ირანელი ქურთების ოპოზიციის გადასახლებულმა ლიდერმა ევრონიუსს განუცხადა, რომ ირანის რეჟიმიდან არავინ არის „სანდო“, რითაც გააქარწყლა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ირანის ოფიციალურ პირებს შორის არიან „კეთილგონიერი“ ადამინები, რომლებთანაც მოლაპარაკება შეიძლება.
მარია ტადეო, ევრონიუსი: უკვე ერთი თვეა, ომი მიმდინარეობს ისრაელს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და თქვენ იცით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციამ თქვენ შემოგთავაზათ, ჩართულიყავით ამ ომში თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ. რამდენად აქვს საფუძველი ამ მოსაზრებას? მართლაც გქონდათ ასეთი საუბარი?“
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ეს არ არის სერიოზული ინფორმაცია. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ არ შეეთავაზებინა ქურთებისთვისა ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ჯერ კიდევ თავდაცვით პოიზციაში ვიმყოფებით ერაყის ქურთისტანში. და ჩვენ არ გადაგვილახავს საზღვარი. უკვე ერთი თვეა, მუდმივად ირანული რაკეტებისა და დრონების თავდასხმის ქვეშ ვართ, დღისით თუ ღამით. მაგრამ მაინც თავდაცვით პოზიციას ვიკავებთ“.
მარია ტადეო, ევრონიუსი:
„თქვენ, გარკვეულწილად, ადასტურებთ, რომ ასეთი გეგმის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობდა, შესაძლოა, ამას სერიოზული სახე არ ჰქონდა, მაგრამ ომის დაწყებამდე ჰაერში ტრიალებდა იდეა, რომ თქვენ შეიძლებოდა შეერთებოდით ისრაელსა და ამერიკას. მსგავსი საუბრები უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შედგა“.
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ეს უფრო მოსაზრება იყო, ვიდრე გეგმა“.
მარია ტადეო, ევრონიუსი:
„მიმდინარე ოპერაციის ირგვლივ უამრავი ბუნდოვანი საკითხი იკვეთება, მაგალითად, როგორია ამერიკის გეგმა, რას აპირებენ, რამდენ ხანში აპირებენ მიზნის მიღწევას, თუმცა მაინტერესებს, ახლა რომ მოემართათ თქვენთვის იმავე კითხვით, დასთანხმდებოდით თავდაცვითიდან თავდასხმით პოზიციაზე გადასვლას? იმიტომ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია შემოგთავაზონ“.
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ეს დამოკიდებულია ირანში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ირანელი ქურთები ვართ, ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა, ჩვენი წიანპრების მიწა. ამიტომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს, დავბრუნდეთ საკუთარ მიწაზე. თუ როდის და როგორ, ეს დამოკიდიებულია იქ არსებულ ვითარებაზე. თუ ირანული რეჟიმი იმდენად დასუსტდება, რომ ის ვეღარ შეძლებს, რაიმე ავნოს სამოქალაქო პირებს, ჩვენს არმიას, მაშინ, დიახ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „იმის თქმა გსურთ, რომ შეუერთდებოდით მათ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, შესაბამისი პირობები შეიქმნას ადგილზე, რაც თეირანის რეჟიმის საკმაოდ დასუსტებას გულისხმობს. და მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ასე არ არის“.
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ირანის პოლიტიკური პარტიების კოალიცია, რომელიც ომის დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე შევქმენით, მზადაა, ითანამშრომლოს ჩვენს ხალხთან ირანის ქურთისტანში. ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ქაოსი, ასევე ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ ხალხის ხოცვა-ჟლეტა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ირანელ ქურთებს შორის დიდი მხარადჭერა აქვთ და ძალიან პოპულარული პოზიცია უკავიათ ზოგადად ირანელებს შორის. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ და ვიქნებით, დავბრუნდეთ საკუთარ ქვეყანაში“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ისევ გჯერათ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია შეძლებს, მიაღწიოს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც დასაწყისში დაისახა, და რომლებიც გულისხმობდა, გარკვეულწილად, რეჟიმის შეცვლას, მისგან უხეში პოლიტიკური ხაზის გამტარებლების ჩამოცილებასა და ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას?“
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „თუკი ისინი შეძლებენ რეჟიმის საკმარისად დასუსტებას, გაანადგურებენ უსაფრთხოების ძალებს, სამხედრო-ინდუსტრიულ ბაზებს, ოღონდ არა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რასაკვირევლია, ეს არ გვინდა. მაგრამ თუკი საკმაოდ ძლიერ დარტყმას მიაყენებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, მაშინ შესაძლოა. ეს ყველაფერი დაეხმარება ირანელ ხალხს, რომ აღდგეს გარკვეულწილად. ეს ომი, ფაქტობრივად, 47 წლის წინ დაიწყო ირანის რეჟიმმა. ისინი შეიჭრნენ თეირანში მდებარე ამერიკის საელჩოში და მისი კონფისკაცია მოახდინეს. წამოიწყეს ტერორისტული საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში. დახოცეს საკუთარი ხალხი. მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია სურდათ და მიიღეს კიდეც. დაემუქრენენ ისრაელს, რომ მისი განადგურება სურთ. ამერიკის განადგურება უნდოდათ. უკვე 47 წელია ყვირიან: „სიკვდილის ამერიკას!“ ფაქტობრივად, სულ არ მიკვირს, რომ ეს ომი დაიწყო, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ველოდი, რომ ეს მოხდებოდა“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „რომ დავაზუსტოთ, ისრაელმა განაცხადა, რომ სურდა ადგილზე ისეთი პირობების შექმნა, რომ ეს მომხდარიყო, ლიდერობა კი, რასაკვირველია, ირანელ ხალხს ეკუთვნისო. თუმცა ამერიკამ განაცხადა, რომ ვერ ითანამშრომლებდა აიათოლასთან და ის ახლა მკვდარია. იმასაც ამბობენ, რომ აიათოლა უმცროსი, სწორედ ასე მოიხსენიებს ტრამპის ადმინისტრაცია აიათოლას ვაჟს, მიუღებელი არჩევანიაო. ასევე ამბობენ, რომ უფრო კეთილგონიერ ხალხთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ასე რომ, გარედან თუ შევხედავთ, რეჟიმი არ ჩანს შეცვლილი. და მაინტერესებს, თქვენი აზრით, მაინც ვინ არის ეს კეთილგონიერი ხალხი? იცით ვინმეს სახელი?“
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „არა, არ მჯერა, რომ ამჟამინდელ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვინმეს ნდობა შეიძლება“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „არავინაა ასეთი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენ ამბობთ, რომ ვერცერთი მათგანი ვერ გაამართლებს“.
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს. ვერა და ვერა, ისინი ირანელი ხალხის ჯალათები არიან. ერთ თვეზე მეტია, იანვარში მათ 48 საათის განმავლობაში 23 ათასი ადამიანი დახოცეს. ისინი ირანელი ხალხის ჯალათები არიან, კრიმინალები, კრიმინალთა ბანდაა. არცერთს არ ვენდობით. ჩვენ, ირანელ ხალხს -ირანელი ქურთების ჩათვლით - დემოკრატიული და სეკულარული ირანი გვინდა, სადაც დაცული იქნება ქურთებისა და სხვა ეროვნების ხალხის უფლებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი. ირანის მოქმედი რეჟიმის არცერთ წარმომადგენელს არ შეუძლია ამ მიზნის მიღწევა, ახლოსაც ვერ მივლენ“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ასეთ შემთხვევაში მაინტერესებს, თუკი თეირანში მყოფი ხალხი არ გამოგადგებათ, რადგან ისინი არ იმუშავებენ თქვენს სასარგებლოდ და როგორც ამბობთ, არ მივლენ დემოკრატიულ და სეკულარულ ირანთან, მაშინ ოპოზიციაზე რას იტყვით? ვინ არის მისაღები ოპოზიციიდან, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ოპოზიციას გარედან და რაიმე პროტესტს ირანში. არც პროტესტი ჩანს“.
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არსებობს სანდო ოპოზიცია. მათ შორის ქურთებიც არიან. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ძირითადი ოპოზიციური ძალა ბოლო 47 წლის განამვლობაში. სწორედ ჩვენ დავიწყეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლა. თავიდანვე არ ვაღიარეთ ირანის ისლამური რეჟიმი. და ახლაც ვიბრძვით ჩვენი უფლებებისა და ირანის დემოკრატიისთვის. ასევე არიან განწყობილი ბელუჯები, აზერბაიჯანელები, არაბები და სპარსელებიც. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლოაბში რამდენიმე საპროტესტო მოძრაობა დაიწყო ხალხმა. ასე რომ, ირანის რეჟიმმა ყოველგვარი სანდოობა და ლეგიტიმურობა დაკარგა“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „მაინც რა როლი უნდა შეასრულონ, თქვენი აზრით, ევროპელებმა? რამდენად კმაყოფილი ხართ იმ გზავნილებით, რომლებიც ევროპისგან ისმის, როდესაც ისინი საუბრობენ დეესკალაციაზე, დიპლომატიურ ჩარჩოში დაბრუნებაზე, რომ რაიმე ფორმით მიიღებენ მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნაში, მაგრამ არა ომის გზით. მოგწონთ ეს გზავნილი?“
