მთავარისაქართველოევროკავშირში ქართველების უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების საკითხი კვლავ განიხილება

ევროკავშირში ქართველების უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების საკითხი კვლავ განიხილება

საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უვიზოდ მიმოსვლა შესაძლოა ცალმხრივად შეჩერდეს. ამის ერთ-ერთი მხარდამჭერი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკია, რომელსაც 11 ივნისს სეიმმა, იგივე პარლამენტმა, მთავრობის მეთაურის მანდატი ხელახლა გამოუცხადა. მან დეპუტატების წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ მიგრაციის შესაჩერებლად ზომებს მიიღებს. განსაკუთრებით კი საქართველოს საკითხი გამოყო და აღნიშნა, რომ მიგრაციის გარდა, საქართველოსთან დაკავშირებით, ავტორიტარული ნიშნების მქონე ხელისუფლებაც პრობლემაა.

“სრულიად მზად ვარ, რომ ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მიგრაციის ეს ტალღა, მინიმუმამდე შევამციროთ. 4 დღის წინ კრიმინალურ აქტივობებში ეჭვმიტანილი 50 ქართველი იქნა დეპორტირებული. საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. იმის სრულად გათვალისწინებით, რომ ქართველების ერთი მესამედი ის ხალხია, ვისაც სრულად სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ვიცით, რა არის პრობლემა.ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ბოდიში ქართველებთან, ვისაც შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მთლიანობაში ხალხის უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლმლებიც, როგორც საქართველო, აღარ სცემენ პატივს ევროპულ სტანდარტებს, რომლებიც ავტორიტარული მმართველობისკენ იხრებიან. ეს ეროვნულ დონეზე მისაღები გადაწყვეტილება არ არის”, – განაცხადა ტუსკმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე ქართველების ევროზონაში უვიზოდ მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საკითხი აქტუალურია. მანვე აღნიშნა, რომ უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს აქვთ შეჩერებული საქართველოს მთავრობიდან. მიზეზი კი დემოკრატიული უკუსვლაა.

“მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე თქვენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას არაფერი ემუქრება. ვიზები საჭირო იქნება მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებზე,”-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ქართული ოცნების“ სამთავრობო და საპარლამენტო ლიდერები პასუხობენ დონალდ ტუსკის ამ განცხადებას და ამბობენ, რომ ეს შანტაჟია. ისინი მოუწოდებენ ევროპელ ლიდერებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს და გაუფრთხილდნენ ქართველი ხალხის თვალში ევროკავშირისა და მათი ქვეყნების იმიჯს.

“ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე საქართველოში. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ევროპული ღირებულებებიდან გადახვევისა და დემოკრატიის დაზიანების გამო, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და არა ქართველმა ხალხმა. ასეთია შეფასება საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მოსაზრების საპასუხოდ.

„ის, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის პოლონეთი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ამდენი წელია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ცხადია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” პასუხისმგებლობა. ეს არის “ოცნების” საგარეო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დააშოროს ევროპას, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და ქვეყნის იზოლაციაზე. საბოლოოდ, ეს მოიტანს იმას, რომ საქართველო იქნება მარტო ყველა იმ სიკეთის გარეშე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გარეშე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ევროპელებისგან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და ამ საკითხის მათი მხრიდან ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს უკვე არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს,” – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ.

პოლონეთი ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ამ გაერთიანების ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. საქართველოსთან უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების საკითხი, რამდენიმე თვეა აქტუალურია ევროკავშირის სახელმწიფოებში. თუმცა, ჯერ მხოლოდ გამაფრთხილებელი განცხადებები ისმის. უცნობია, მიეცემა თუ არა ქმედითი მსვლელობა საქართველოს მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევის – ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend