ისრაელი უახლოეს დღეებში ირანზე თავდასხმისთვის ემზადება – ექსპერტები ელიან, რომ ახლო აღმოსავლეთში მორიგი კონფლიქტის გაღვივება, გზას ჩაუკეტავს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს – მიაღწიოს შეთანხმებას თეირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ.
ისრაელის შესაძლო შეტევის და ირანის მხრიდან შურისძიების პერსპექტივის გამო არსებული შეშფოთების ფონზე, აშშ-მა ერაყიდან დიპლომატების გაწვევის შესახებ ბრძანება უკვე გასცა. ამ დროისთვის, უცნობია, თუ რამდენად მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება ისრაელი, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის დარწმუნებას ცდილობდა: ესარგებლა მომენტით, და მიეტანა იერიში ირანზე.
თავდაპირევლად, ტრამპმა ნეთანიაჰუს წინადადებები თეირანთან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილის საფუძველზე უარყო, თუმცა ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის და ბირთვული იარაღის წარმოების შეწყვეტის პერსპექტივასთან დაკავშირებით ნაკლებად ოპტიმისტურია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ტრამპის ადმინისტრაციის წინადადება უარყო, რომელიც თეირანისთვის ურანის გამდიდრების შესაძლებლობას ფაქტობრივად გააქრობდა.
ამასთან, გაეროს ბირთვული ენერგიის ზედამხედველობის ორგანოს მმართველთა საბჭომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის და გერმანიის წინადადების საფუძველზე, მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ირანი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს აღარ ასრულებს. ამას შესაძლოა შემდგომი დაძაბულობა და თეირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ხელახლა ამოქმედება მოჰყვეს. თუმცა, როგორც ირანის მაღალჩინოსნების ამბობენ, გაეროს კრიტიკის და აშშ-ის მოთხოვნების მიუხედავად, თეირანი ურანის გამდიდრების უფლებაზე უარის თქმას არ აპირებს და ახალი ობიექტების გახსნასაც გეგმავს.
„ამჟამად ჩვენ ორი გამდიდრების ობიექტი გვაქვს, დავამატებთ მესამესაც. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება, რადგან აქ უსაფრთხოების უმაღლესი დონე იმოქმედებს. გამდიდრებული მასალის წარმოება მასიურად და შესამჩნევად გაიზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი გზავნილი ასეთია: რამხელა ზეწოლაც არ უნდა მოახდინოთ, ის უშედეგო იქნება და ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გონს მოეგებიან”, – განაცხადა ბეჰრუზ კამალვანდიმ, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.
პასუხად შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა რაიმეს გაკეთებას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების მიზნით – აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს თეირანისთვის ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას.
მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კი კვირას ომანის დედაქალაქ მუსკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრას გეგმავს – ისინი ამერიკის ბოლოდროინდელ წინადადებაზე ირანის პასუხს განიხილავენ.
თუმცა, როგორც ექსპერტები მოელიან, ირანის პოზიცია უცვლელი დარჩება. თეირანი კვლავ აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო დანიშნულებას ასრულებს.