„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“- ამ სიტყვებით 21 წლის მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა, მას შემდეგ, რაც საბოლოო სიტყვის წარმოთქმა დაასრულა. მას სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მათე დევიძემ დარბაზის დატოვებამდე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის და სხვა აქტივისტები უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ „ვიღაცის ბრძანება უნდა შესრულებულიყო”.
მათე დევიძე ერთ-ერთია იმ 16 პირიდან, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. თავდაპირველად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იყო საუბარი, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. თუმცა 48 საათის შემდეგ ეს ბრალდება შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით, მათე დევიძემ სამართალდამცველებს დროშის ტარი დაარტყა.
საქმის განხილვას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, მათე დევიძისთვის გამოტანილი განაჩენი ქვეყნის დემოკრატიულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა.
“ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის და ის სახელმწიფო აღარ არის. ყველა გადაიხდის ამ ფასს…”– განაცხადა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მათეს მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.
სხდომის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიასა და შიდა სივრცეში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები და მოქალაქეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
მათე დევიძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათესა და საპროტესტო აქციებისას სხვა დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაგრძელდება.