ნორვეგიის კონტინენტური ნაწილიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე პატარა არქიპელაგ ტრენაზე 449 ადამიანი ცხოვრობს. ამ შორეული არქტიკული კუნძულების საზოგადოება დგას იმ კრიზისის წინაშე, რომელიც მთელ რეგიონშია – მოსახლეობა სხვაგან გადადის, კლიმატი იცვლება და საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ცხოვრების წესი ქრება.
ნორვეგიის კონტინენტური ნაწილიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ტრენა. ეს მცირე არქტიკული არქიპელაგია, სადაც 449 ადამიანი ცხოვრობს. და ეს რიცხვი მუდმივად იკლებს. კუნძულ სელვერზე 50 კაცია დასახლებული, აქვე ბინადრობს ასი ცხვარი. ნიდერლანდელი ინჟინერი თეის დე სვარტი აქ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა ფერმერი გამხდარიყო. ადრე ცხვარი ყველგან იყო, ბალახს ძოვდა და კუნძულს სარეველა ბალახისგან იცავდა. მაგრამ ზოგიერთმა მოსახლემ დატოვა კუნძული, ზოგი პენსიაზე გავიდა და დანარჩენი ფერმერებიც გაქრნენ.
„აქაური თემი კრახის წინაშე დგას,“ – ამბობს თეის დე სვარტი. „მოსახლეობა სწრაფად მცირდება. ძალიან რთულია აქ ბავშვებთან ერთად ცხოვრება, რთულია სამსახურის პოვნა – გამოდის, რომ თავად უნდა შექმნა საკუთარი სამუშაო“.
ტრენის მუნიციპალიტეტის მერი ტრონდ ვეგარდ სლეტენი ამბობს, რომ მოსახლეობა აქაურობას მომსახურების დეფიციტისა და ტრანსპორტის არასტაბილური გრაფიკის გამო ტოვებს. ნავებისა და ბორნების რეისს ზოგჯერ აუქმებენ, რის გამოც ადგილობრივები გარე სამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობენ თავს.
„გვსურს, ჩვენი ტრანსპორტი მაშინ მუშაობდეს, როცა გვჭირდება“, – განმარტავს ტრონდ ვეგარდ სლეტენი. „გვინდა, მაშინ ჩავიდეთ დიდ ქალაქში როცა საჭიროა. საზოგადოება იცვლება. ძალიან რთულია თავის გატანა მცირე თემში, როდესაც იქამდე მისვლაც კი დიდი პრობლემაა“.
კლიმატის ცვლილების გამო ამინდი სულ უფრო ექსტრემალური ხდება და ხშირად კუნძულებს შორის სატრანსპორტო ხაზებს ჭრის. არადა, ამინდის მხოლოდ ერთ ან ორი დღის პროგნოზს თუ ენდობი. დღეს გაგვიმართლა – ქარი ჩადგა და ტრონდ ვეგარდმა შეძლო ჩვენი ნავით წაყვანა სელვერიდან ტრენის მთავარ კუნძულ ჰუსეიაზე.
არქტიკულ წრეში მდებარე ტრენის არქიპელაგი ამ რეგიონისთვის ჩვეული პრობლემების წინაშე დგას, როგორებიცაა მოსახლეობის მკვეთრი შემცირება, კლიმატის სწრაფი ცვლილება, ცენტრიდან შორს ცუდი ინფრასტრუქტურა, ტრადიციული მრეწველობის დარგების შემცირება და კიდევ ბევრი სხვა.
კლიმატის ცვლილების გამო აქაურ აკვატორიაში მრავალი თევზი გაუჩინარდა. ტრენა ვეღარ ეყრდნობა მეთევზეობას, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.
„მრეწველობის სხვა დარგებით ცდილობენ ამ დანაკარგის ნაწილობრივ შევსებას. მაგრამ ის კარგი დრო, როცა მეთევზეობით უამრავი ადამიანი თავს მშვენივრად ირჩენდა, ალბათ სამუდამოდ გაქრა“, – ამბობს ტრენის მერი.
ალტერნატიული გამოსავალი თევზის მოშენებაა, მაგრამ ორაგულისთვის ჩადგმული ბადეები ზოგიერთ ადგილობრივს არ მოსწონს. ისინი ღელავენ, რომ ამან შესაძლოა, დააბინძუროს სანაპირო ზოლი და ხედიც წაახდინოს.
