საქართველოში კვლავ აპროტესტებენ 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. შაბათ- კვირას თბილისის ქუჩები ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა მოიცვა.
9 ნოემბერს სამი ოპოზიციური კოალიციის ორგანიზებით, პოლიტიკური ლიდერები და მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანსა და მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. დედაქალაქის ორი სხვადასხვა წერტილიდან დაძრულმა ხალხის ნაკადმა თავი საბოლოოდ გმირთა მოედანზე მოიყარა.
ოპოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საზოგადოების უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობას. პარალელურად კი თავად პოლიტიკოსები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვებაზე მუშაობენ და დიპლომატიურ და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
„ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია, ვინც ხმა მისცა პროევროპულ მოძრაობას, უნდა იყოს ნებისმიერ პროტესტზე. ბევრნაირი აქცია იქნება – პარტიული თუ აპარტიული. სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებები უნდა გამოვიდნენ. „ქართული ოცნება“ მიტაცებულ არჩევნებთან ერთად უნდა იყოს მარტო!“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ პარალელურად ორ ასპარეზზე, ერთი მხარეა საერთაშორისო, სადაც უნდა შევინარჩუნოთ არ აღიარების პოლიტიკა ამ არჩევნების. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის მეორე მხარე, რომელიც ადგილობრივი ასპარეზია, შეუგუებლობა არჩევნების ტოტალური მოპარვის მცდელობასთან, ამისთვის მუდმივი აქციები და მსვლელობებია საჭირო“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
„გვაქვს ქვეყანა, სადაც რუსული ხელისუფლება მოქალაქეებს თავს ახვევს ნებას, რომელიც საზოგადოებას არჩევნებზე არ გამოუთქვამს. ეს ხალხი არის მომხრე, რომ საქართველო იყოს ევროკავშირისა და ნატოს თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი. რუსული ხელისუფლება კი ამ ხალხს ეუბნება, რომ იქით ვერ წავლენ და უნდა იყვნენ ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
საპროტესტო აქციის კიდევ ერთ კერად 10 ნოემბერს თავისუფლების მოედანი იქცა. ამჯერად მისი ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიტოვე“ სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ. ამასთან აქციას ოთხივე ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებიც ესწრებოდა. პოლიტიკოსების მსგავსად, მოძრაობა „დაიტოვეს“ წევრებიც ფიქრობენ, რომ დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში ყოველდღიური ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია. მათაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ქართველი ხალხის არჩევანი მიიტაცა და არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.
10 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ გადაინაცვლეს, მოგვიანებით კი მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, 26 ოქტომბერს წართმეული პოლიტიკური არჩევანით, საქართველოს მოქალაქეებს ევროპული მომავალიც წაართვეს.
„ყოველდღიური პროტესტი არის ზუსტად ის, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველა გაერთიანდება. ადამიანები დაინახავენ, რომ ყველა საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. არამხოლოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს, არამედ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფმა, რიგითმა მოქალაქეებმა – გააპროტესტონ იქ, სადაც შეუძლიათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გავაგონოთ ხმა ყველას – არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვეგუებით მოპარულ არჩევნებს“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელმა, ნენსი ვოლენდმა.
„ყოველდღიური პროტესტის ფორმა არის იმის გამოხატულება, რომ მოქალაქეები ერთმანეთს, ვინც გაყალბებული არჩევნებისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგაა, აგებინებენ, რომ ბევრნი ვართ. ეს პროტესტი იწვევს ქალაქის ყოველდღიურ პარალიზებას, რაც, ბუნებრივია, ქალაქში შეფერხებებს აჩენს და, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საწყისი იმ ნაბიჯებისა, რომლებიც შემდეგში ქართველ ხალხს აუცილებლად მოუტანს გამარჯვებას“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ჟამერაშვილმა.
„ქართველ ხალხს აქვს თვისება, იგრძნოს, როდის და რა არის საჭირო და სახიფათო ქვეყნისთვის. ჩვენ გვინდა დემოკრატია. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უნდა დემოკრატია. მათთვის [ხელისუფლებისთვის] ეს გაუგებარია. ამისთვის საჭიროა, ყველა ქართველი – ახალგაზრდა თუ ხანში შესული, პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, მნიშვნელობა არ აქვს, – გამოვიდეს ქუჩაში. მთავარია, ჩვენი აზრი და სათქმელი დავაფიქსიროთ“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტის ძმამ და საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ოთარ ზურაბიშვილმა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე 2 კვირაა გავიდა. ამდენივე დროა დარჩენილი იქამდე, სანამ ცესკო შემაჯამებელ ოქმებს გამოაქვეყნებს. შემდეგ პარლამენტის სხდომა უნდა დაინიშნოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს მუშაობის უფლებას არ მისცემენ.