„ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს.
ამ განცხადებიდან მეექვსე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში „თანამდებობის პირთა შეურაცხყოფის“ მიზეზით, სარჩელი 20-მდე პირის წინააღმდეგ შევიდა.
„ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი, მათ შორის თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი და მამუკა მდინარაძე სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
ძალოვანმა უწყებამ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადასცა, სადაც დაბარების შესახებ ინფორმაცია ბრალდებულებმა პროცესების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს.
მათი ნაწილი სასამართლოში არ გამოცხადდა, – არგუმენტით, რომ დაწყებული გამოძიება უსაფუძვლოა. 12 ივნისს, ერთსა და იმავე დროს დანიშნული პროცესები, სასამართლომ გადადო და თვის სხვადასხვა დღეზე გადაანაწილა. გამონაკლისის სახით კი მხოლოდ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმა.
უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ სამართალწარმოებას „მასობრივი ცენზურის პრეცედენტს“ უწოდებენ.
„საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.
გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა…
“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს…“ – წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
„ქართული ოცნება“ კვლავ აცხადებს, რომ მათი სარჩელების მიზანი ე.წ. „ექსტრემიზმთან“ და ბულინგთან ბრძოლა, ასევე „სუვერენიტეტის განმტკიცებაა“. პარტიაში ისევ ამბობენ, რომ საქართველოში სიძულვილის ენას დასავლელი პარტნიორები ნერგავენ, მათ ე.წ. „გარე აქტორებად“ მოიხსენიებენ და ევროპელ დიპლომატებს აგრესიული კამპანიის წარმართვაში ადანაშაულებენ.
„ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ემოციურად დაზიანებული ადამიანები არიან, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში. გულწრფელი, ემოციურად დაზიანებული ადამიანებიც არსებობენ, თავისუფალი ხალხი რომ არის ზოგიერთი. საქმეც ესაა, მოწყვლადი ადამიანების ჯგუფია. მათ შორის, ამის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი რაიმეში ევროკავშირის საელჩომ ფული უნდა დახარჯოს, უნდა დახარჯოს ამ ადამიანების ბრაზის მართვის თერაპიაში. იმიტომ, რომ ემოციურად დაზიანებული მოწყვლადი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს…“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტიის სარჩელებს ოპონენტები „საგანგაშო ამბავს“ უწოდებენ და „სიტყვის თავისუფლებაზე მასობრივ შეტევად“ აღიქვამენ.
„სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია და ამავდროულად აჩვენებს, რამდენად ტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები და როგორ უნდათ საზოგადოების თავისუფალი ნების გატეხვა. ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. იმდენად სცილდება საღ აზრს და იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ანალიზი საჭიროც კი არ იყოს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის ეს ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური და პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქარველოს კანონს, რომლითაც ნებისმიერი აზრი, შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით – ანუ ნებისმიერი სხვა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან მოქალაქე სრულად და უპირობოდ თავისუფალია.“ – წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ფეისბუკზე“.
სარჩელების საფუძვლად პარტია მის მიერვე 2025 წლის თებერვალში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ასახელებს, რის თანახმადაც საჯარო სივრცეში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში დასჯადი გახდა. სამართალდარღვევა 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ფონზე კი საერთაშორისო პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ ისევ და ისევ მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ დემოკრატიული განვითარების გზას, შეწყვიტონ ოპონენტებისა და მოქალაქეების კრიტიკული აზრის დევნა.