მთავარიმსოფლიოორ ბირთვულ სახელმწიფოს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა მწვავდება

ორ ბირთვულ სახელმწიფოს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა მწვავდება

მას შემდეგ რაც ჯამუსა და ქაშმირში ტერორისტულ თავდასხმას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ინდოეთი პაკისტანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამცირებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ამბობს, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა თითოეული ტერორისტი და მათი ყველა მხარდამჭერი დაისაჯოს – ვინც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, ადამიანების, დიდწილად ტურისტების, სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

„ვეუბნები მთელ მსოფლიოს, ინდოეთი გამოავლენს, იპოვის და დასჯის ყველა ტერორისტს და მათ მხარდამჭერებს. ჩვენ მათ დევნას დედამიწის კიდეებამდე გავაგრძელებთ. ტერორიზმი ინდოეთის სულისკვეთებას ვერ გასტეხს. ტერორიზმი დაუსჯელი არ დარჩება. ყველა ძალისხმევას მოვიხმართ, რათა აღსრულდეს სამართლიანობა. მთელი ერი მტკიცედ დგას ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ნაკლებად ცნობილმა სამხედრო დაჯგუფებამ „ქაშმირის წინააღმდეგობამ“ აიღო. მათ სოციალ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში უკმაყოფილება გამოთქვეს რეგიონში ე.წ. „გარედან ჩამოსული“ პირების დასახლების გამო, რაც მათი თქმით, არასასურველ დემოგრაფიულ ცვლილებებს იწვევს.

თუმცა, ინდოეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება ოფიციალურ პაკისტანს ემსახურება.

ტერორიზმის საპასუხო ქმედებების ფარგლებში – ინდოეთის საგარეო მდივანმა ვიკრამ მისრიმ განაცხადა, რომ ნიუ-დელი აჩერებს „ინდის წყლის შეთანხმებასაც“, რომელიც 1960 წლიდან მოყოლებული პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლის გამოყენების უფლებას აძლევს.

„1960 წლის „ინდუს წყლების ხელშეკრულების“ შეჩერება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და ასე იქნება, ვიდრე პაკისტანი სარწმუნოდ და უპირობოდ არ იტყვის უარს სასაზღვრო ტერორიზმის მხარდაჭერაზე“, – განმარტა ვიკრამ მისრიმ.

პაკისტანი მილიტარისტული ძალადობის მხარდაჭერის ბრალდებებს უარყოფს. ათობით დემონსტრანტი ისლამაბადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ნიუ-დელის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოვიდა.

დემონსტრანტები ითხოვენ, ნარენდრა მოდიმ დაუყოვნებლივ გააუქმოს „ინდის წყლის შეთანხმების“ შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მათი თქმით, უამრავ ადამიანს, სასმელი წყლის გარეშე დატოვებს.

„წყლის ხელშეკრულების გაუქმება ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ნაწილია. ამის გაკეთება პრემიერ-მინისტრ მოდის 2019 წელსაც სურდა, მას უნდოდა ქაშმირზე სრული კონტროლი დაემყარებინა. ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა. პაკისტანი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა – მას სურს, ეს ქვეყანა უდაბნოდ აქციოს, გააჩაღოს ომი“, – განაცხადა პაკისტანის მუსლიმთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა.

„თუ ინდოეთი ამ საშინელებას ჩაიდენს, ჩვენ ჩუმად არ ვიჯდებით. ამას მსოფლიოც ყურადღებით უნდა დააკვირდეს. ეს არ უნდა მოხდეს, რადგან უამრავ ადამიანს შეუწყდება წვდომა წყალზე. მოდიმ დაუყოვნებლივ უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები და ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევახსენებთ, რომ პაკისტანი ბირთვული ქვეყანაა…“, – ამბობს პროტესტის მონაწილე.

ნიუ დელისა და ისლამაბადს შორის მყიფე დიპლომატიური ურთიერთობები 2019 წლიდან სულ უფრო სუსტდება – მას შემდეგ, რაც ინდოეთმა ქაშმირს ნახევრად-ავტონომიური სტატუსი გაუუქმა.

თუმცა, 22 აპრილის თავდასხმის შემდეგ – მზარდი დაძაბულობის ფონზე – ნიუ დელიმ და ისლამაბადმა საკუთარ მოქალაქეებს ერთმანეთის ქვეყნებში მიმოსვლის ვიზები გააუქმეს.

ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველა პაკისტანელი, ვინც ამჟამად ინდოეთში იმყოფება – ტერიტორია ვიზების განახლებული ვადების ამოწურვამდე უნდა დატოვოს.

ნიუ დელიმ შეამცირა პაკისტანში დიპლომატიური პერსონალის რაოდენობაც, 55-დან 30-მდე. პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა პაკისტანის დიპლომატიური მისიის თავდაცვის მრჩეველიც.

ექსპერტები შიშობენ, რომ უახლესმა ინციდენტმა შესაძლოა ორ ბირთვულ მეზობელს შორის, რომლებიც დიდი ხანია ერთმანეთს დესტაბილიზაციის მცდელობებში ადანაშაულებენ – კონფლიქტის კერა კიდევ ერთხელ, ხელახლა გააღვივოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend