მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ

ევროპაში ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ

მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა. ამ დღეს ევრაზიის კონტინენტისა და მთელი მსოფლიოსთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ამისა, გამარჯვების დღეს ქვეყნები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.

ევროპაში ეს თარიღი ძირითადად 8 მაისია. ყოველწლიურად, გამარჯვების დღის აღსანიშნავად ევროპული სახელმწიფოები ფერად სამხედრო აღლუმებს ატარებენ.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის ქუჩებში, ბუკინგემის სასახლის მიმდებარედ ჯერ კიდევ 6 მაისს ბრიტანელმა სამხედროებმა მარში მოაწყვეს. ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ქალაქის ცენტრში მსახიობმა ტიმოთი სპოლმა წაიკითხა გამარჯვების სიტყვა, რომელიც 1945 წლის 8 მაისს უინსტონ ჩერჩილმა გამარჯვების შემდეგ მოსახლეობის წინაშე წარმოთქვა.

ბუკინგემის სასახლის აივნიდან მოსახლეობას მიესალმნენ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

ნიდერლანდებში 5 მაისს გათავისუფლების დღე აღნიშნეს. ნაცისტების განდევნაში მათ პოლონეთის ჯარებიც დაეხმარნენ, რის გამოც ცერემონიას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც ესწრებოდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ქუჩაში მოსახლეობის ტაშის კვრისა და ოვაციების ფონზე აღლუმს შეუერთდნენ. შეკრებილებმა ორწუთიანი დუმილით ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

დონალდ ტუსკმა სიტყვით გამოსვლისას ევროპის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა.

„ევროპის კომფორტის, უდარდელობისა და მხიარულების დრო დასრულდა. დღესაა დრო ევროპული მობილიზაციის ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ შევქმენით ევროპული საზოგადოება ომის, ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ თუ გვსურს, გადავრჩეთ ამ ბნელ პერიოდში, უნდა ვიყოთ მტკიცე და ძლიერნი“, – ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

გამარჯვების დღე შეხსენებაა იმის, თუ რა მოაქვს ექსტრემისტულ ნაციონალიზმსა და ძალადობას. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ისეთი სახელმწიფოები, როგორიც რუსეთია, ამ დღეს სწორედ ნაციონალიზმისა და ნოსტალგიის გასაღვივებლად იყენებს.

გამარჯვების დღე რუსეთში, ევროპისგან განსხვავებით, 9 მაისს აღინიშნება და მის აღსანიშნავად მოსკოვის წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ეწყობა.

„გამარჯვების დღე მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირის მთავარი მიღწევაა, რომელიც მუდამ აღინიშნებოდა. თუმცა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის ზეიმი აქცია სამოქალაქო რელიგიად, რომელიც აღვივებს პატრიოტიზმს, ნაციონალიზმს, ნოსტალგიას და ამართლებს როგორც მის რეპრესიულ რეჟიმს, ისე რუსეთის ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ“, – ამბობს ალექსანდერ გაბუევი, რუსეთის ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

ვლადიმერ პუტინისთვის 9 მაისის სამხედრო აღლუმი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაცაა. თავდაპირველად, აღლუმს მსოფლიო ლიდერებიც ესწრებოდნენ. 2005 წელს მას დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, 2010 წელს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. თუმცა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა მოსკოვში ჩასვლა შეწყვიტეს. თუმცა მოსკოვში ჩავიდნენ კონგოს, კუბის, მონღოლეთის, ვენესუელისა და სერბეთის ლიდერებიც. იქამდე სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, თვითმფრინავს ბაქოში დაშვება მოუწია, რადგან უკრაინის სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე დროებით დახურული იყო. 9 მაისის აღლუმს უნდა დასწრებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც, თუმცა მან ვიზიტი გააუქმა იმ მიზეზით, რომ მამის, ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა.

ამ ქვეყნების გარდა მოსკოვში ჩავიდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „მთავარი სტუმარი” უწოდა. სი ძინპინი მოსკოვში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:02
spot_imgspot_img
Send this to a friend