საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია – ინფრასტრუქტურის მინისტრი გადადგა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ირაკლი ქარსელაძემ მას ამ გადაწყვეტილების შესახებ, გუშინ, 23 აპრილს აცნობა. არც მთავრობის მეთაურს და არც ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილ მინისტრს, თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრიათ.
ირაკლი ქარსელაძემ გამოსამშვიდობებელი სიტყვისას მადლობა გადაუხადა პარტია „ქართულ ოცნებას“, მის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, მთავრობის შემადგენლობას, სამინისტროს თანამშრომლებსა და უწყების პარტნიორ ორგანიზაციებს.
„წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ამ შესაძლებლობისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად „ოცნების“ გუნდს. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ და შეიძლება ითქვას ქვეყანა განვითარების თვისობრივად მაღალი დონეზე ავიდა“, – განაცხადა უკვე ყოფილმა მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების ახალი ხელმძღვანელიც წარადგინა. პრემიერ-მინისტრის ცნობით, ამ თანამდებობას თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი, რევაზ სოხაძე დაიკავებს.
„კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს. მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში, რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა“, – თქვა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ახლადდანიშნულმა მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.