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ირანთან დაკავშირებით ევროპელები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდნენ შერიგების პოლიტიკას, რომელიც გაბანკროტდა. ირანი საფრთხეა არა მხოლოდ ამერიკის, ისარელისა და რეგიონის არაბული ქვეყნებისთვის. ის საფრთხეა, ტერორისტული საფრთხე ევროპელებისთვისაც. ევროპელებმა უფრო გადაჭრით და მკაფიოდ უნდა იმოქმედონ. უნდა შეუერთდნენ ამერიკის ძალისხმევას, რათა აღკვეთოს ირანული გავლენა და საბოლოოდ დაამხოს რეჟიმი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი ხალხისთვის, ისე რეგიონისა და დასავლეთისთვის. ისინი არიან ანტიამერიკელები, დასავლეთის მოწინააღმდეგენი და ზოგადად ყველას წინააღმდეგი არიან რეგიონში“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „როგორც ჩვენ გვესმის, იმის თქმა გსურთ, რომ ევროპა უნდა ჩაერთოს ამ ომში. სამხედრო გზით უნდა ჩაერთონ?“
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „მე არ ვწყვეტ ამას მათ მაგივრად, მაგრამ ზეწოლა უნდა გააძლიერონ ირანზე. არ უნდა შეეგუონ დეესკალაციას ისეთ რეჟიმთან, რომელიც საფრთხეა ყველასთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ისინი უნდა ჩაერთონ თუ სამხედრო გზით არა, სულ მცირე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. უნდა შეუერთდნენ ტრამპს, რათა დაასრულონ ეს რეჟიმი და დაეხმარონ ირანელ ხალხს. აი, ამას ველოდებით ევროპელებისგან“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ამ გაგებით, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აკრიტიკებს ევროპელებს და ამბობს, რომ საკმარისად არ ეხმარებიან, ის მართალია?“
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „მე ირანელი და ირანში მცხოვრები ქურთი ხალხის გადმოსახედიდან ვსაუბრობ. ჩვენ ევროპელებისგან ველოდებით, რომ დაეხმარონ ირანელ ხალხს, ქურთებს, ქალებს, ეთნიკურ ჯგიფებს, რელიგიურ უმცირესობებსა და ყველას. უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ირანის რეჟიმის წნეხის ქვეშ ვცხოვრობთ. სად არიან ევროპელები? სად არის ადამიანის უფლებათა დამცველი მუხლები? უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ, ირანში დემოკრატიის მეტი მომხრენი, მეტად უნდა ეფიქრათ ხალხზე. უნდა დაშორდნენ ირანს, უნდა დაასრულონ შეგუების პოლიტიკა, დიახ“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „მაინტერესებს, როდესაც ესპანეთის მსგავს ქვეყნებს უყურებთ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს უსმენთ, რა განცდა გიჩნდებათ? რადგან მან განაცხადა, რომ ეს ომი უკანონოა. ევროპა ვერ შეუერთდება ამ ომს, რადგან უკანონოაო“.
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ხალხის ხოცვა კანონიერია? ტერორიზმი კანონიერია? ირანის რეჟიმმა რამდენიმე წლის წინ დაიტრაბახა, რომ ამ რეგიონში ხუთ დედაქალაქს აკონტროლებენ. მათ გაუკეთეს ორგანიზება, დააფინანსეს და შეაიარაღეს მათი სახელით მოქმედი ტერორისტული ჯგუფები მთელ ახლო აღმოსავლეთში. ისინი ცდილობენ ისრაელის განადგურებას. ცდილობენ ამ რეგიონიდან გააძევონ ამერიკა და დასავლეთი. რეგიონის ფორმირებას საკუთარი ავანტიურული ილუზიების მიხედვით ცდილობენ. ასე რომ... დროა ევროპამ დაასრულოს შეგუების პოლიტიკა და უფრო აქტიური პროირანული და რეჟიმის საწინააღმდეგო პოლიტიკა გაატაროს“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ნება მომეცით, ბოლო კითხვა დაგისვათ. რეგიონის მეორე დიდი ძალა, რასაკვირველია, თურქეთია. გაქვთ რამე ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან? რა თქმა უნდა, უამრავი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს ამ ომის ესკალაცია და რომ ის ვერ ხედავს თქვენს ფუნქციას ამ მხრივ. გაქვთ რამე პირდაპირი ან თუნდაც კულუარული დიალოგი თურქეთთან?“
აბდულა მოხტადი“, ირანის ქურთისტანის პარტია „კომალას“ გენერალური მდივანი: „ჩვენ ვცდილობდით თურქეთის დარწმუნებას, რომ არავითარი ცუდი განზრახვა არ გვაქვს თურქეთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თურქეთის მეგობრებიც და კარგი მეზობლებიც ირანის ქურთისტანში. მათ შეშფოთების არავითარი საბაბი არ აქვთ ჩვენს, ირანელ ქურთისტანის განზრახვებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით“.
ავტორები: მარია ტადეო და ესტელ ნილსონ-ჟულიენი
