გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება, დღევანდელი სესიის ფარგლებში სიტყვით კვლავ წარსდგა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში.
მკაფიოდ შეცვლილი კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, COP 29-ის მონაწილეებთან მიმართვისას ანტონიო გუტერეშმა ხაზი გაუსვა პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოების ჩართულობის მნიშვნელობას. მისი თქმით, კლიმატის ცვლილებით ყველაზე მეტად პატარა და განვითარებადი სახელმწიფოები ზარალდებიან.
“თქვენი ერები, პატარა კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნები ცხადად აჩვენებენ, თუ როგორ გამოიყურება კლიმატის ამბიცია. თქვენ ხართ პირველები, ვინც რეაგირებთ და მსოფლიოს უხმობთ მხარდაჭერის მოპოვებისთვის. ჩვენ უნდა გამოგყვეთ და დაგიჭიროთ მხარი. პირველ რიგში, საერთო ძალისხმევის გარეშე 1,5 გრადუსიანი მაჩვენებლის მიღწევა ვერ მოხდება. ამისთვის კი აუცილებელია გლობალური გამონაბოლქვის ვარდნა 9%-ით.
მეორე, ეს არის სამართლიანობა, თქვენ იმსახურებთ მხარდაჭერას იმ კრიზისის დასაძლევად, რომლის შექმნაშიც თითქმის არ მიგიძღვით წვლილი. ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ დანაკარგს და ზარალს. თავდაპირველად დაპირებული თანხა უნდა გამოიყოს დიდი და ინდუსტრიული ქვეყნების მიერ.
ჩვენ გვჭირდება განსხვავებული დაფინანსება COP29-ის ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს ტრილიონობით დოლარის მობილიზება მოვახდინოთ განვითარებადი ქვეყნების საჭიროებების დასაფინანსებლად“- განაცხადა გუტერეშმა.
დღევანდელ სესიას სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, შეუერთდა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. მისი განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიები და წარმოება ისე უნდა შემუშავდეს, რომ 2030 წლამდე შესაძლებელი გახდეს ბიოსაწვავის დიდი დოზით ჩართვა ტრანსპორტირებასა და მრეწველობაში, რათა შემცირდეს მავნე აირების ემისია.
„ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი სწორი მიდგომაა, რადგან ამჟამად არ არსებობს წიაღისეული საწვავის გამოყენების სხვა ალტერნატივა. ჩვენ უნდა გვქონდეს რეალისტური გლობალური პერსპექტივა. 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 8,5 მილიარდს მიაღწევს და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტიც გაორმაგდება მომდევნო ათწლეულში. ეს გაზრდის ენერგიაზე მოთხოვნილებას. ხელოვნური ინტელექტის მზარდი პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენ გვჭირდება ფინანსური ვალისა და ენერგეტიკული წონასწორობის დაბალანსება. იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ყველა არსებული ტექნოლოგია, მხოლოდ განახლებადი ენერგია არ იქნება საკმარისი. საჭიროა. ბიოსაწვავი, წყალბადი, CO2-ის შემსუბუქება და მომავალში ბირთვული ენერგიის შერწყმაც, რასაც შეუძლია სუფთა, უსაფრთხო და უსაზღვრო ენერგიის წარმოება“, – განცხადა ჯორჯია მელონიმ.
ტრიბუნაზე სხვა ლიდერებთან ერთად სიტყვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წარსდგა.
პრემიერმა COP 29-ის მონაწილე პოლიტიკურ ლიდერებს განუცხადა, რომ საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საყოველთაო ძალისხმევაში, რათა შემცირდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესები.
„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი – მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების ხელშეწყობას, რომლის თანახმად ევროპა იქნება პირველი კონტინენტი, რომელიც ნულოვან ემისიას მიაღწევს.
ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის გამო, მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, აღნიშნულ რეგიონებში, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, განახორციელოს ღონისძიებები, რომელთა მიზანია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირება და მისი შედეგების შემსუბუქება.
წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების წვდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებაზე და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ამ ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსების ეფექტური გამოყენება შეძლონ“, – განაცხადა პრემიერმა.
ის, რაც გაეროს კლიმატის წლევანდელ კონფერენციას გამოარჩევს, არის წამყვანი ქვეყნების ლიდერების ნაკლებობა. არც ჩინეთის, არც შეერთებული შტატების ლიდერები COP 29-ის სამიტს არ ესწრებიან.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი ამ ქვეყნების მიერ გარემოს დაბინძურებაში ყველაზე დიდი წვლილის შეტანაა, რისთვისაც ყველაზე მეტი ვალდებულება ეკისრებათ. საერთო ჯამში კონფერენციას 13 ინდუსტრიული ქვეყნის ლიდერი არ ესწრება. ეს კი ეჭვებს აჩენს, თუ რამდენად ერთსულოვანია მსოფლიო, დედამიწაზე კლიმატის დრამატული ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
ალეკო გვეტაძე