BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალის ირგვლივ არ წყდება შეფასებები და გამოხმაურებები.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ არასდროს არ გამოუყენებიათ არანაირი ქიმიური საშუალება და ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას ადანაშაულებენ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში.
შს ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული საპროტესტო აქციების დაშლას ხელმძღვანელობდა, 1-ელ დეკემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურად განაცხადა: „ეს ნივთიერებები, რომლებზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია“.
2 დეკემბერს, შს მოქმედმა მინისტრმა, გელა გელაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „არასდროს არ შეუძენია მსგავსი ნივთიერებები“.
„აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული“ – განაცხადა გელა გელაძემ.
მანვე დასძინა, რომ „2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, თუმცა არა „კამიტი“.
BBC სიცრუესა და პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ბრიტანულმა მაუწყებელმა, რომელიც, პრემიერ-მინისტრის სიტყვებითვე „თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია იყო“, ტყუილი იკადრა:
„არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში. თუმცა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, ამ შემთხვევაში BBC-მ, რაც არის სამწუხარო და დასანანი. როცა BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი…“
ხელისუფლების განცხადებებსა და მმართველი პარტიის გეგმას, დაიწყოს საერთაშორისო სამართლებრივი დავა BBC-ის წინააღმდეგ, პასუხობს თავად ბრალდების ადრესატი. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ასე პასუხობს:
„მომზადებული მასალა მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ – მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტებისა და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები.
ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს“.
2 დეკემბერს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, საქართველოში მოქმედი 25 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას – რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.
მათი შეფასებით, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება „ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს ქმედება, შესაძლოა, შეფასდეს, „როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში“:
„უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს, საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა…“ – წერია 25 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ამ განცხადებას უერთდება წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), თუმცა დამატებით აქვეყნებს ცალკე განცხადებას, რომელშიც წერს, რომ:
„სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და გაასაჯაროოს შემდეგი ინფორმაცია:
– რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევისას;
– ვინ მიიღო გადაწყვეტილება მისი შემოტანისა და გამოყენების შესახებ;
– რატომ გამოიყენა პოლიციამ ისტორიულად საშიში და ადამიანისთვის მძიმე შედეგების მქონე ქიმიკატი…“
GCRT-ის მსგავსად, დამატებითი განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც”. საია აქვეყნებს იმ წერილს, რომლითაც 2025 წლის 28 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
ორგანიზაცია უწყებისგან მოითხოვდა ინფორმაციას მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა შსს 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, რა ქიმიური ნივთიერება იყო შერეული წყლის ჭავლში აღნიშნულ თარიღებში და რა კონცენტრაციით, ასევე არსებობს თუ არა სახელმძღვანელო წესები სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო მუშაკებისათვის, როგორ უნდა აღმოეჩინათ შესაბამისი დახმარება დაზარალებული პირებისათვის.
საია აცხადებს, რომ ამ კითხვებზე პასუხი ჯანდაცვის უწყებისგან არ მიუღიათ.
2 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკითხვაზე იბარებდა იმ პირებსაც, რომლებიც BBC-ის საგამოძიებო მასალაში ფიგურირებენ. მათ შორის არიან ძმები კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, ასევე პარტია „დროას“ წევრი თათა ხუნდაძე. მათი განცხადებით, არ აპირებენ სუსში მისვლას და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე არიან თანახმა.
ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში უნდა გამოიკვლიონ, იყო თუ არა გამოყენებული ქიმიური საშუალებები დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დაშლისას.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, შეისწავლონ აქციების დაშლის დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი.
პარტიის „ფედერალისტები“ წევრი ლიკა გახარია „ფეისბუკზე“ წერს და განმარტავს, რატომ შეიძლება ბრომო ბენზილ ციანიდის (ე.წ. „კამიტეს“) გამოყენება შეფასდეს როგორც ქიმიური იარაღების შესახებ კონვენციის დარღვევა:
„რადგან ის არ აკმაყოფილებს Riot Control Agent-ის, [დემონსტრაციების დასაშლელად განკუთვნილ საშუალებებს] განსაზღვრებას.
ქიმიური იარაღების კონვენცია ამ საშუალებებს განსაზღვრავს ძალიან მკაცრად: უნდა იწვევდეს მხოლოდ დროებით, მცირედ, მალე გამავალ გაღიზიანებას (თვალების, ცხვირის, კანის), არ უნდა იყოს ტოქსიკური ან ხანგრძლივი ეფექტის მქონე.
ბრომო ბენზილ ციანიდი კი: იწვევს ძლიერ ტოქსიკურ რეაქციებს, ხანგრძლივ და მძაფრ სიმპტომებს, დამწვრობებს, სერიოზულ სუნთქვით პრობლემებს, ხანგრძლივ ინტოქსიკაციას
ზოგადი მიზნობრივი კრიტერიუმი ეს არის კონვენციის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი:
ნებისმიერი ქიმიკატის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ ისეთი ეფექტით, რომელიც სცდება დროებით გაღიზიანებას, კლასიფიცირდება როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება – მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს ქიმიკატი კონვენციის სიაში – ეს პრინციპი უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ კონკრეტული ქიმიკატი კონვენციის სიის გარეთაა“, – წერს „ფედერალისტების“ წევრი ლიკა გახარია „ფეისბუკზე“.
1-ელ დეკემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავის დაწყების შესახებ განაცხადა. პარტიის შეფასებით, მომზადებული მასალით ბრიტანული მაუწყებელი „ჩირქს სცხებს“ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს.

