პორტუგალიაში უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მსჯავრდადებულებს ევროპის საზღვაო ინდუსტრიაში ასაქმებენ, რაც ორმხრივად მომგებიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ერთი ხელის მოსმით ორ პრობლემას აგვარებს. ერთი მხრივ, ხსნის ე.წ. ლურჯ ეკონომიკაში კადრების დეფიციტს და, მეორე მხრივ, ამარტივებს ყოფილი პატიმრების დასაქმებას.
დასავლეთ პორტუგალიაში მდებარე სადო ესტუარი მოლუსკების სამშობლოა. მოლუსკების ხელოვნური მოშენება ძალიან წარმატებული საქმიანობა აქაურ წყალმეჩხერ სანაპირო ზოლში, რომელიც სავსეა ბუნებრივი ნოყიერი საკვებით. ერთ-ერთი ასეთი ადგილობრივი ფერმაა Aquanostra, რომლის მენეჯერიც არის ანტონიო კორეია. მომხმარებელი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი, სიამოვნებით ყიდულობს მისი ფერმის პრემიუმ კლასის მოლუსკებს, მაგრამ ეს მზარდი ბიზნესი ერთი სირთულის წინაშე დგას: ფერმაში საკმარისი რაოდენობის მუშახელის დაქირავება ძალიან ჭირს.
ანტონიო კორეია, Aquanostra-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს: „ჩვენი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა არის დასაქმების მსურველების პოვნა, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი პერსონალამდე – გუნდის შექმნამდე მიდის – თუ არ გყავს ხალხი, უბრალოდ ვერ შეძლებ ამას“.
ზღვის პროდუქტების მოშენებას სანაპირო ზოლის მოსახლეობისთვის ჯანსაღი სურსათის მიცემაც შეუძლია და თან ეკონომიკის ზრდასაც უწყობს ხელს. მაგრამ ხამანწკების საშენში შრომა, რაც გულისხმობს მათ გაზრდას, მოსავლის აღებასა და ბოლოს დაფასოებას – ძალიან რთულია. მთელ ევროპაში ასეთი ტიპის ფერმებში, როგორც წესი, ნახევარ განაკვეთზე ასაქმებენ ხალხს ან სეზონურ მუშახელს იყვანენ, ხშირად მიგრანტებს, რომელთა ასაკიც ძირითადად 50 წლის ფარგლებში მერყეობს. მენეჯმენტს უჭირს ახალგაზრდა კადრების მიზიდვა, რადგან ისინი ნაკლებად ეტანებიან ბუნებაში შრომას.
„ჩვენი ინდუსტრიის სამწუხაროდ, ჩემი აზრით, საზოგადოებას – განსაკუთრებით ახალგაზრდებს – სულ უფრო ნაკლები კავშირი აქვს ბუნებასთან, არ უყვარს ბუნების წიაღში ფიზიკური შრომა. პირადად მე მგონია, რომ ეს ძალიან სასიამოვნო და მომგებიანი საქმიანობაა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ახალგაზრდებში“, – განმარტავს ანტონიო კორეია.
„ევროპის ლურჯი ეკონომიკა პანდემიის შემდეგ ძალიან მყარად დადგა ფეხზე და ახლა სამ-ნახევარ მილიონ ადამიანს ასაქმებს, მაგრამ მუშახელის დეფიციტი აფერხებს მის სწრაფ ზრდას. ზოგიერთი ინოვაციური პროექტის ფარგლებში ახლა ცდილობენ, მოძებნონ დასაქმების ისეთი მსურველები, რომლებსაც რთულად იყვანენ სამსახურში, მათ შორის კრიმინალური წარსული მქონე ახალგაზრდებს“.
სოციალურ-ინოვაციური კოოპერატივის Aproximar-ის კოორდინატორი რიტა ლოურენსუ ხელმძღვანელობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს Turning Blue, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ეხმარება ახალგაზრდა პატიმრებს, იპოვონ სამუშაო საზღვაო ინდუსტრიებში.
„ჩვენ Turning Blue ორმხრივად მომგებიან პროექტად მივიჩნევთ“, – ამბობს რიტა ლოურენსუ, Aproximar-ის კრიმინალური სასამართლო სისტემის კოორდინატორი.
„ის მომგებიანია სასამართლო სისტემისთვის, რადგან დასაქმება ძირითადი ფაქტორია, თუ გვინდა, რომ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ციკლი დაირღვეს. ხოლო ლურჯი ეკონომიკისთვის იმიტომ არის მომგებიანი, რომ ის ფართოვდება და მუშახელი სჭირდება. ასე რომ, ეს პროექტი მთელ ევროპაში ყველასთვის სასარგებლო გვგონია“.
პორტუგალიის ერთადერთ არასრულწლოვანთა ციხეში, რომელიც ქალაქ ლეირიაში მდებარეობს, ის ახალგაზრდები არიან დაპატიმრებული, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს. აქ მათ აძლევენ განათლებას, უწევენ კონსულტაციას და ასწავლიან გარკვეულ შრომით უნარებს, რათა გათავისუფლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყონ.
რიტა ლოურენსუ და მისი გუნდი ამ ციხეში იმ პატიმრებთან შესახვედრად მოვიდნენ, რომლებსაც სურთ „ლურჯ სექტორში“ დასაქმება. ერთდღიანი სემინარის ფარგლებში იყენებენ ვირტუალური რეალობის მოდელს, მიმდინარეობს საუბრები და შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, რის შემდეგაც საზღვაო ინდუსტრიაში სხვადასხვა პროფესიით დასაქმების უამრავი შესაძლებლობა ჩნდება. ეს კი მხოლოდ დასაწყისია – პროექტი Turning Blue მიზნად ისახავს, რომ დაეხმაროს ამ ახალგაზრდებს: გაუწიოს მენტორობა, გადაამზადოს და დამსაქმებლებთან პირდაპირ დააკავშიროს. ეს პროექტი მხოლოდ ზღვასთან დაკავშირებული დასაქმების ხელშეწყობას არ ემსახურება. მისი მიზანია, იმედი ჩაუსახოს იმ ბიჭებს, რომლებიც დარდობენ, რომ კრიმინალური წარსული ხელს შეუშლით კარგი სამუშაოს პოვნაში.
„როდესაც გარეთ გამოვალთ, სამუშაოს პოვნა ძალიან გართულდება, რადგან ციხეში ვისხედით. ხალხი იმის მიხედვით შეგვაფასებს, რაც ჩავიდინეთ და არა იმის მიხედვით, რაც ახლა ვართ“, – ამბობს პროექტის ერთი მონაწილე.
ინდუსტრიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები ამ შიშს მეტ-ნაკლებად ფანტავს. ზღვის ბიოლოგმა ჟუან რიტომ, რომელიც პატიმრების ჯგუფთან სასაუბროდ მოვიდა, პარტნიორთან ერთად დააფუძნა სტარტაპი – თევზსაშენი SEAentia, რომელსაც ამ იმედისმომცემ სექტორში გარკვეული ცვლილებები შეაქვს. ეს თევზსაშენი ლისაბონის ჩრდილოეთით პენიშიში, მეთევზეთა ქალაქში მდებარეობს, სადაც ის აშენებს თევზს გარბულს, რომელიც სწრაფად იზრდება, ჯანსაღი საკვებია და გემრიელად ამზადებენ. ამ სტარტაპში, რომელშიც ძირითადად 20-იდან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან დასაქმებული, სჯერათ, რომ მიაგნეს თევზის მოშენების ისეთ მეთოდს, რომელიც არ ვნებს გარემოს და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია: თევზს რეზერვუარებში აშენებენ, რომლებშიც ზღვის წყალი შეედინება და გამოედინება.
