მთავარიევროპარუსეთირა ადგილი უჭირავს 9 მაისს რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში

რა ადგილი უჭირავს 9 მაისს რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში

გამარჯვების დღეს ცხრა მაისს რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნავს. ეს თარიღი რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია და ტრადიციულად მასშტაბური სამხედრო აღლუმებით აღინიშნება.

ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას რუსეთის პრეზიდენტი იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, ქვეყანაში პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის გასაძლიერებლად და საბჭოთა კავშირის შემდეგ დაკარგული დიდების აღსადგენად.

წელს ეს დღე რუსეთის პრეზიდენტისთვის ერთგვარი გზავნილიცაა იმის თაობაზე, რომ რუსეთი მსოფლიოსგან იზოლირებული არაა. ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში მიწვეულები არიან ჩინეთის, ბრაზილიისა და შუა აზიის ქვეყნების ლიდერები და ეს მაშინ, როდესაც დასავლელი ლიდერები უკვე წლებია, ამ ღონისძიებას არ ესწრებიან.

ევრონიუს ჯორჯია მოგიყვებათ, რა ადგილი უჭირავს ცხრა მაისს რუსეთის ისტორიულ და პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„9 მაისის აღნიშვნა ეროვნული ფსიქიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მეორე მსოფლიო ომში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით 27 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ რუსეთში არ არსებობს ოჯახი, რომელიც ომისგან ხელუხლებელი დარჩა. ვიღაც ვეტერანია, ბევრ ოჯახს ჰყავს ვინმე, ვინც ომში დაიღუპა ან დაიჭრა. სწორედ ამიტომ, ეს არის უახლესი ეროვნული მეხსიერება, რის გარშემოც მთელი ერი ერთად არის შეკრებილი

და ნაიარევები ჯერ ისევ არსებობს. ეს ასევე საბჭოთა კავშირის მთავარი მიღწევაა მე-20-ე საუკუნეში… და ბოლოს მივდივართ ვლადიმერ პუტინამდე, რომელმაც 9 მაისის აღნიშვნა სამოქალაქო რელიგიად აქცია, რითაც აძლიერებს პატრიოტიზმს, ნაციონალიზმს, ნოსტალგიას და ამართლებს როგორც მის რეპრესიულ რეჟიმს ქვეყნის შიგნით, ასევე რუსეთის სულ უფრო ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას საზღვარგარეთ, განსაკუთრებით მეზობლების მიმართ“,- ამბობს კარნეგის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი, ალექსანდრ გაბუევი.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ამ 80 წლიდან 25 წლის განმავლობაში მართავს რუსეთს, გამარჯვების დღე თავისი მმართველობის მთავარ საყრდენად აქცია. ეს დღე მხოლოდ წარსულის მოგონება კი არა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ამბიციების გამართლებაცაა.

ის ცდილობს. ეს დღე გამოიყენოს უკრაინაში წამოწყებული ომის გასამართლებლად. წელს ვლადიმერ პუტინმა სცადა ეჩვენებინა, რომ დასავლეთის მცდელობა რუსეთის იზოლაციისა წარუმატებელია. სწორედ ამიტომ მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და სხვა მსოფლიო ლიდერები მიიწვია. ეს კი პუტინის გზავნილია: „რუსეთი კვლავ გამარჯვებულთა რიგებშია.“

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი არ არის იზოლირებული, რომ რუსეთი აღიქმება ლეგიტიმურ, გამარჯვებულ ქვეყნად, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა შორისაა. შემდეგ კი ცდილობს აჩვენოს, რომ ევროპის მცდელობა რუსეთის გარიყვისა და მეხსიერებიდან მისი წაშლისა უბრალოდ არასწორია და რომ მას მხარს უჭერს მსოფლიო უმრავლესობა. ამასთან კიევის მთავრობის ნაცისტურ რეჟიმად წარმოჩენა ვლადიმერ

პუტინისთვის ერთგვარი ხრიკი გახდა, რათა გაემართლებინა უკრაინის მიმართ სულ უფრო მკაცრი პოლიტიკა, საბოლოოდ კი ყირიმის ანექსია და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა“, – აცხადებს ალექსანდრ გაბუევი.

გამარჯვების დღის აღლუმზე კი ვლადიმერ პუტინი სწორედ ამ დაუმარცხებლობის შეგრძნების წარმოჩენას ცდილობს. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთისა და დასავლეთის კავშირები გაღრმავდა და გამარჯვების დღის აღნიშვნას ბევრი დასავლელი ლიდერი დაესწრო. 1995 წელს სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონ მეიჯორი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჟან კრეტიენი. 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაესწრო 9 მაისის აღლუმს საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, ხოლო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2010 წლის აღლუმზე წითელ მოედანზე იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლელმა ლიდერებმა ღონისძიებაზე დასწრება შეწყვიტეს. წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთში ჩინეთის, ბრაზილიისა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებს ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend