გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა სიტყვით.
COP 29-ის კონფერენციაზე გამოსვლისას, პრემიერის განცხადებით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ქვეყნის კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული.
სიტყვით გამოსვლამდე, მთავრობის მეთაურმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად დგამს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი – მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების ხელშეწყობას, რომლის თანახმად ევროპა იქნება პირველი კონტინენტი, რომელიც ნულოვან ემისიას მიაღწევს.
ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის გამო, მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, აღნიშნულ რეგიონებში, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, განახორციელოს ღონისძიებები, რომელთა მიზანია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირება და მისი შედეგების შემსუბუქება.
კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ზომების დაფინანსება ახალი კოლექტიური ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ეს კონფერენცია წარმატებულად. ახალი მიზანი უნდა იყოს ამჟამინდელი 100 მილიარდი დოლარის ნიშნულის მნიშვნელოვანი ზრდა და გლობალური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა პარიზის შეთანხმების მიზნებთან თანხვედრის მიზნით. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ წინა კონფერენციაზე აღიარებულ იქნა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ კლიმატის ცვლილების ეფექტური დაძლევის მიზნით. წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების წვდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებაზე და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ამ ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსების ეფექტური გამოყენება შეძლონ“, – განაცხადა პრემიერმა.