არქტიკაში პატარა ქალაქები ხშირად ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას. ეს პრობლემებია: კლიმატის ცვლილება, მოსახლეობის შემცირება, ინფრასტრუქტურისა და სამუშაოს დეფიციტი. ბევრგან, როგორც მაგალითად, ტრენაზე, საკუთარი საზოგადოების შენარჩუნების გზებს ეძებენ, ოღონდ ისე, რომ ამას არ შეეწიროს არც მათი კულტურა და არც გარემო.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ტრენამ თავისი მოსახლეობის თითქმის 10% დაკარგა. აქედან ოჯახები იყრებიან და მიდიან, როდესაც შვილები ადგილობრივ დაწყებით სკოლას ამთავრებენ. ზოგიერთი ახალმოსული ცდილობს აქაურ ცხოვრებას მოერგოს, მაგრამ სწრაფადვე მიდის. ტრენამ იცის, რომ თავის გადასარჩენად უნდა შეიცვალოს. ჩვენ მერს ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე გავყევით. მკვლევრები ევროპული პროექტის „გაგვაძლიერეს“ (EmpowerUS) ფარგლებში სამწლიანი მუშაობის შედეგებს უზიარებენ საზოგადოებას. პროექტის კოორდინატორია მაიკენ ბიორკანი ნურლანის კვლევითი ინსტიტუტიდან (Nordland Research Institute).

„ცენტრალიზაცია ართულებს პერიფერიაში ცხოვრებას, განსაკუთრებით არქტიკაში“, – განმარტავს მაიკენ ბიორკანი. „ამ კუნძულზე მეტი ხალხია საჭირო. მათ დასაქმების მეტი შესაძლებლობა სჭირდებათ. აქაურობა უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის, რომ აქ მოვიდნენ და დაფუძნდნენ. ამიტომ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამის მიღწევა“.
ერთი მთავარი რეკომენდაცია ტრანსპორტის გაუმჯობესებაა. ნავებმა დროულად უნდა იარონ. შორეული რეგიონიდან წამოსულ ადამიანს არ უნდა მოუწიოს ექიმთან დანიშნული ვიზიტის გაუქმება. მათ თავი არ უნდა იგრძნონ მიტოვებულად და კონტინენტიდან გარიყულად. ტრენაში დარდობენ, რომ რაც უფრო ცოტა ბორანი ივლის, მით უფრო შეთხელდება მოსახლეობაც, რის გამოც პრობლემა დამძიმდება.
„მუნიციპალიტეტებიდან წასულ ხალხს ფულიც თან მიაქვს“, – ამბობს სესილი ჰელენ ბრატი, პროექტ EmpowerUS-ის მენეჯერი. „ისინი აღარ ბრუნდებიან, ამიტომ საგრაფოს მუნიციპალიტეტს უჭირს ყველა მოქმედი მარშრუტის შენარჩუნება. მათი შენარჩუნება რთულია, მაგრამ ეს მიმოსვლა სანაპირო თემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა მუშაობდეს. თუ აღარ იქნება, ხალხი აქ ვეღარ იცხოვრებს“.
ტურისტების ნაკადის ზრდას შეუძლია, ეკონომიკას დაეხმაროს. მაგრამ არქტიკაში ზაფხული მოკლეა. თანაც ამ პატარა კუნძულებს არ შეუძლიათ ბევრი ტურისტის მიღება. ისეთი ტურისტები რომ მიიზიდოს, რომლებიც უფრო შინაარსიან შთაბეჭდილებებს ეძებენ, ევროპული პროექტი ტრენას თავისი ისტორიის წარმოჩენაში დაეხმარა. ვიზიტორებს შეუძლიათ შტრიხკოდის დასკანერებით უფრო მეტი გაიგონ ამ განსაკუთრებული ადგილის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
„ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი სახე გქონდეს, რომ ისტორიამ აჩვენოს, თუ ვინ არის ეს ხალხი“, – განმარტავს ანეტ მელერსენ ბიორნა, პროექტ EmpowerUS-ის აკადემიური ხელმძღვანელი. „აქაურებს არ სურთ, საკუთარი თვითმყოფადობა რაღაც მეტისმეტად დიდსა და კომერციულს შესწირონ. მათ ურჩევნიათ, საკუთარი იდენტობა წარმოაჩინონ“.
