვს გრენლანდიის ტერიტორიაზე და ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. არც ის წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას, თუკი ეს ხელშეკრულება რამენაირად განახლდება. მაგრამ, რასაკვირველია, დეტალურად უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეიძლება მოიცავდეს ეს განახლება და რამდენად არ გადაკვეთს ჩვენს წითელ ხაზებს. რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც თავად აღნიშნეთ, გვინდა, ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი ხელუხლებლად დარჩეს“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თუმცა თქვენ მინერალური რესურსების მინისტრი ბრძანდებით და ჩვენ ვიცით, რომ გრენლანდია კრიტიკული მნიშვნელობის მქონე წიაღისეულის დიდი საბადოა. რამდენად განიხილავენ მოლაპარაკებების დროს საკითხს, რომ ამერიკელებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ამ რესურსებზე, მეტი კონტრაქტი გააფორმონ მინერალების მოპოვებაზე იმ კომერციული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც წეღან ახსენეთ?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „მე არ მინდა, რომ თავდაცვის შესახებ დადებული შეთანხმება რამე ფორმით მოიცავდეს ჩვენს მინერალებზე წვდომის საკითხს. ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. ჩვენ მზად ვართ კარი გავუღოთ ამერიკულ ინვესტიციებს და მასთან ვითანამშრომლოთ. უკვე გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 2019 წელს ტრამპის პირველი ვადის დროს დაიდო და რომლის განახლებასაც ვცდილობდით. მაგრამ, ჩემი აზრით, ვერ მოვათავსებთ ამ ორ საკითხს ერთ კალათაში, რადგან ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ვერ მივცემთ სხვა ქვეყანას ჩვენს მინერალებზე სრულ წვდომას. ჩვენი ქვეყანა კანონს ეფუძნება, ამიტომ ეს წვდომა რომ მიიღო, რასაკვირველია, ადგილობრივი წესები და რეგულაციები უნდა დაიცვა. თუმცა ნამდვილად დაინტერესებული ვართ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებით და გვინდა მოვიფიქროთ, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი მინერალების სექტორი ისე, რომ ორივე მხარემ ვისარგებლოთ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „, რა თქმა უნდა, რამდენიმე სხვა ინვესტორსა და ქვეყანასაც აქვს ინტერესი გრენლანდიის წიაღისეულის სექტორის მიმართ, მათ შორის არიან ჩინეთთან დაკავშირებული კომპანიებიც. აცნობიერებთ, რომ ეს, ცოტა არ იყოს, ტრამპს აფიქრებს? რამდენად მოისურვებთ, რომ შეზღუდოთ დასავლეთის მოწინააღმდეგეების, მაგალითად, ჩინეთის მიერ თქვენი წიაღისეულის სექტორში ინვესტიციების ჩადება?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „ამჟამად, რამდენადაც ვიცი, ორმა ჩინურმა კომპანიამ ჩადო ინვესტიცია ჩვენი სასარგებლო წიაღისეულის სექტორში. ორივეს ლიცენზია შეჩერებულია და ორივემ სასამართლოში შეიტანა სარჩელი გრენლანდიის მთავრობის წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენი წიაღისეულის სექტორში მაინცდამაინც დიდ ჩინურ ინტერესს ვერ ვხედავ. ჩინელები არც ჩვენს ტერიტორიულ წყლებში არიან დიდად შემოსული, როგორც ითქვა. ჩემი აზრით, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ ვაჩვენეთ, სადაც ვდგავართ მოკავშირეობისა და პარტნიორობის თვალსაზრისით და აშკარად დასავლური სამყარო ავირჩიეთ პარტნიორად – ევროკავშირი, ამერიკა, კანადა და გაერთიანებული სამეფო. და მიმაჩნია, რომ რეგულაციებითაც და ჩვენი პოლიტიკითაც წარმოვაჩინეთ ჩვენი პოზიცია“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „ქალბატონო მინისტრო, ბოლო პერიოდში ზოგიერთი გრენლანდიელი საკმაოდ შეშინდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრამპი სასურველი ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიღების შესაძლებლობაზე საუბრობდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ დასაშვებია, შედგეს დიალოგი ნატოს ბაზების გაფართოების თაობაზე. მაგრამ როგორ გგონიათ დღეს ევროპა და სხვა დასავლეთელი მოკავშირეები, ამერიკის გამოკლებით, მზად არიან და შეძლებენ გრენლანდიის დაცვას, თუ ეს საჭირო იქნება?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „მგონია, რომ ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი არ აქვს. მიმაჩნია, რომ ნატომ, როგორც გლობალურმა ალიანსმა, გაამართლა. მისი წევრი ქვეყნები, წევრი სახელმწიფოები ყოველთვის ყველაფერზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ამ ალიანსმა, ჩემი აზრით, მსოფლიოს გაცილებით დიდ ნაწილს მისცა მშვიდობასა და კეთილდღეობაში ცხოვრების საშუალება, და არა მხოლოდ ნატოს წევრებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის კარგი ალიანსია. მჯერა თუ არა რომ მომავალშიც არაფერი შეიცვლება? მსოფლიოს ისტორიის გათვალისწინებით – არ მჯერა. წლების შემდეგ რაღაც-რაღაცები იცვლება და მოკავშირეებიც იცვლებიან. და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენც შეგვეხება