24 აპრილს მედიასთან გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სამუშაო პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მისი თქმით, პლატფორმაში შემავალი ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. საკითხთა შორის მნიშვნელოვანია, პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა პატიმრობიდან გათავისუფლება.
„წინააღმდეგობის პლატფორმამ“ დააგზავნა წერილი უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს კონტაქტთან სხვადასხვა ქვეყანაში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან საპარლამენტო ხელისუფლებაში… მთავარი მოთხოვნები, რომლებსაც აჟღერებს „წინააღმდეგობის პლატფორმა“ და რომლებიც ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნებია, ეს არის -არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება, ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ეს ქვეყანა ამ ღრმა კრიზისიდან გამოვა. ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე ძალიან დიდხანს გრძელდება. ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს ცივილიზებულ ქვეყნად, მიუღებელია ასე ისხდნენ ახალგაზრდები ციხეში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საკითხიც ასევე, დგას წინა პლანზე. არავის უნდა დავავიწყოთ ამ ძალიან რთულ პირობებში მყოფი ჟურნალისტის სახელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად „წინააღმდეგობის პლატფორმა“ აქტიურად განიხილავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის რუსთაველის გამზირზე აღნიშვნის საკითხს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისის დაგეგმვა მნიშვნელოვანია, რადგან დღეს „დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ, არალეგიტიმური ხელისუფლების გამო“.
სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო იერიშს უკრაინაში. მან კიდევ ერთხელ დაგმო კრემლის აგრესია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კვლავ თქვა, რომ ქართველი ხალხი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს.
„კიევისა და უკრაინის კიდევ 9 რეგიონის ასეთი სასტიკი დაბომბვა, რუსეთის სასტიკი პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც სრულიად მიუღებელია ისევე, როგორც სრულიად მიუღებელია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს უკრაინის სუვერენიტეტი. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ სრულიად სოლიდარულები ვართ უკრაინის დღევანდელი პოზიციებისა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
24 აპრილის ღამით უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზეც გამოეხმაურა.