მაშინ, როცა ვაშინგტონი გრენლანდიასთან დაკავშირებულ ამბიციას ახლა უკვე ტარიფებსაც უკავშირებს, ევროკავშირის ქვეყნები აქამდე არასდროს გამოყენებული მექანიზმის ამოქმედებას განიხილავენ, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებს პასუხი გასცენ არა როგორც ცალკეულმა სახელმწიფოებმა, არამედ როგორც 450-მილიონიანი მომხმარებლის ერთიანმა ბაზარმა.
ვაშინგტონის სულ უფრო მტრული რიტორიკა გრენლანდიის საკითხზე ევროკავშირის ზოგიერთ წევრს ახლახან მიღებული, მაგრამ ჯერ გამოუცდელი ეკონომიკური ზომის – იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის გამოყენებაზე აფიქრებს.
ეს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის დეკემბრის ბოლოს შევიდა, ევროკავშირის კოლექტიური რეაგირების მექანიზმია იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკის წევრი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ ექცევა, რათა „ვაჭრობასა ან ინვესტიციებზე ზეგავლენის მქონე ზომების გამოყენებით ან გამოყენების მუქარით“ კონკრეტული არჩევანი გააკეთოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, გაკვირვებული დარჩა იმით, რომ წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა მის განახლებულ მცდელობას გრენლანდიის „შეძენის“ ან მასზე რაიმე ფორმით კონტროლის მოპოვების თაობაზე მხარი დაუყოვნებლივ არ დაუჭირეს. საპასუხოდ იგი დამატებით 10%-იანი ტარიფებით დაემუქრა დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს.
ტარიფები პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. და თუკი ევროპული სახელმწიფოები წინააღმდეგობის გაწევას კვლავ გააგრძელებენ, ივნისიდან ისინი 25%-მდე გაიზრდება.
ახალ მუქარაზე პასუხად ბლოკის ორი უდიდესი ეკონომიკის, გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნაზე დათანხმების იძულებისთვის ეკონომიკური შანტაჟის გამოყენებას არ დაუშვებენ.
დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით ევროპულ სახელმწიფოებს პირველად არ ემუქრება. თუმცა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს მუქარა პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ მიზნებს – ანუ იმას, რასაც იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი გეოპოლიტიკური შედეგის მისაღწევად ეკონომიკურ ზეწოლად განსაზღვრავს. ეს კი „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ლეგიტიმურ სუვერენულ არჩევანში“ არასათანადო ჩარევას წარმოადგენს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის „ძალიან აგრესიული განცხადებები“ ვითარებას ამწვავებს და ყველამ, ვისაც საერთაშორისო სამართლის სჯერა, დონალდ ტრამპს უნდა დაანახოს, რომ „ამ გზით წინსვლას ვეღარ შეძლებს“.
„რაშიც დარწმუნებულები ვართ, ისაა, რომ თუ ძლიერ პასუხს არ გავცემთ, სისუსტის სიგნალს გავგზავნით. გასულ კვირას ვაშინგტონში ვიყავი და მის ვიცე-პრეზიდენტთან შევთანხმდი, რომ ჩვენი წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე უნდა დავსხდეთ და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ საკითხის გადაწყვეტა ამერიკის გონივრული სურვილების გათვალისწინებით, რადგან არქტიკაში ახალი ვითარებაა და სიტუაცია მომავალში ალბათ მხოლოდ გაუარესდება. ეს ყველაფერი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული ძალიან, ძალიან აგრესიული განცხადებებით დაინგრა და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც საერთაშორისო სამართლის სჯერა, ხმამაღლა ისაუბროს, რათა ტრამპს დავანახოთ, რომ ამ გზით წინსვლას ვეღარ შეძლებს“, – განაცხადა ლარს ლიოკე რასმუსენმა.
ორშაბათს, 19 იანვარს, დანიის თავდაცვისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ არც ტროელს ლუნდ პოულსენსა და არც ვივიან მოტსფელდტს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ნატოს გენერალური მდივანი ვითარებას კარგად აცნობიერებს და ხედავს, რომ გამოწვევის წინაშე ახლა არა მხოლოდ დანიის სამეფო, არამედ მთელი ალიანსი დგას.
„არა მხოლოდ დანიის სამეფოსთან მიმართებით, არამედ ევროპისა, და ამასთანავე ნატოს მომავლისთვისაც ეს საკითხი იმდენად რთული და დაძაბულია, რომ არ მიმაჩნია საჭიროდ, დეტალურად, სათითაოდ განვიხილოთ ყველაფერი, რაც შევათანხმეთ. თუმცა ვხედავ ნატოს გენერალურ მდივანს, რომელიც კარგად აცნობიერებს იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც დანიის სამეფო იმყოფება, და ასევე იმ გამოწვევებს, რომლებიც ნატოსთან მიმართებით არსებობს“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა.
„მე და ტროელსმა არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შევათანხმეთ. ეს შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. რამდენ ადამიანს შეუძლია საუკეთესოდ უზრუნველყოს არქტიკის უსაფრთხოება? მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, როგორ უნდა ვიმუშაოთ არქტიკაში უსაფრთხოების საკითხებზე. სწორედ ამიტომ ვატარებთ ახლა სხვადასხვა სახის სწავლებას“, – განაცხადა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან მოტსფელდტმა.
ორშაბათსვე დანიას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. „გრენლანდია არ იყიდება“”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ და ამ საკითხზე ევროკავშირის ერთიანობას გაუსვა ხაზი.
„ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ გასულ კვირას გაჟღერებული მუქარა არქტიკას უსაფრთხოების გაუმჯობესებაში არ დაეხმარება. სინამდვილეში, ეს საპირისპირო რისკს შეიცავს. გრენლანდიამ და დანიამ ერთმნიშვნელოვნად დააზუსტეს, რომ გრენლანდია არ იყიდება და მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემას იმსახურებს. ეს ფაქტი არ შეიცვლება. როცა რამდენიმე თვის წინ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მოვიწვიეთ ამ საკანონმდებლო დარბაზში, მას ვუთხარით, რომ როდესაც გრენლანდიის მოსახლეობა ევროპას შეხედავს, მხარდაჭერასა და პარტნიორობას დაინახავს. ამას ახლაც ვიმეორებ. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ენდობა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას, ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვიცი, ბევრი ადამიანი შტატებშიც იზიარებს ამ რწმენას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის არქტიკის დაცვის საქმეში. ამიტომაც გავაძლიერეთ თავდაცვის ზომები და გავზარდეთ ხარჯები. ჩვენ ვიცით, რომ ტრანსატლანტიკური და არქტიკული უსაფრთხოების მიღწევა გრენლანდიისა და დანიის სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გზით დესტაბილიზაციისა და ტარიფების მსგავსი ზომების გარეშე შეიძლება. ვიცით, რომ ყველა სერიოზულ გლობალურ საკითხს უკეთ ვხედავთ მაშინ, როცა ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად მოქმედებენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გრენლანდიის დაუფლებაზე აქამდეც საუბრობდნენ, თუმცა ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა კუნძულზე საკუთარი სამხედროები გაგზავნეს. სწორედ ამ ქვეყნებისთვის გადაწყვიტა დონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესება.
თეთრი სახლის თანახმად, თუკი კუნძულს შტატები არ დაეუფლება, ამას რუსეთი ან ჩინეთი გააკეთებს.