ოდესმე. ჩემი აზრით, ამჟამად ევროპაში ძალიან ბევრს ოცნებობენ, მისტირიან იმას, რაც იყო. მაგრამ ჩვენ ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. და როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმაც თქვა, ბზარი უკვე გაჩნდა. ამიტომ მგონია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს საკუთარი პოზიცია ამ ახალ ალიანსებში და გადაწყვიტოს, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს მომავალში, რა ღირებულებებმა გვინდა განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკა მომავალში? ეს არ იქნება უფასო. ამას მოჰყვება რთული საუბრები მოკავშირეებს, მეგობრებს შორის და ქვეყნის ეკონომიკაც გადაიხდის საფასურს. ამიტომ მგონია, რომ ამჟამად ძალიან ბევრი რამ გაურკვეველია არა მხოლოდ გრენლანდიაში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც. და უნდა დავაკვირდეთ, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თქვენ ძალიან მოკლედ შეეხეთ ახალ მსოფლიო წესრიგს, კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის მიერ ნახსენებ ბზარს. რამდენად გეშინიათ, რომ გრენლანდია შესაძლოა განსაკუთრებულად დაუცველი აღმოჩნდეს, რადგან ვიცით, რა სტრატეგიული მდებარეობა უკავია მას არქტიკაში. ვიცით, რომ მდიდარია წიაღისეულით. რა უნდა გააკეთოს გრენლანდიამ თავის დასაცავად ამ ახალ მსოფლიოში, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს მისი ბედი?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „გრენლანდია ვერასდროს შეძლებს დამოუკიდებლად თავის დაცვას სამხედრო გზით. ეს არასდროს გვქონია გეგმაში. ჩვენ ყოველთვის დაუცველი ვიყავით დიდი ქვეყნების ინტერესების მიმართ. წარსულში კოლონია ვიყავით. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ გარესამყარო ჩვენი რესურსების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა და მიმაჩნია, რომ მშვენივრად მოვახერხეთ საერთაშორისო სამართალზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენება. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუ მომავალში გრენლანდიის ბედი ამა თუ იმ ფორმით სასწორზე აღმოჩნდება, მთელი დასავლური სამყაროც მის ბედს გაიზიარებს. გრენლანდია მხოლოდ მისი ნაწილი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სისტემა დაირღვა და ვეღარ დაეყრდნობი საერთაშორისო სამართალს. ეს ვითარებას მხოლოდ გრენლანდიაში კი არ შეცვლის, არამედ ყველა ქვეყანაში, რომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „და ბოლოს, თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია ბოლო რამდენიმე კვირამ თუ თვემ გრენლანდიის თვითგამორკვევისა და ბოლოს უკვე დამოუკიდებლობისკენ გახშირებულ მოწოდებებზე? როგორ გგონიათ, ცოტა ხომ არ ჩაცხრა ეს მოწოდება და ხომ არ მიხვდით, რამდენად ძლიერად ხართ დამოკიდებული დანიასა და ევროპაზე? თუ მაინც გგონიათ, რომ ისევ შესაძლებელია გრენლანდიის თვითგამორკვევის საკითხის დაყენება?“
ნააია ნათანიელსენი, გრენლანდიის მინერალური რესურსების მინისტრი: „ჩემი აზრით, ნებისმიერი ქვეყანა ისწრაფვის თვითგამორკვევისკენ. თქვენი ქვეყანა არ ისწრაფვის? ეს ბუნებრივი მგონია და ჩვენ არასდროს ვუყურებდით ამ გზას, როგორც სპრინტს. მას ყოველთვის განვიხილავდით, როგორც მარათონს და ჩვენ მივისწრაფვით მეტი თვითგამორკვევისკენ დანიის სამეფოს ფარგლებში. ასეთია ხალხის სურვილი ახლა და ასეთი იყო მრავალი წლის განმავლობაში. გარდაუვალი და სრულყოფილი სუვერენიტეტი ერთი ხელის გაწვდენაზე არასდროს ყოფილა. ასე მგონია, გრენლანდიაში ამაზე იმდენს არ მსჯელობდნენ, რამდენსაც უცხოური მედია აშუქებდა. ასე რომ, ჩვენ ვისწრაფვით თვითგამორკვევისკენ ყველა ასპექტში. თუ გადახედავ გრენლანდიის საზოგადოებას და თავად ქვეყანას, ნამდვილად მტკიცე ინსტიტუტები შევქმენით ბოლო 30-40 წლის განმავლობაში და დავამტკიცეთ, რომ თანდათან მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ საზოგადოებაზე. ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ ძალიან ცოტა ვართ, მხოლოდ 57 ათასია ჩვენი ამჟამინდელი მოსახლეობის რიცხვი. ამიტომ ვერასდროს მოვიპოვებთ სრულ დამოუკიდებლობას და ვერ შევძლებთ საკუთარი ქვეყნის დაცვას დამოუკიდებლად სამხედრო თვალსაზრისით. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. უბრალოდ მეტი თვითგამორკვევის უფლება გვინდოდა და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ადამიანური სურვილია. და ეს სურვილი, რა თქმა უნდა, ისევ დარჩება. ასევე მიმაჩნია, რომ თავისუფლების იდეა არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის. სურვილი იმისა, რომ საკუთარი ბედი თავად განვსაზღვროთ, ძალიან ძლიერია. და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რომლებმაც, რა თქმა უნდა შეგვაშფოთა, შევამჩნიე, რომ ბრაზი მომძლავრდა, ხალხს გაუჩნდა უსამართლობის განცდა იმის მიმართ, რაც ხდება. მოსახლეობას გაუჭირდა იმის გაგება, რომ შეიძლება მოკავშირე მოგვექცეს ასე“.
ავტორი: მარედ გვინ ჯონსი