ამ იდენტობის გაძლიერების მიზნით, პროექტის ფარგლებში ყველაზე დიდი კუნძულების ახალი საჯარო სივრცეებისთვის ხელოვნების ნიმუშები შეუკვეთეს. ადგილობრივი ხელოვანი სონია ლანგსკიერი ქუჩებში ხატავს მიურალებს, რომლებიც ტრენის დაფარულ ისტორიას მოგვითხრობს. იგი ხატავს ერთ დროს აყვავებულ თევზის რეწვას, სცენებს ძველი ლეგენდებიდან და მარჯნის რიფებს, რომლებიც არქტიკის ცივი წყლის სიღრმეში ხარობს.
„დიდ კედელზე ვხატავ ყველაფერს, რომ ვაჩვენო ხალხს ის, რისი დანახვაც არ შეუძლიათ და დავაფიქრო იმაზე, თუ რა სიმდიდრეა ჩვენ ირგვლივ“, – ამბობს სონია.

ტრენა ცდილობს, უკან დაიბრუნოს მოსახლეობა. აქაურები აშენებენ კულტურულ სივრცეებს, აუმჯობესებენ პორტისა და მუზეუმების ინფრასტრუქტურას. მათი მიზანია, რომ წლის განმავლობაში მეტ ტურს, კონფერენციასა და ბიზნესის სტარტაპს უმასპინძლონ. როგორც ვხედავთ, ახალი ქანდაკების დადგმასაც აპირებენ. ეს ქანდაკება ნორვეგიელმა მოქანდაკემ და არქიტექტორმა ჰოვარდ არნოფმა შექმნა ადგილობრივებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს არის ოთხი ტალღა, რომლებიც დროსა და სივრცეს მოაპობენ და რომლებიც მთავარ კუნძულზე ჩამოსულ სტუმრებს ნავიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე მიეგებებიან.
„სამყაროს ტალღები აკავშირებს. ეს ხომ მისი ენერგიაა!“ – გვიხსნის ჰოვარდი.
გაზაფხულზე გაიხსნება ახალი მდიდრული სასტუმრო ზღვის საოცარი ხედით. ტრენამ შესაძლოა მდიდარი ტურისტები დააინტერესოს. თუმცა ადგილობრივებს სურთ, რომ ამ პროცესს მათი ავთენტურობა და ველური ბუნების სილამაზე არ შეეწიროს. ხელშეუხებელი ბუნება ფრინველებზე დაკვირვებისა და ზოგადად ბუნების მოყვარულებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. აქ ეკომეგობრული ბიზნესიც იხეირებს, როგორიცაა, მაგალითად, ზღვის წყალმცენარეების მოყვანა. ანდერს ბუდე სანაპიროზე აგროვებს ველურ წყალმცენარეებს. შემდეგ აშრობს და კონტინენტზე მდებარე რესტორნებზე ყიდის.

ანდერსის მსგავსად, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შორეული არქტიკული თემები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ შეინარჩუნებენ საკუთარ სულს – უნიკალურ იდენტობას, რომლის წყალობითაც ამ კუნძულებზე ხალხი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა.
“We want to attract responsible people who appreciate nature,” told me Ramona Remmen, local museum manager on Norway’s Træna archipelago. While tourism can support these tiny islands’ economy, its uncontrolled growth risks disrupting both the community and local ecosystems. pic.twitter.com/9XApYO4eYy
— Denis Loctier (@Loctier) September 12, 2025
„დიახ, ჩვენ გვინდა თანამედროვე განვითარება და ტურისტები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე გვინდა, რომ ეს იყოს ადგილი, სადაც მისვლა, ცხოვრება და დარჩენაც მოგინდება – დიახ, ეს არის პრობლემა“, – განმარტავს ანდერსი.
ევროპის არქტიკა კლიმატის ცვლილების, ბუნდოვანი ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის საფრთხის წინაშე დგას. აქაურებმა ადაპტაცია უნდა მოახერხონ, რათა გადარჩნენ და ბედნიერად იცხოვრონ ახალ რეალობაში.
ავტორი: დენის ლოქტიე