„მართალია, რომ ჩვენ უფრო მეტ ახალგაზრდას ვიზიდავთ ჩვენთან სამუშაოდ“, – ამბობს ჟუან რიტო, SEAentia-ის მენეჯერი. „ალბათ, იმიტომ რომ მაღალ ტექნოლოგიებსა და საოპერაციო სისტემებს ვიყენებთ, რომლებიც გაცილებით ეკომეგობრულია. ხალხი თავს გრძნობს მისიის მონაწილედ და ჩვენ, მართლაც, შეგვაქვს ჩვენი წვლილი, რათა გადავჭრათ საზოგადოების წინაშე მდგარი დიდი პრობლემა და ამ პლანეტაზე ცხოვრება შესაძლებელი იყოს“.
ევროკავშირის დაფინანსებით კომპანია SEAentia ქალაქ პენიშიში ინდუსტრიული მასშტაბის საწარმოს აშენებს. ისინი გეგმავენ, რომ 2030 წლისთვის წელიწადში ხუთი ათასი ტონა თევზი აწარმოონ. ამ თევზსაშენს მაღალკვალიფიციური კადრი სჭირდება, რომლებიც შეძლებს მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე მუშაობას, იქნება ეს წყლის ფილტრები, ლაბორატორიული იარაღები თუ კვების ავტომატური სისტემა. ამ საწარმოს ძალიან დაეხმარება სტაჟირებისა და აკადემიური პარტნიორობის სისტემა, რათა ახალი მუშახელის მომზადება შეძლოს.
„ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა გადავამზადოთ ეს ხალხი და შემდეგ დასაქმებაც შევთავაზოთ ჩვენს საწარმოში“, – განმარტავს ჟუან რიტო.
როდესაც თევზის მაღალტექნოლოგიური ფერმა გაფართოვდება, მას მუშახელი საბაზისო ოპერაციებისთვისაც დასჭირდება, როგორებიცაა: თევზის დამუშავება, შეფუთვა და გაყიდვა. ამ ფუნქციების შესრულება შესანიშნავად გამოუვათ საპატიმროდან გამოსულ ადამიანებს. ამჟამად ევროპაში მილიონ-ნახევარი პატიმარი ზის ციხეში, მაშინ, როცა საზღვაო ინდუსტრიაში კადრების დეფიციტია.
„ლურჯი ეკონომიკა უამრავ პრაქტიკულ სამუშაო ადგილს გვთავაზობს, მაგალითად, თევზჭერის, აკვაკულტურისა და ტურიზმის სფეროში – აქ დასაქმებას არ სჭირდება ძალიან მაღალი კვალიფიკაცია“, – რიტა ლოურენსუ, Aproximar-ის კრიმინალური სასამართლო სისტემის კოორდინატორი. „ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის საქმიანობა შესაფერისია ამ ახალგაზრდებისთვის“.
ანტონიო კორეიას, ხამანწკების მომშენებელს, ადრეც აუყვანია სამუშაოდ ყოფილი პატიმრები და ახლაც დიდი სიამოვნებით დაასაქმებს. მას პატიმრების წარსული კი არ ადარდებს, არამედ ის, თუ რამდენად დიდხანს შეძლებს შეინარჩუნოს ისინი, რათა ხელობა ასწავლოს. ანტონიო ფიქრობს, რომ ყოფილი პატიმრები შესანიშნავად გაართმევენ თავს ხამანწკების მოშენებას, რაც მძიმე შრომას მოითხოვს.
„ყველა იმსახურებს მეორე შანსს – ასეთი წარსული, ასეთი ცხოვრების ეტაპის გავლა – არ უნდა იყოს პრობლემა. პირიქით, მე ამას ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას“, – ამბობს ანოტნიო კორეია, Aquanostra-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. „ის, ვისაც სურს ცხოვრების თავიდან დაწყება, ვინც რთული ცხოვრება გაიარა, შესაძლოა უფრო მეტად აფასებდეს ახალ შესაძლებლობას“.
პროექტი The Turning Blu 2026 წლის აგვისტომდე გაგრძელდება პორტუგალიაში, ნიდერლანდებში, რუმინეთში, კვიპროსსა და იტალიაში.
ავტორი: დენის ლოქტიე